მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მომზადებულია „ღორების დაცვის შესახებ“ დადგენილების პროექტიც - სეს-ი

631099655da80
თამთა ჯიჯავაძე
01.09.22 13:40
919
2008 წლის 18 დეკემბრის ევროსაბჭოს 2008/120/EC დირექტივის შესაბამისად მომზადებულია „ღორების დაცვის მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტიც, რომელიც ღორების დაცვის მინიმალურ სტანდარტებს ადგენს. ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო იტყობინება.

უწყების ცნობით, ხბოების დაცვის რეგლამენტის შემდეგ, მსგავსი რეგლამენტის მიღება სხვა შინაურ ცხოველებსა და ფრინველებზეც იგეგმება. მაგალითად, 2007 წლის 28 ივნისის ევროსაბჭოს 2007/43/EC დირექტივის შესაბამისად, დაგეგმილია საკანონმდებლო გადაწყვეტილება, რომელიც მეხორცული ჯიშის ქათმების დაცვის მინიმალურ წესებსაც ითვალისწინებს.

„ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში, საქართველოს მხარეს აღებული აქვს ვალდებულება, ეროვნული კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას დაუახლოოს. საკანონმდებლო დაახლოების აღნიშნული პროცესი გაწერილი და შეთანხმებული გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. 2015 წლიდან დღემდე, 272 დირექტივიდან მიღებული და დაახლოებულია 162 ნორმატიული აქტი სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის მიმართულებით, მათ შორისაა, ცხოველთა კეთილდღეობასთან დაკავშირებული დირექტივები, რომელიც, ასევე, DCFTA-ით არის გათვალისწინებული.

ზემოაღნიშნულის ფარგლებში, შემუშავებულია „ფერმერული მიზნით შენახული ცხოველების დაცვის წესის“ პროექტი, ხოლო „ხბოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“ საქართველოს მთავრობამ უკვე დაამტკიცა. რეგლამენტი 2008 წლის 18 დეკემბრის ევროსაბჭოს 2008/119/EC დირექტივის შესაბამისად მომზადდა და ითვალისწინებს 6 თვემდე ასაკის მსხვილფეხა საქონლისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას, სადგომის შესაბამის სივრცეს, სათანადო საკვებ რაციონსა და ა.შ., რაც, შემდგომ, უზრუნველყოფს პროდუქტიულობის ზრდას და უვნებელი და ხარისხიანი სურსათის წარმოების წინაპირობაა.

გაწერილი გეგმის მიხედვით, აღნიშნული დადგენილების მიღების ვადად განსაზღვრული იყო 2022 წელი, ხოლო მისი ამოქმედების ვადაა 2028 წლის პირველი იანვარი“, - აღნიშნულია სეს-ის განცხადებაში.

სურსათის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, აღნიშნული რეგულაციების მიღება ერთ-ერთი ძირითადი წინაპირობაა იმისათვის, რომ ქართველი ფერმერებისთვის სამომავლოდ შესაძლებელი გახდეს ევროკავშირის ბაზარზე ცხოველური წარმოშობის სურსათის გატანა.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ ხბოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა, რაც ცხოველების დაცვის მოთხოვნებს შეეხება. რეგლამენტში განსაზღვრულია რა პირობებში უნდა ცხოვრობდნენ ხბოები, რა უნდა იყოს მათი საკვები რაციონი და რა სივრცე უნდა იყოს გამოყოფილი თითოეული ხბოსთვის. რეგლამენტი ასევე მოიცავს ფერმერებისთვის განსაზღვრულ ვეტერინარულ მოთხოვნებსაც. ამასთან, რეგლამენტის მიხედვით, ხბო განიმარტება როგორც 6 თვემდე ასაკის მსხვილფეხა საქონელი.