მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსამართლეთა დანიშვნა ნაჩქარევად და გამჭვირვალობის გარეშე მიმდინარეობს - აშშ-ის საელჩო

61a0df847c2d1
შოთა ტყეშელაშვილი
26.11.21 17:25
778
პარლამენტის უზენაესი სასამართლოს ვაკანტურ პოსტებზე უვადო მოსამართლეების დამტკიცების პროცესშია. ამ პროცესს კრიტიკულად აფასებენ საქართველოს მთავარი საგარეო პარტნიორები, აშშ და ევროკავშირი. გუშინ ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ პარლამენტში კანდიდატთა მოსმენაზე EU-ს საელჩოც იყო დაპატიჟებული, თუმცა იმის გამო, რომ ეს პროცესი არ არის თანხვედრაში არც სასამართლო რეფორმის მიზნებთან და არც 19 აპრილის შეთანხმებასთან მათ სხდომაზე დასწრებაზე უარი თქვეს. დღეს კი განცხადება გამოაქვეყნა აშშ-ის საელჩომ, რომელიც აღნიშნავს, რომ ეს პროცესი ნაჩქარევად და გამჭვირვალობის გარეშე მიმდინარეობს. 

"ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, კიდევ ერთხელ, იმედგაცრუებულია, რომ პარლამენტი განაგრძობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს სასამართლო რეფორმის წინა ტალღების დამოუკიდებელი შეფასების დასრულებამდე, რაზეც პარლამენტის ლიდერები შეთანხმდნენ. ჩვენ ასევე ვწუხვართ, რომ მოსამართლეების დანიშვნა მიმდინარეობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების მონაწილეობის გარეშე. მაშინ, როდესაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ და პარლამენტმა ნაჩქარევად წარმართა მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი გასული წლის განმავლობაში, არანაირი ქმედება არ განხორციელებულა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების დანიშვნასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს თანამდებობები თვეების განმავლობაში ვაკანტურია. ქართველ ხალხს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების მეშვეობით უნდა ჰქონდეს ხმა ამ გავლენიანი და მნიშვნელოვანი მოსამართლეების შერჩევისას, რომლებიც უვადოდ გამწესდებიან მოსამართლეებად უზენაეს სასამართლოში. დამოუკიდებელი ხმების გამოთიშვა ამ პროცესიდან კიდევ უფრო აძლიერებს შთაბეჭდილებას, რომ მოსამართლეების დანიშვნა უზენაეს სასამართლოში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და მიუკერძოებლობის გარეშე.

უზენაესი სასამართლოს შემდგომი მოსამართლეების დანიშვნამდე, ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ პარლამენტს, პრიორიტეტი მიანიჭოს მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი არამოსამართლე წევრების დანიშვნას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და 2022 წლის გაზაფხულამდე დაასრულოს რეფორმის წინა ტალღების დამოუკიდებელი შეფასება. დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვათა დახმარებით საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანი სამუშაო განხორციელდა. საქართველოს უახლოესი პარტნიორები და მხარდამჭერები, ასევე, საქართველოს პოლიტიკური ლიდერები თანხმდებიან, რომ უნდა გაგრძელდეს სასამართლო რეფორმა. ახლა მიზანი უნდა იყოს მიუკერძოებელი, გამჭვირვალე და დამსახურებაზე დაფუძნებული სასამართლო სისტემის შექმნა, რომლის მიმართაც ქართველ ხალხს ექნება სრული ნდობა და რომელიც უზრუნველყოფს სრულ მონაწილეობას მრავალი კვალიფიციური და კეთილსინდისიერი მოსამართლისა და იურისტისა, რომელიც პატიოსანი საქმიანობით ემსახურება კანონის უზენაესობის განმტკიცებას,"- ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.