მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მოსამართლეების განაწილება უნდა მოხდეს იქ, სადაც მათი ყოფნა საჭიროა და არა მხოლოდ თბილისში“

61fe980e0148e
ვიქტორია მღებრიშვილი
05.02.22 19:27
577
აშშ-ის ელჩის საქართველოში კელი დეგნანის შეფასებით, საქართველოს სასამართლო სისტემის რეფორმამ გარკვეულ პროგრესს მიაღწია, თუმცა გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბერვი რამ რჩება.

როგორც ამერიკის ელჩმა საქართველოში „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტ ია მეურმიშვილთან ინტერვიუში სასამართლო რეფორმის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ამერიკა საქართველოს ძლიერი, დამოუკიდებელი და პროფესიონალური სასამართლოს სისტემის დამკვიდრებაში 15 წელზე მეტია ეხმარება. მან ის მიღწევები დაასახელა, რაც ამ პერიოდის განმავლობაში სასამართლო სისტემაში განხორციელდა და ის ნაკლოვანებები გამოკვეთა, რომელზეც მუშაობაა საჭირო. 

„მიღწეული პროგრესის გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ საქართველომ ერთგვარ წარმატებას მიაღწია - სასამრთლო უფრო ეფექტურია, სისტემაში არაერთი პროფესიონალი მოსამართლე, პროკურორი და იურისტია, რომლებსაც სურთ კანონი გარედან ჩარევის გარეშე დაიცვან. ჩვენ რეფორმის პროგრამაზე მუშაობის გაგრძელება გვინდა, რომელიც იმ საქმის ლოგიკური გაგრძელება იქნება, რაც აქამდე გაკეთდა.

საქართველოს მოქალაქეებს უფრო მეტად მოქნილი სამართლის სისტემა სურთ, საქმეების უფრო სწრაფი გადაჭრის ხილვა სურთ, მოსამართლეების განაწილება უნდა მოხდეს იქ სადაც მათი ყოფნა საჭიროა და არა მხოლოდ თბილისში. სასამართლოს სისტემა ხალხს რეგიონებშიც უნდა ემსახურებოდეს.

ასევე წინსვლაა მედიაციისა და დავების ალტერნატიული გადაჭრის მექანიზმების მიმართულებით. ასევე ნაფიცი მსაჯულების სისტემის შემოღება, რასაც რამდენადაც ვიცი მოსახლეობა კარგად შეხვდა. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იმის თქმა რამდენი რამ გაკეთდა, მაგრამ ასევე გულახდილები უნდა ვიყოთ იმ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ჯერ ისევ გასაკეთებელია“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

აშშ-ის ელჩმა საქართველოში სასამართლო სისტემის სრულყოფის პროცესში მხარეების ინკლუზიურობის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საჭიროა მეტი გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, რადგან ამ მხრივ მეტი საქმეა გასაკეთებელი.

„უნდა ვთქვა, რომ მოხარული ვარ ახალი სპიკერებისგან და პოლიტიკური ლიდერებისგან იმის მოსმენით, რომ სასამართლოს რეფორმა ამ ახალი პარლამენტის პრიორიტეტი იქნება და რომ მათ იციან იმის შესახებ, რომ მეტი საქმეა გასაკეთებელი. იმედი გვაქვს, ეს ინკლუზიური პროცესი იქნება და ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოებას საშუალება მიეცემათ საკუთარი წვლილი შეიტანონ იმაში, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს საქართველოს სასამრთლო სისტემა ახლო, საშუალო და შორ პერსპექტივაში“, - თქვა აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა.