13.ივლისი .2022 23:00

მორატორიუმის გაუქმების მიუხედავად, ივნისში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 4 470-ით გაიზარდა

მორატორიუმის გაუქმების მიუხედავად, ივნისში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 4 470-ით გაიზარდა
views 654
უკან

სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმებაზე დაწესებული მორატორიუმის გაუქმების მიუხედავად, ივნისში სოციალური შემწეობის მიმღებთა რიცხვი 4 470-ით გაიზარდა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ივნისში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვმა 661 061 შეადგინა, რაც მთლიანი მოსახლეობის 17.7%-ს შეადგენს. გაიზარდა საარსებო შემწეობაზე დახარჯული თანხაც და 56 487 724 ლარი შეადგინა, რაც 11.7 მლნ მეტია მაისის მონაცემებზე. 

რამდენიმე კვირის წინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალამ BMG-ის უთხრა, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმებაზე დაწესებული მორატორიუმი პირველ მაისს დასრულდა და ოჯახების გადამოწმება ეტაპობრივად განახლდება. პანდემიის პერიოდში დაწესებული მორატორიუმის გამო გასული წლიდან შემწეობის მიმღებთა რიცხვი იზრდება და რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს.

კერძოდ, პანდემიის გამო დაწესებული მორატორიუმის პირობებში ოჯახებს უნარჩუნდებათ სარეიტინგო ქულა და უწყვეტად უგრძელდებათ სოციალური დახმარება. შედეგად, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამას ეტაპობრივად, ახალი ბენეფიციარები ემატებოდნენ. აქედან გამომდინარე, იზრდება საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა, რადგან მორატორიუმის გამო, სისტემიდან უკვე არსებული ოჯახების გადინება შეჩერებულია.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლიდან მთავრობამ სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამა დაიწყო. სხვადასხვა ტიპის, შიდა თუ გარე დასუფთავება, გამწვანება, გარემოსდაცვითი სამუშაოები, ტყის მონიტორინგი, მცირედი სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები, მათ შორის ღობეების შეღებვა, ეს საზოგადოებრივი სამუშაოების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც სახელმწიფო სოციალურად დაუცველებს სთავაზობს და ამაში მათთვის, ხელფასის სახით დაუბეგრავად 300 ლარს გადაიხდის.