მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მომხმარებელთა უფლებების შესახებ კანონის ფარგლებში, კონკურენციის სააგენტოში 9 განაცხადი შევიდა

636a6f3a9ed9d
ლიკა გურაბანიძე
09.11.22 10:39
473
კონკურენციის სააგენტომ ონლაინ და ფიზიკურ ვაჭრობაზე მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონის აღსრულების ფარგლებში, 8 ნოემბრის მონაცემებით, 9 განაცხადი მიიღო. მათი უმეტესობა, ძირითადად, საყოფაცხოვრებო ტექნიკის ყიდვის ოპერაციებს ეხება.

როგორც bm.ge-ს კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ განუცხადა, ამ ეტაპზე სამსახური მიღებული განაცხადების განხილვაზე მუშაობს და, დაახლოებით, 1 თვის ვადაში ამ საკითხების შესწავლის შემდეგ, კონკრეტულ გადაწყვეტილებასაც მიიღებენ - დაასკვნიან, რეალურად, ბიზნესის მხრიდან იყო თუ არა დარღვევა.

“ჩვენ კონტაქტზე ვართ, როგორც განაცხადების წარმდგენ ფიზიკურ პირებთან, ასევე ბიზნესებთან. დადგენილ ვადებში და დადგენილი წესით აღნიშნულ საკითხებს განვიხილავთ. თვის ბოლოს, სრულ სტატისტიკას წარვადგენთ, ძირითადად, საიდანაა მომართვიანობა ფიზიკური თუ ონლაინ ვაჭრობის დროს, რომელი სექტორებია და როგორ ვითარდება პროცესები”, - განმარტა ლექვინაძემ.

ცნობისთვის, 1-ლი ნოემბრიდან კონკურენციის სააგენტომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონის აღსრულება დაიწყო. უწყებას განცხადებით შეუძლია მიმართოს ნებისმიერმა ფიზიკურმა პირმა. სააგენტო საკითხს შეისწავლის სავარაუდო დარღვევის ისეთ ფაქტებზე, რომელმაც გამოიწვია ან შესაძლოა გამოიწვიოს მომხმარებელთა ჯგუფის ინტერესების დარღვევა. კანონის მოქმედების ფარგლებში ონლაინ ვაჭრობის შემთხვევაში მაღაზია ვალდებული იქნება გაყიდული პროდუქცია 14 დღის ვადაში უპირობოდ დაიბრუნოს. იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესს დაუდგინდება დარღვევა, პირველ ეტაპზე მას გააფრთხილებენ, გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში სოლიდური საჯარიმო სანქცია, ბრუნვის 2% შემოდის. მომხმარებლის უფლებაა, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს საქონლის შეკეთება ან შეცვლა, იმ შემთხვევაში თუ ეს არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს არ მოითხოვს.