მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოქალაქეებს კითხვებზე უნდა ვუპასუხოთ, მხოლოდ მათი “ბნელებად” შერაცხვა არ შეიძლება - ინფექციონისტი

6165ba3f831a4
თათია ჩაფიჩაძე
12.10.21 22:21
593
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი აცხადებს, რომ ვაქცინაციის ტემპების დასაჩქარებლად მოსახლეობასა და ექიმებს შორის უფრო მასშტაბური კომუნიკაცია უნდა არსებობდეს. Bm.ge-თან საუბრისას ბუწაშვილი ამბობს, რომ პასუხგაუცემელი კითხვების ხარჯზე მხოლოდ მოწოდებებით იმუნურ ფენას ვერ შევქმნით.

„მე სავალდებულო ვაქცინაციის მომხრე არ ვარ, ეს ბევრ კონტექსტში იწვევს უფრო მეტ გაღიზიანებას. ვინც მოტივირებული იყო ის უკვე აიცრა, ჩვენ დაგვრჩა ის სეგმენტი, რომელიც წინააღმდეგია და ამიტომ უნდა გაათმაგდეს ეს ძალისხმევა. აუცილებელია არ დაგვეზაროს ახსნა-განმარტება, ძალიან დიდხანს უნდა ვუპასუხოთ ადამიანებს იმ კითხვებზე, რაც მათ აქვთ. მარტო მოწოდებები და მათი ბნელად შერაცხვა არ შეიძლება. ეს განწყობა უნდა მოვიშოროთ, უნდა მოვუსმინოთ მათ ერთი შეხედვით გულუბრყვილო თუ ანტივაქსერულ კითხვებს და უნდა გავცეთ პასუხები. ჩაღრმავება იმ წუხილებთან, რაც ხალხს აქვს ნაკლებად ხდება. შეიძლება მეც არ მომწონდეს ეს კითხვები, მაგრამ თავს ვალდებულად ვთვლი რომ დეტალურად ვესაუბრო ჩემს პაციენტებს ამაზე.

ექიმებს უნდა ჰქონდეთ ამ ტიპის ურთიერთობა გაჩაღებული, იმიტომ რომ ექიმის სიტყვას ენდობიან ადამიანები და მეორეც ექიმებს აქვთ კომპეტენცია. დარჩება მოქალაქეების ნაწილი, ვინც აზრს მაინც არ შეიცვლის, მაგრამ დიდ ნაწილთან შედეგი იქნება მიღწეული", - აცხადებს ბუწაშვილი.

ქვეყანაში მოსალოდნელი მეხუთე ტალღის დაწყებისა და ამ მხრივ ასამოქმედებელი შეზღუდვების დაწესებაზე კომენტირებისას ბუწაშვილი აცხადებს, რომ მთავარი კონტროლის მექანიზმების არსებობაა.

„ჩვენ მოსახლეობის ნახევარიც კი არ გვყავს იმუნური, აქ ვგულისხმობ იმათ ერთობლიობას ვინც აცრილია, ან გადატანილი აქვს კოვიდი ან ორივეს ერთად. მოსახლეობის ნახევარი ჯერ ისევ დაუცველია და ცხადია აღმავლობა ყოველთვის შეიძლება დაიწყოს. ერთი პლუსი ის არის, რომ უფრო მომზადებულები ვართ, პირველადი ჯანდაცვა თითქოს უფრო მეტად დახელოვნდა ონლაინ კონსულტაციებში, ექიმების რაოდენობაც გაიზარდა, ჰოსპიტალური სექტორიც უფრო მზად არის, თუმცა შარშანდელი ამ დროის ან გაზაფხულზე არსებული სცენარის გამეორება საშინლად არ აწყობს ამ ქვეყანას. შეზღუდვები ძალიან პირობითია, აღსრულება ყოველთვის პრობლემაა, ვიღაცაზე ვრცელდება, ვიღაცაზე არა, რაც დიდ ნიჰილიზმს იწვევს. რაც არის ის მაინც უნდა იყოს აღსრულებული", - ამბობს ბუწაშვილი.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ინფიცირების 4 775 და გამოჯანმრთელების 1 623 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.