მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მონაკოს პრინცს ქართული ღვინოები გადასცეს

61b20c961cc1c
ვიქტორია მღებრიშვილი
09.12.21 18:15
1362
3 დეკემბერს მონაკოს სომელიეთა ასოციაციის ორგანიზებით მონაკოში 29-ე გალა საღამო გაიმართა, სადაც ქართული ღვინის ექსპორტიორი კომპანია Le Pont Caucasien-ის დამფუძნებელმა და მმართველმა, მონაკოს სომელიეთა ასოციაციის საპატიო წევრმა ილია კახოიძემ მონაკოს პრინც ალბერტ II-ს საჩუქრად ქართული ღვინოები გადასცა.

BM.GE-სთან საუბრისას ილია კახოიძე აღნიშნავს, რომ პრინცს სამი სახეობის ღვინო გადასცა საჩუქრად.

„29-ე გალას დაახლოებით 250 სტუმარი ესწრებოდა. მე როგორც მონაკოს სომელიეთა ასოციაციის საპატიო წევრი ამ საღამოზე ვიყავი მიწვეული.

პრინც ალბერტ მეორესთვის მომზადებული მქონდა ქართული ღვინოების ნაკრები და ჟურნალი Homeland of Wine, რომელიც მას საღამოს ბოლოს გადავეცი. ეს იყო 2016 წლის შალაურის საფერავი, ყვარელი რეზერვი, რომელიც 48 თვის განმავლობაში მუხის კასრებში ვარგდებოდა და მესამე - წინანდლის წინანდალი, რომელიც ჩემს ირგვლივ სამეგობროში დიდი მოწონებით სარგებლობს. აღმოჩნდა, რომ ყვარლის ღვინო მონაკოს პრინცს უკვე დაგემოვნებული ჰქონდა და მან აღნიშნა, რომ ძალიან კარგი ღვინო იყო.

მადლობას ვუხდი მონაკოს სომელიეთა ასოციაციას ასეთი საღამოს ორგანიზებისთვის, მადლობას ვუხდი მონაკოს პრინცს გალაზე მობრძანებისთვის და მოხარული ვარ, რომ წილად მხვდა ასეთ ღონისძიებაზე დასწრება და მონაწილეობის მიღება", - აღნიშნა ილია კახოიძემ.



ცნობისთვის: კომპანია Le Pont Caucasien-ი საფრანგეთში ქართული ღვინის ექსპორტს 2013 წლიდან ახორციელებს. დღეისთვის კომპანია საფრანგეთში 30 მწარმოებელი კომპანიის 120-მდე დასახელების ღვინის ექსპორტს ახორციელებს და მის რეალიზებას როგორც ღვინის მაღაზიებში, რესტორნებში, ონლაინ მაღაზიისა და კომპანიის მაღაზიაში ახდენს.