მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მომხმარებელი VS "დომინო" - რა გადაწყვეტილება მიიღო კონკურენციის სააგენტომ?

647f13a85f58c
ინგა მურუსიძე
05.06.23 12:09
2086
საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მომხმარებლის სასარგებლოდ, კომპანია „დომინოსთან“ პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა. საკითხი ეხებოდა დავით ცხადაიას განცხადებას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე.

კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით, კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, სააგენტოსა და მოვაჭრეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, კომპანიამ აიღო ვალდებულება შემდეგი ღონისძიებები განახორციელოს:

· შეცვალოს კომპანიის შიდა პოლიტიკა, შეუსაბამოს კანონის მოთხოვნებს;

· აღადგინოს იმ მომხმარებელთა უფლებები რომელთაც სავარაუდოდ, წარსულში მის მიერ კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად ზიანი მიადგა;

· ინფორმაცია მომხმარებელს ქართულ ენაზე - მკაფიოდ, გასაგებად და სრულად მიაწოდოს.

გაფორმებული პირობითი ვალდებულების შესაბამისად, მოვაჭრე ვალდებულია განხორციელებული ქმედებების შესახებ, 3 (სამი) თვის ვადაში, სააგენტოს შესრულებული ვალდებულებების მტკიცებულებები წარუდგინოს.

ინფორმაციისთვის: 2022 წლის ნოემბრიდან - 2023 წლის მაისის ჩათვლით, სააგენტოში 240 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც 149 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო. 7 თვის განმავლობაში, კონკურენციის სააგენტომ - მომხმარებლის სასარგებლოდ, 80 საქმეზე პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 44 შეთანხმება გააფორმა. 41 საქმეზე გაფორმებულ 22 პირობით ვალდებულებასთან დაკავშირებით საკითხი სრულად ამოწურულია. ამავე პერიოდში, სააგენტოს გადაწყვეტილებით, 23 საქმეზე დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 10 დარღვევის ფაქტი, ხოლო 3 შემთხვევაში დარღვევა არ დადასტურდა.