მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მონაკოს იახტ შოუ წელს გაუქმებულია

5f0f30cdcacf4
მარიამ ადამია
15.07.20 23:20
955
პანდემიის შედეგად გამოწვეული კრიზისის ფონზე მონაკოს იახტ შოუს ჩატარების არც ბიუჯეტი, არც ხალისი და არც ინტერესი არ ჩანს. “ჩავარდნილი სეზონი” - ასე დაერქვა 2020 წელს და ღონისძიება, რომელიც მოგების მიხედვით, მონაკოს სამეფოში რიგით მეორეა, ერთი წლით გადავადდა. არადა მიმდინარე წელს ორგანიზატორები რიგით 30-ე შოუს გეგმავდნენ და საიუბილეო თარიღი ბევრად მასშტაბური და დაუვიწყარი უნდოდათ გამოსულიყო. ამის შესახებ რუსული Forbes-ი წერს.

თუმცა, 30 წლის განმავლობაში პირველად, შოუ რომ გაუქმდა, სავარაუდოდ არავის დაავიწყდება. განსაკუთრებით ორგანიზატორებს, რომლებიც ივნისამდე უამრავ ვარიანტს განიხილავდნენ, ცდილობდნენ ეპოვათ გამოსავალი მდგომარეობიდან, მუშაობდნენ უსაფრთხოებისა და ჰიგიენის სტანდარტების შემუშავებაზე, მაგრამ მცდელობები საკმარისი არ აღმოჩნდა. ერთია ღონისძიების დაგეგმვა და მეორე მასში მონაწილეობა, რომელიც ამ ეტაპზე არავის უნდა, რადგან იახტის მფლობელები პანდემიის შედეგად მნიშვნელოვან დანაკარგებს ითვლიან.

მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზატორი კომპანია - Informa არ ასაჯაროვებს, თუ რა ოდენობის შემოსავალს იღებს ის ყოველწლიურად მონაკოს შოუდან, ამის მიახლოებით გამოთვლა მაინც არ არის რთული.

კომპანიაში თანხის უმეტესი ნაწილი შედის ორი გზით. ერთია იახტის მფლობელების მიერ გადახდილი ფული, რომელიც საშუალოდ 200 ათასიდან-300 ათას დოლარამდე მერყეობს, ეს ერთგვარ საწევრო შენატანს წარმოადგენს. ორგანიზატორი კომპანიის შემოსავლის მეორე წყარო, ეს არის გაყიდული ბილეთები, რომლის ფასიც 280 ევროა. აქვე გაითვალისწინეთ, რომ იახტების შოუს სანახავად, მონაკოში ყოველწლიურად დაახლოებით 31 ათას 500 ადამიანი ჩამოდის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. შედეგად, Forbes-ის დათვლებით ორგანიზატორების შემოსავალი წლიურად ორ მილიარდ დოლარს უტოლდება, ანუ სავარაუდოდ ამავე ოდენობის მიუღებელ შემოსავალზეა საუბარი შოუს გაუქმების შედეგად. გარდა ამისა, ეს სერიოზული დარტყმაა სასტუმრო ბიზნესისთვის, მაღაზიებისა და ივენთ კომპანიების წარმომადგენლებისთვის, თუმცა მაინც მთლიანობაში, ქვეყნის ეკონომიკაზე გაცილებით დრამატულად აისახება ფორმულა 1-ის გადადება, ვიდრე იახტ შოუსი.

ახლა გადავხედოთ ყველაზე ძვირად ღირებულ სუპერ-იახტებს, რომლებიც ყოველწლიურად არის წარმოდგენილი ღონისძიებაზე. პირველი სიაში Octopus 126 მეტრის სიგრძის იახტა, რომელიც სპეციალურად Microsoft- ის თანადამფუძნებლის, პოლ ალენისთვის აშენდა და იყო ერთ-ერთი პირველი საექსპედიციო იახტა მსოფლიოში, ხოლო დღეს ის ალენის შთამომავლობის განკარგულებაშია. რაც შეეხება ღირებულებას, 295 მილიონ ევროდ არის შეფასებული. რიგით მეორე ძვირად ღირებული ნავი TIS კი, რუს ბიზნესმენს, ალექსანდრ ფედორიჩევს ეკუთვნის და 275 მილიონ ევროად არის შეფასებული. სიაში მოხვდა 106-მეტრიანი Amadea, რომლის ღირებულება არ არის დაკონკრეტებული, ისევე როგორც მფლობელი.

ძვირად ღირებულ იახტებს შორის მოხვდა იანა კულჩიკას მფლობელობაში არსებული Phoenix-იც, რომლის ფასი არ არის ცნობილი თუმცა მისი ერთი კვირით დაქირავება მილიონი დოლარი დაგიჯდებათ. ხუთეულშია არტურ ბლანკის Dreamboat-იც.