მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსამართლის თქმით, დღეს BAT-ისა და Philip Morris-ის საქმეზე, შეიძლება, სხვა გადაწყვეტილება მიეღო

5da05f709b626
შოთა ტყეშელაშვილი
11.10.19 15:13
1505
პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, ვლადიმერ კაკაბაძის მოსმენა გაიმართა. დეპუტატებმა კაკაბაძეს თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმიანობის დროს მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ დაუსვეს კითხვა. კონკრეტულად კი საუბარი ვლადიმერ კაკაბაძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, კერძოდ კი თამბაქოს საერთაშორისო ბრენდების - BAT-ისა და Philip Morris-ის დაჯარიმებას შეეხო.

2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ვლადიმერ კაკაბაძემ ორ სხვადასხვა პროცესზე - “ფილიპ მორისსა” და “ბრითიშ ამერიკან ტობაკოს” საქართველოში უპრეცედენტო მასშტაბის ჯარიმა დააკისრა. “ბრითიშ ამერიკან ტობაკოს” 270 მილიონი ლარის ჯარიმა, ხოლო “ფილიპ მორისს” 93-მილიონიანი ჯარიმა დაეკისრათ. შემდგომში ეს საქმეები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნესასოციაციების მხრიდან საეჭვოდ და კორუფციის ნიშნების შემცველად შეფასდა. სააპელაციო და უზენაესმა სასამართლოებმა კი ჯამში 363-მილიონიანი ჯარიმების დაწესების შესახებ მიღებული ორივე გადაწყვეტილება გააუქმეს.

დღევანდელ საპარლამენტო სხდომაზე ვლადიმერ კაკაბაძემ თქვა, რომ იმ შემთხვევაში თუ მას ამ საქმეების განხილვა დღეს დაევალებოდა, შესაძლოა სხვა გადაწყვეტილება მიეღო. ამას კაკაბაძე ხსნის იმ გარემოებით, რომ 2017 წელს, მაშინ როდესაც ამ საქმეებს განიხილავდა კონკურენციის ახალი კანონმდებლობის განხილვის სასამართლო პრაქტიკა არ არსებობდა.

ევროპული საქართველოს დეპუტატის, ოთარ კახიძისა და დამოუკიდებელი დეპუტატის ლევან გოგიჩაიშვილის კითხვებზე პასუხად კაკაბაძემ განაცხადა:

“ვერ გეტყვით ამას. ეს დავა იყო პირველი დავა კონკურენციის კანონიდან გამომდინარე. შესაძლოა მე განვმარტე ეს კანონი ისე, რომ ზემდგომმა ინსტანციამ ეს არ გაიზიარა და იმის ზემდგომმა კასაციამ არ გაიზიარა. აქედან გამომდინარე, ხვალ რომ მე იგივე დავა დამეწეროს, თავისთავად ცხადია მე გავიზიარებ ზემდგომი ინსტანციის მოსამართლეთა განმარტებას. ვინაიდან ეს იყო პირველი საქმე და მე სახელმძღვანელო მაგალითი არ მქონდა,”- ამბობს კაკაბაძე.

კიდევ ერთი გარემოება, რაც თამბაქოს იმპორტიორების დაჯარიმებას უკავშირდებოდა იყო ფაქტი, რომ სასამართლომ არ განიხილა თამბაქოს ბაზრის შესახებ კონკურენციის სააგენტოს დასკვნა. ამას მოსამართლე ხსნის იმით, რომ ეს დასკვნა დაგვიანებით იყო წარმოდგენილი. თავად ამ დასკვნის მიხედვით, საქართველოს ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების ბაზარზე კონკურენტული გარემო იყო. კანონდარღვევის ფაქტები კი არ იკვეთებოდა.

“კონკურენციის სააგენტოს დასკვნა არ მივიღე იმ პროცედურული საკითხიდან გამომდინარე, რომ წარმოდგენილი იყო დაგვიანებით, ანუ მომზადების ეტაპის დასრულების შემდეგ. გადაწყვეტილება მივიღეთ რამდენიმეთვიანი განხილვის შემდეგ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით, დაგვიანებული მტკიცებულებების მიღების უფლება სასამართლოს არ გააჩნია,”- ამბობს კაკაბაძე.

ვლადიმერ კაკაბაძის მიერ 2017 წელს მიღებულ გადაწყვეტილებაზე საკუთარი სამართლებრივი შეფასება "საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველომაც" მოამზადა, სადაც ორგანიზაცია აღნიშნავდა, რომ კანონმდებლობა, რომელსაც მოსამართლე დაეყრდნო, არ არსებობდა.

"სასამართლომ კანონის დარღვევად შეაფასა დემპინგური ფასდადება საქონელზე, იმ პირობებში, როდესაც დემპინგის მარეგულირებელი კანონმდებლობა საქართველოში არ არსებობს.

სასამართლოს განმარტებით, "ფილიპ მორისის" მიერ დარღვეულია "თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონიც, რომლის მიხედვითაც, აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია უფასოდ ან თვითღირებულებაზე დაბალ ფასად. თუმცა, იგივე კანონის განცხადებულ მიზანს წარმოადგენს თამბაქოს ნაწარმის ნაკლები ხელმისაწვდომობით მოსახლეობისა და მომხმარებელთა თამბაქოს მავნე ზემოქმედებისგან დაცვა. ამასთან, კანონის თანახმად, მის შესრულებაზე სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ეს კი იმას ნიშნავს, რომ "თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონის დარღვევისას, მხოლოდ სახელმწიფოა უფლებამოსილი გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა თამბაქოს მწარმოებლის მიმართ. შესაბამისად ასეთი დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში დამრღვევმა ჯარიმა სახელმწიფოს უნდა გადაუხადოს და არა სხვა კერძო კომპანიას,”- წერია TI-ს ანგარიშში.

საერთაშორისო გამჭვირვალობის შეფასებით, ასეთივე ბუნდოვანი იყო ის გარემოებები, რომლითაც მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძემ ჯარიმის ოდენობა შეარჩია.