მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მომხმარებლებმა BINANCE-დან $12 მილიარდის კრიპტოაქტივები გაიტანეს

63bea41a1e411
გიორგი თოლორდავა
11.01.23 16:43
1211
კრიპტოვალუტების საერთაშორისო ბაზარზე ვითარების შედარებით დასტაბილურების და აქტივების საერთო კაპიტალიზაციის 3%-იანი ზრდის მიუხედავად, მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტობირჟა Binance-ი ისევ გამოწვევის წინაშე დგას.

Forbes-ის გამოძიებამ დაასკვნა, რომ ბოლო ორ თვეში მომხმარებლებმა Binance-დან 12 მილიარდი დოლარის აქტივები გაიტანეს, რაც იმას ცხადყოფს, რომ კლიენტები კრიპტობირჟის მიმართ ნდობას კარგავენ და საკუთარი აქტივების სხვა პლატფორმებზე გადატანას ცდილობენ.

კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი, ჩანგპენგ ჟაო საჯაროდ ამტკიცებს, რომ Binance-ს საკმარისზე მეტი ლიკვიდობა აქვს და აქტივების გატანა ბირჟისთვის არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს. მიუხედავად ჟაოს მტკიცებისა, კლიენტთა და ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, Binance-ი ლიკვიდობის კრიზისის წინაშე აღმოჩნდება და კლიენტების მომსახურებას შეფერხებების გარეშე ვეღარ შეძლებს.

Binance-ის მიმართ ნდობის დაკარგვის ერთ-ერთი მკაფიო ინდიკატორი კომპანიის მიერ გამოშვებული კრიპტოვალუტის, BNB-ის გაუფასურებაა, რომელმაც ორ თვეში ღირებულების თითქმის 20% დაკარგა.

Binance-ის დაღმასვლის მიზეზი აშშ-ში მიმდინარე გამოძიებაა. გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი ფულის გათეთრების ბრალდებით Binance-ის წინააღმდეგ საქმის აღძვრას გეგმავს. როგორც ჩანს, საგამოძიებო პროცესში გამოვლინდა საერთაშორისო სანქციებისა და რეგულაციების დარღვევის შემთხვევები, მათ შორის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების მიმართულებით.

ცნობისთვის, Binance-ი მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტობირჟაა. Arcane Research-ის ინფორმაციით, ბიტკოინის ტრეიდინგის 92% Binance-ზე მოდის, ანუ ბიტკოინის ყიდვა-გაყიდვა რეალურად მხოლოდ ერთ საერთაშორისო პლატფორმაზე ხდება, რომელიც არცერთი სახელმწიფოს მიერ არ არის დარეგულირებული და კერძო საკუთრებაშია.

ანალიტიკოსების შეფასებით, ზემოხსენებული მონაცემები საგანგაშოა, რადგან ეს მოცემულობა ერთ კერძო კომპანიას მთელ ინდუსტრიაზე განუზომელ გავლენას ანიჭებს.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის იანვარში Binance-ზე ტრეიდინგის საერთო მოცულობის მხოლოდ 45% მოდიოდა, დარჩენილ 55%-ს კი ათამდე მსხვილი კრიპტობირჟა ინაწილებდა, თუმცა მათი ნაწილის გაკოტრებამ და Binance-ის მთავარი კონკურენტის, FTX-ის კოლაფსმა ჩანგპენგ ჟაოს კომპანია აბსოლუტურ მონოპოლად აქცია. ამჟამად რეიტინგში მეორე ადგილს ამერიკული Coinbase-ი იკავებს, რომელიც ბაზრის 5%-ზე ნაკლებს აკონტროლებს.

„Binance-ი უკვე ზედმეტად დიდია, ამხელა ძალაუფლების კონცენტრირება ერთ კომპანიაში საშიშია, ეს ინდუსტრიისთვის კარგი და ჯანსაღი ნამდვილად არ არის. იმ შემთხვევაში, თუ Binance-ი კოლაფსს განიცდის, კრიპტოინდუსტრიას ბნელი საუკუნეები დაუდგება, რომელიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება“, - აცხადებს Oanda-ს უფროსი ანალიტიკოსი, ედუარდ მოია.