მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მონეტარული პოლიტიკა გარკვეული პერიოდი გამკაცრებული დარჩება” - მესტვირიშვილი

62d81cd7ade1c
შოთა ტყეშელაშვილი
20.07.22 21:00
993
ეროვნულმა ბანკმა 3 აგვისტოს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა უნდა გამართოს და რეფინანსირების განაკვეთის შესახებ მორიგი გადაწყვეტილება მიიღოს. როგორც დღეს გადაცემა “ანალიტიკას” ეთერში სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა, ქვეყანაში გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა შენარჩუნდება.

ეროვნული არსებული ბანკის პროგნოზით, 2022 წლის მეოთხე კვარტალში ქვეყანაში სავარაუდოდ 7%-იანი ინფლაცია იქნება, რაც 2023 წლის პირველ კვარტალში 5.3%-მდე, მეორე კვარტალში კი ინფლაცია 3.4% უნდა იყოს. არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, 3 აგვისტოს ეს პროგნოზი გადაიხედება და პესიმისტურ სცენარს დაუახლოვდება, რომელიც ინფლაციის უფრო ნელ შემცირებას ითვალისწინებს.

“შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ მონეტარული პოლიტიკა გარკვეული პერიოდის განმავლობაში დარჩება მკაცრი, თუმცა გაურკვევლობა არის ძალიან მაღალი და იმაზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული რა მდგომარეობა იქნება საერთაშოროსო ბაზარზე, ასევე როგორ იქნება გადაჭირილი კონფლიქტი და რა გავლენა ექნება ამას სასურსათო ბაზრებზე. სასურსათო ბაზრებზე ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში შემცირების ტენდენციაა, თუმცა გაცილებით მაღალია, ვიდრე 2021 წელს იყო.

როდესაც ასე არის გაზრდილი მოთხოვნა სურსათსა და სხვა პროდუქტებზე, ამას მიწოდებაც მიყვება და შესაბამისად, ფასები უნდა შემცირდეს. ერთ-ერთი სცენარი ესაა, რომ ჩვენ საერთაშორისო ბაზარზე გვექნება ფასების მკვეთრი შემცირება.

ჩვენი პროგნოზით, ინფლაციას ექნება შემცირების ტენდენცია, სავარაუდოდ, მომავალი წლის შუაში ახლოს მივა სამიზნე მაჩვენებელთან. ხოლო ამისთვის როგორი მონეტარული პოლიტიკა გვჭირდება, ამაზე არის ჩვენი გადაწყვეტილებები დაყრდნობილი.

ეს არის პროგნოზი და ის დამოკიდებულია დღეს არსებულ ინფორმაციაზე, ასევე თქვენც აღნიშნეთ, რომ გაურკვევლობა ძალიან დიდია. ჩვენი პროგნოზიც გასულ წელს რომ გენახათ, წელს უნდა ვყოფილიყავით მიზნობრივ მაჩვენებლებთან, მაგრამ იგივე ბრიტანეთის ან აშშ-ის პროგნოზებიც რომ გენახათ, ანალოგიურად უნდა ყოფილიყო მათ შემთხვევაშიც. იქიდან გამომდინარე, რომ გაურკვევლობა ბევრია, ხდება ამ პროგნოზების გადახედვა, რისთვისაც ჩვენ წელიწადში რვაჯერ ვიკრიბებით; შესაბამისად, ვცვლით მონეტარულ პოლიტიკას.

ჩვენ ვუყურებთ სხვადასხვა სცენარს და გადაწყვეტილება ეფუძნება სცენარების ანალიზს.

ჩვენ განახლებას 3 აგვისტოს გამოვაქვეყნებთ, სადაც უკვე ახალი პროგნოზები იქნება მოცემული. საბაზისოდან უფრო პესიმისტურისკენ არის გადახრილი ინლფაციის მოლოდინი, თუმცა ბევრად დიდი იქნება ეკონომიკური ზრდის პროგნოზი", - განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 11%-მდე 30 მარტს გაზარდა, იქამდე განაკვეთი 11.5%-ს შეადგენდა.