23.მარტი .2021 19:15

მომხმარებლის ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი 2020 წლის ანგარიშს აქვეყნებს

მომხმარებლის ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი 2020 წლის ანგარიშს აქვეყნებს
views 558
უკან

მომხმარებლის ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის ანგარიში 2020 წელს ქვეყანაში სატელეკომუნიკაციო სფეროს მომხმარებლის დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობას და ამ მიმართულებით სამსახურის მიერ გაწეულ საქმიანობას აჯამებს. ანგარიშში წარმოდგენილი 2020 წლის სტატისტიკური მაჩვენებლების ანალიზიდან ირკვევა, რომ საანგარიშო პერიოდში მომხმარებელთა მომართვიანობის მზარდი ტენდენცია კვლავ შენარჩუნებულია.

სტატისტიკური მაჩვენებლებით, თუკი 2018 წელს სამსახურში შევიდა 413 განცხადება/საჩივარი, 2019 წელს - 714 განცხადება/საჩივარი, 2020 წელს მომართვიანობის მაჩვენებელმა 822 განცხადება/საჩივარი შეადგინა.

„აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ დადებითი დინამიკა ფიქსირდება სამსახურის მიერ განხილული საჩივრების შედეგებთან მიმართებით. კერძოდ, სრულად დაკმაყოფილებული საჩივრების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 2020 წელს გაზრდილია 53%-ით და ამჟამად 560 განცხადება/საჩივარია“, - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ შეინიშნება დაუკმაყოფილებელი საჩივრების რაოდენობის კლების ტენდენციაც. „წინა წელთან შედარებით, საანგარიშო პერიოდში დაუკმაყოფილებელ განცხადება/საჩივრებთან მიმართებაში, თითქმის 60%-იანი კლება ფიქსირდება და მათი რაოდენობა 167 განცხადება/საჩივარს შეადგენს“, - წერია დოკუმენტში.

გარდა ამისა, საზოგადოებრივი დამცველის შეფასებით, 2019 წელთან შედარებით, 2020 წელს განსხვავებული მდგომარეობაა სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიღების თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილების დაყოვნება ან/და დაუკმაყოფილებლობის შესახებ მომართვიანობასთან დაკავშირებით.

„კერძოდ, აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით გაზრდილია 177%-ით, რაც დაკავშირებულია პანდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების მზარდ მოთხოვნასთან. არსებული სტატისტიკური მონაცემებიდან გამომდინარე, ისევე, როგორც გასულ წელს, არ შეცვლილა მაჩვენებელი მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების ჭრილში და კვლავ მოწინავე პოზიციებზე არიან შპს „მაგთიკომი“ და სს „სილქნეტი“, რაც ლოგიკური მაჩვენებელია სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მათი, როგორც მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორების როლიდან გამომდინარე“, - წერია ანგარიშში.