მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოქმედი კანონით არათუ სანქციების გვერდის ავლა, გადასახადებისგან თავის არიდებაც შესაძლებელია - აუდიტორი

62bb15112b105
ელენე გოგბერაშვილი
28.06.22 19:56
1426
არის თუ არა საქართველო სანქცირებული რუსეთის მოქალაქეების, კომპანიების თუ მათთან ასოცირებული პირებისთვის სანქციების გვერდის ავლის ადგილი - ეს საკითხი საზოგადოებაში ფართო განხილვის თემა კიდევ ერთხელ გახდა გუშინ, როცა საქართველოს საბაჟო სამსახურმა სანქცირებული ტვირთით დატვირთული ტანკერი, რომელიც საქართველოს გავლით თურქეთში გადასვლას გეგმავდა, უკან გააბრუნა.

Kreston Georgia-ს მმართველი პარტნიორი დავით პაპიაშვილი არ გამორიცხავს სანქცირებული პირები/კომპანიები საქართველოს გავლით ტვირთების ტრანსპორტირებისთვის რამდენიმე სქემას იყენებდნენ.

„მოქმედი კანონით არათუ სანქციების გვერდის ავლა, გადასახადებისგან თავის არიდებაც შესაძლებელია“, - ამბობს პაპიაშვილი. პრობლემის სათავედ აუდიტორი ჩარჩო კანონის არარსებობას მიიჩნევს, რომელიც ერთიან მიდგომას განსაზღვრავს, თუ როგორ იქცევა ქვეყანა კონკრეტული რისკის სამართავად.

“ერთი საკითხია არარეზიდენტი კომპანიების სახელით გატარებული ტვირთების რისკების შესწავლა, რომ არ მოხდეს სანქციების თავის არიდება, მეორე არის ის, რომ არ მოხდეს რეზიდენტი კომპანიების დაფუძნება სანქცირებული პირების მიერ ან სანქცირებულ პირებთან ასოცირებული პირების მიერ და მესამე მომენტი არის, რომ არ მოხდეს უკანონოდ საგადასახადო შეღავათებით სარგებლობა, ვინაიდან პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობით არათუ სანქციების გვერდის ავლა შეიძლება, არამედ ასეთმა კომპანიებმა შეიძლება თითქმის არცერთი გადასახადი არ გადაიხადონ საქართველოში.

ამ კომპანიებს შეუძლიათ როგორც თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს სტატუსის მიღება და გადასახადებისგან გათავისუფლება, ისე სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის მიღება, რომ მოგების გადასახადი არ გადაიხადონ. ეს შესაძლებლობა რუსეთის მოქალაქეებისთვის ჩაკეტილი არ არის.

ბევრი სქემა არსებობს, მაგრამ სერიოზული მიმართულებაა, რომ რეზიდენტი ქართული კომპანიები არ იქნან გამოყენებული ამ მიმართულებით, რისი ძალიან მაღალი საფრთხე არსებობს და ჩემი აზრით, კონკრეტული პრეცენდენტებიც. ძალიან მაღალი მომმართვიანობა იყო ჩვენს აუდიტორულ კომპანიაზე ომის დაწყების პირველ თვეებში. პირდაპირ გეუბნებით, იმისთვის, რომ დააფუძნონ კომპანიები საქართველოში და ტვირთები ტრანზიტულად გაიტანონ და გადასახადები არ გადაიხადონ, საერთო ჯამში, დაგვირეკა ალბათ 10-ზე მეტმა ადამიანმა (რუსეთის მოქალაქე).

შიდა პოლიტიკიდან გამომდინარე, ჩვენი კომპანია არ ემსახურება რუსეთის მოქალაქეებს, მაგრამ ამ პირებმა იცოდნენ სპეციალური სავაჭრო კომპანიის და თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს სტატუსის შეღავათების შესახებ. ეს მიანიშნებს, რომ ამას იყენებენ კიდეც“, - აცხადებს დავით პაპიაშვილი.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გუშინდელ ფაქტთან დაკავშირებით განმარტება ფინანსთა მინისტრმაც გააკეთა. ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რომ ეს შემთხვევა შინაარსობრივად არაფრით განსხვავდება იმ 90-ზე მეტი შემთხვევისგან, რომლის შეჩერებაც საბაჟო ორგანომ სანქციებთან მიმართებით განახორციელა.

BM.GE-მ დღეს ფინანსთა სამინისტროსგან ოფიციალურად გამოითხოვა, რომელი ქვეყნიდან, რომელი კომპანიის მიერ და რა ტიპის ტვირთების გატარების მცდელობას ჰქონდა ადგილი, რომელიც ფინანსთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა აღკვეთეს.