მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მოპედებზე შესაძლოა მოთხოვნა შემცირდეს, ელექტროსკუტერებზე კი გაიზრდება”- moped.ge

61003d3c92478
მარიამ ადამია
27.07.21 22:50
880
მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლების რეგისტრაცია 2022 წლის 1 მარტიდან სავალდებულო გახდება - შესაბამისად, მოპედის მძღოლებს ქალაქში გადაადგილება მართვის მოწმობის გარეშე აღარ შეეძლებათ.'

არსებული კანონმდებლობის მიხედვით, მოპედი მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას არ წარმოადგენს და მისი მართვა ყოველგვარი მართვის მოწმობის გარეშეა შესაძლებელი. ცვლილებების მიხედვით კი მოპედი მოექცევა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების განმარტებაში და მასზე იგივე რეგულაციები გავრცელდება, რაც სხვა ამ ტიპის სატრანსპორტო საშუალებებზე ვრცელდება.

მოპედის მართვისთვის საჭირო გახდება ახალი „AM“ კატეგორიის მართვის მოწმობის აღება, რომელიც გაიცემა 16 წლის ასაკიდან, მისი აღება კი მხოლოდ თეორიული გამოცდის ჩაბარების გზით იქნებ შესაძლებელი.

ცვლილებებს დადებითაც აფასებენ მოპედების რეალიზატორები, თუმცა, როგორც moped.ge-ის დირექტორი ამბობს, მოკლევადიან პერიოდში აღნიშნულმა ცვლილებებმა შესაძლოა მოპედებზე მოთხოვნა შეამციროს, მაგრამ თორნიკე შერგელაშვილის განმარტებით, ამის პარალელურად მათი განმარტებით, მოთხოვნა ელექტროსკუტერებზე გაიზრდება.

“მოპედებზე მოთხოვნა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, 1 ან 2 წელი შესაძლოა შემცირდეს, თუმცა გაიზრდება მოთხოვნა ელექტროსკუტერებზე. ეს ცვლილება ყველაზე სენსიტიური იმ ადამიანებისთვის იქნება, ვინც მთელი დღე ქალაქში სწორედ მოპედით დადიან და მუშაობენ. ევროპის ბევრ ქვეყანაში სწორედ მსგავსი რეგულაციები მოქმედებს. შესაძლოა, მოპედის მძღოლები რთულად უყურებენ ცვლილებებს, თუმცა ჩემი აზრით, მათ საკმარისი დრო აქვთ ისწავლონ და მართვის მოწმობა აიღონ. ცვლილებები იქნება, თუმცა კრიტიკულად ეს არც გაყიდვებს დაარტყამს და არც მოთხოვნას, იმიტომ რომ ორბორბლიან ტრანსპორტზე მოთხოვნა ყოველწლიურად თითქმის 100%-ით იზრდება", - აცხადებს moped.ge-ის დირექტორი თორნიკე შერგელაშვილი.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიცირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოადგილემ პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე 26 ივლისს წარადგინა. საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების ნაწილია.