07.ივლისი .2022 13:52

მომხმარებლები და თამბაქოს ზიანის შემცირება

მომხმარებლები და თამბაქოს ზიანის შემცირება
views 401
უკან

დღეს თამბაქოს მოხმარება საქართველოში მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განცხადებით, საქართველო ევროპის რეგიონში თამბაქოს მოხმარების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ქვეყანაში დაახლოებით 800 000 მწეველია, ყოველწლიურად თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული დაავადებების შედეგად კი 11 400 ადამიანი იღუპება.

ამ პრობლემასთან გამკლავების მიზნით საქართველოში 2006 წლიდან მოქმედებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ შექმნილი თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენცია (FCTC), 2018 წლიდან კი ჯანმოს განცხადებით, საქართველოში ამოქმედდა ევროპის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საკანონმდებლო ინიციატივა. უფრო მეტიც, 2021-2025 წლისთვის შემუშავდა თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული დაავადებების პრევენციას.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული ინიციატივებისა და მკაცრი მარეგულირებელი ჩარჩოს არსებობის მიუხედავად, საქართველოში მწეველთა რაოდენობა გასული წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.

საყოველთაო ჯანდაცვისა და კეთილდღეობის მიღწევის პროცესში კი მნიშვნელოვანია, რომ როგორც საქართველოს ჯანდაცვის ინსტიტუტებმა, ასევე, საკანონმდებლო ორგანომ მოახდინოს თამბაქოს ზიანის შემცირების მიმართულებით საერთაშორისო პრაქტიკების ანალიზი და მსგავსი მიდგომების საქართველოში დანერგვაზე დაიწყონ მუშაობა.

თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული ზიანის შემცირების პროცესში ეფექტური სტრატეგიების შესახებ გამჭირვალე დისკუსიის ხელშეწყობის მიზნით, 2022 წლის ივნისში, ვარშავაში გაიმართა “გლობალური ფორუმი ნიკოტინის შესახებ”, რომელსაც მეცნიერები, ჯანდაცვისა და საკანონმდებლო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათი განცხადებით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენცია არ ითვალისწინებს ზიანის შემცირების სტრატეგიის შესაძლებლობასა და პოტენციურ სარგებელს, შედეგად საფრთხის ქვეშ აყენებთ მილიონობით მწეველის სიცოცხლეს, რომლებიც არ ანებებენ თავს ტრადიციული სიგარეტის მოხმარებას.

“თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის მთავარი მიზანი თამბაქოს კონტროლის ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოების შემოღება იყო, რომელიც შეამსუბუქებდა თამბაქოს მოხმარების შედეგად მწეველის ორგანიზმისთვის მიყენებულ ზიანს. სამწუხაროდ, ეს მიზანი დღეს რადიკალურად სახიფათო მიდგომაში გადაიზარდა - ინსტრუმენტში, რომელიც ხელს უწყობს შემცირებული ზიანის მქონე თამბაქოს პროდუქტების წინააღმდეგ საკანონმდებლო ინიციატივების გატარებას”, - აღნიშნა კლივ ბეითსმა, საადვოკატო და საკონსულტაციო ორგანიზაციის “Counterfactual Consulting Limited” აღმასრულებელმა დირექტორმა.

მისივე განცხადებით, თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული ზიანის შემცირების პროცესში აუცილებელია თამბაქოს მომხმარებელთა უფლებების დამცველი ორგანიზაციებსა და ჯანმოს თამბაქოს ჩარჩო-კონვენციის ხელმომწერ მთავრობებს შორის აქტიური კომუნიკაცია, რათა ხელი შეუწყონ საკანონმდებლო ინიციატივების იმპლემენტაციის პროცესში მომხმარებლის სურვილისა და არჩევანის გათვალისწინებას.

მაგალითად, მხოლოდ ავსტრალიაში თამბაქოს შემცირებული ზიანის მქონე პროდუქტების მომხმარებელთა რაოდენობა ნახევარ მილიონს უტოლდება, თუმცა, როგორც ფიონა პატენი, ჩრდილოეთ მეტროპოლიტენის რეგიონის ვიქტორიანული პარლამენტის საკანონმდებლო საბჭოს წევრი, აღნიშნავს, თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობის მომხმარებელთა დიდი რაოდენობა არასაკმარისია იმისათვის, რომ ცვლილება განხორციელდეს.

“დღეს მსოფლიოში ვერ შეხვდებით ბევრ პოლიტიკოსს, რომელიც მზად არის საზოგადოებაში ჯანმოს გადაწყვეტილებები გააკრიტიკოს, რადგან მათთვის უფრო მარტივია, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებს ამოფარებულებმა ისაუბრონ”, - აღნიშნა ფიონა პატენმა.

ცვლილების განხორციელებისთვის საჭირო ინსტრუმენტებზე საუბრის დროს ბრიტანელმა ჟურნალისტმა ჰარი შაპირომ აღნიშნა, რომ საჭიროა მომხმარებელთა მხრიდან პოლიტიკოსებთან დიალოგის გამართვა როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო დონეზე.

“ცვლილების განხორციელება მხოლოდ საკანონმდებლო ტექსტებით შეუძლებელია. იმისათვის, რომ მოვახდინოთ ცვლილება, ამისათვის უპირველეს ყოვლისა საჭიროა მსოფლმხედველობის ცვლილება. დღევანდელი სამეცნიერო მიღწევები შესაძლებლობას აძლევს ჯანმოს, შექმნას ისეთი საკანონმდებლო ინიციატივები, რომელიც გაითვალისწინებს ზიანის შემცირების სტრატეგიის შესაძლებლობას. თუმცა, მათ არ აქვთ სურვილი, რომ ეს გააკეთონ”, - აღნიშნა კლივ ბეითსმა.

დღეს ნიკოტინის შემცველი ალტერნატიული პროდუქტები გვაძლევს შესაძლებლობას, გადავარჩინოთ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე. ამ მიზნის მისაღწევად კი აუცილებელია მთავრობების მხრიდან სწორი, მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული საკანონმდებლო ინიციატივების გატარება, რაც თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი მომავალის შექმნას შესაძლებელს გახდის.

იმისათვის, რომ საქართველომ შეძლოს თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გამკლავება, საჭიროა რადიკალური მიდგომებისგან გათავისუფლება, ზიანის შემცირების სტრატეგიის შესახებ სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაყრდნობით ღია და გამჭირვალე დისკუსიის წარმოება, რაც შესაძლებელს გახდის საქართველოში ყოველწლიურად ასობით ათასი ადამიანის სისცოცხლის გადარჩენას და თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი მომავლის მიღწევას.