მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მონეტები და ისტორიული სუვენირები - გორში "ინოვაციური ტექნოლოგიების ლაბორატორია" იხსნება

63368d85e97e3
BM.GE
30.09.22 10:40
1087
"ინოვაციური ტექნოლოგიების ლაბორატორია" - ამ სახელწოდებით გორში ახალი საწარმო გაიხსნება, სადაც ახალგაზრდები დასაქმდებიან. ინიციატივის ავტორი ადგილობრივი სოსო მეზვრიშვილია, მხარდამჭერი კი სამთავრობო პროგრამა - "აწარმოე საქართველოში". საწარმო მეტალის ნარჩენების გადამუშავებას და ამისთვის თუნუქის და ალუმინის და სხვა სახის ნივთების შეგროვებას გეგმავს.

"აწარმოე საქართველომ 30 000 ლარიანი გრანტი გამოგვიყო, რასაც ემატება ჩვენი თანამონაწილეობის 20%, დამატებით ვაგრძელებთ მუშაობას სხვადასხვა ინვესტორებთან, რომლებიც არიან დაინტერესებული წარმოების პროცესით და იზიარებენ ჩვენს ხედვებს. მიღებული მეტალი გადამუშავდება (გადაიდნობა) და მისგან მოხდება სხვადასხვა ტურისტული ნივთების და აქსესუარების წარმოება. სამომავლოდ, საერთაშორისო და ადგილობრივ დიდ ბიზნესებთანაც ვგეგმავთ თანამშრომობას, განსაკუთრებით იმ კომპანიებთან, რომლებიც საკუთარ გაზიან თუ ალკოჰოლურ სასმელებს ალუმინის ქილებით ყიდიან. წარმოებული ნივთების რეალიზებას პირველ ეტაპზე ვფიქრობთ გორის მუნიციპალიტეტში არსებულ ტურისტულ ობიექტებთან და ტურისტულ მაღაზიებში, ხოლო ზაფხულისთვის ვგეგმავთ ავითვისოთ თბილისი, კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტი და ბათუმი",-ამბობს სოსო მეზვრიშვილი.

პროექტის ავტორის განმარტებით, წარმოების 80% ტურისტულ სეგმენტზე იქნება გათვლილი. ამიტომ წარმოების სეზონურობიდან გამომდინარე, იგეგმება სხვა სერვისების დამატება, რაც საწარმოს ახალ შემოსავლებს გაუჩენს. წლის განმავლობაში კი სტაჟირების შედეგად 20-მდე ახალგაზრდის დასაქმებაა გათვალისწინებული.

"წარმოების პირველ ეტაპზე ვგეგმავთ დავასაქმოთ მინიმუმ 8 ახალგაზრდა, წლის განმავლობაში კი ეს რიცხვი 20-დე გავზარდოთ. ისინი გადამზადებას გაივლიან ჩვენთან და შეისწავლიან საჭირო კომპიუტერულ პროგრამებს, დიზაინს, მოხატვას თუ სხვა პროფესიებს, რაც საჭიროა წარმოების პროცესში (რა თქმა უნდა გაყიდვებზე, დისტრიბუციასა და მარკეტინგთან ერთად) "ინოვაციური ტექნოლოგიების ლაბორატორიაში" გვექნება 3D პრინტერი, CNC როუტერი (ლაზერმჭრელი), რომელიც ყველაფერს ჭრის, მეტალის სადნობები, კომპიუტერი ბოლო თაობის, სხვადასხვა სახის საწარმო დაზგები და ა.შ."

"აწარმოე საქართველოში,“ - სამთავრობო პროგრამაა, რომლის მიზანია ქვეყანაში მეწარმეობის განვითარება და მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა.