მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Morgan Stanley ევროზონაში რეცესიის განვითარებას წლის ბოლოდან პროგნოზირებს

62bc2328db655
გიორგი თოლორდავა
29.06.22 18:00
684
უმსხვილესი ამერიკული ბანკი - Morgan Stanley მიმდინარე წლის მეოთხე კვარტლიდან ევროზონაში რეცესიის განვითარებას ანუ ეკონომიკის შემცირებას პროგნოზირებს.

ბანკის უფროსი ანალიტიკოსების შეფასებით, რეცესია შედარებით მსუბუქი ფორმებით განვითარდება და მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) შემცირება მხოლოდ ორი კვარტლის განმავლობაში გაგრძელდება, რაც რეცესიად კვალიფიცირებისთვის აუცილებელი მინიმალური პერიოდია.

Morgan Stanley-ის მიერ წარმოდგენილი განახლებული პროგნოზის თანახმად, რეცესია, უმეტესწილად, რუსეთის მიერ გაზისა და ნავთობის მიწოდების შეზღუდვით იქნება განპირობებული, რაც, საბოლოო ჯამში, ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირებას გამოიწვევს.

მიუხედავად ნეგატიური მოლოდინებისა, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ 2023 წლის მეორე კვარტლიდან ეკონომიკური ზრდის ტემპი აღდგება და ევროზონის მშპ-ის მაჩვენებელი ისევ ზრდის ტენდენციას დაუბრუნდება.

აღსანიშნავია, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი 2022 წელს რეცესიას არ პროგნოზირებს. ECB-ის პრეზიდენტის კრისტინ ლაგარდის განცხადებით, ამჟამინდელი მონაცემების გათვალისწინებით, რეცესიის განვითარების რისკები ჯერაც დაბალია, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ECB მზად არის, რომ სწრაფად იმოქმედოს და შესაბამისი ზომები მიიღოს.

ECB-ის პროგნოზით, 2022 წელს ევროზონის ეკონომიკა 2.8%-ით გაიზრდება; ხოლო 2023 წელს მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი 2.1%-ს შეადგენს. რაც შეეხება ფასების ზრდის დონეს, ცენტრალური ბანკის ვარაუდით, 2022 წლის ბოლოსთვის ინფლაცია 6.8%-იან ნიშნულამდე შემცირდება, ხოლო 2023 წელს სამომხმარებლო ფასების ზრდის დონე 3.5%-ის ფარგლებში იქნება.