მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მოსავალი 40%-ით გაგვეზარდა“ – 12-მა მევენახემ FAO-ს "მავნებლების კონტროლის პროგრამა" დანერგა

63d24f47e700b
BM.GE
26.01.23 14:14
803
2022 წელს, გაეროს „სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ“ (FAO), ევროკავშირის EU4Business ინიციატივის მხარდაჭერით, „გამრავლების შემაფერხებელი პროგრამა“ განახორციელა და ქვეყანაში ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა დანერგა. ინფორმაციას გაეროს საკვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, ევროპული ყურძნის ჭია – Lobesia botrana, ყურძნის წარმოებას მნიშვნელოვნად აზარალებს. ის მოსავალს დაახლოებით 40%-ით ამცირებს და ყურძნისა და ღვინის ხარისხზეც უარყოფითად აისახება.

„პროგრამის ფარგლებში, 2022 წელს, ევროკავშირი და FAO თორმეტ მცირე, საშუალო და დიდ მეღვინეს დაეხმარა და გააცნო ინოვაციური, ორგანული მეთოდი, რომელიც პესტიციდების გამოყენების საჭიროებას ამცირებს. „გამრავლების შემაფერხებელი პროგრამა“ მამრობითი სქესის ყურძნის ჭიის დასაბნევად ფერომონს იყენებს, რაც მას მდედრის პოვნაში უშლის ხელს. შედეგად, ჭია ვეღარ ნაყოფიერდება და ვეღარ მრავლდება, ხოლო ვენახი ნაკლებად ზიანდება.

შესაბამისად, ფერომონების გამოყენება მდგრადი და ეკო-მეგობრული ყურძნის მოვლის საშუალება და ორგანული ღვინის წარმოების ხელშემწყობი მეთოდია.

გასულ წელს, ევროკავშირის მხარდაჭერით, FAO-მ ეს პრაქტიკა 200 ჰექტარის ფართობის ვენახში დანერგა. თორმეტივე მეღვინემ განაცხადა, რომ მათი მოსავალი დაახლოებით 40%-ით გაიზარდა, ხოლო დანახარჯები ქიმიკატებზე შემცირდა. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ბენეფიციარებს ასევე ბევრად გაუმარტივდებათ მავნებლების ინტეგრირებული მართვა“, - ნათქვამია FAO-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ევროკავშირის მხარდაჭერით, „გამრავლების შემაფერხებელი პროგრამის“ ეფექტურობა ყოველწლიურად იზრდება. 2023 წელს, FAO უფრო აქტიურად განაგრძობს აღნიშნული მიმართულებით საქმიანობას და პროგრამაში ჩართავს მეღვინეებს საქართველოს დასავლეთის რეგიონებიდანაც, რაც 2022 წელს პროექტის პრიორიტეტს არ წარმოადგენდა.

„გამრავლების შემაფერხებელი პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოში ორგანული სოფლის მეურნეობისა და გაუმჯობესებული სურსათის უვნებლობის სტანდარტების წარმატებული პრეცენდენტი შეიქმნა. ამასთანავე, ვენახში ფერომონების გამოყენება პესტიციდების ნარჩენებით გაჯერებული ღვინის მოხმარების რისკებსაც ამცირებს. მაღალი ხარისხის ღვინის წარმოება შესაძლოა დადებითად აისახოს ეროვნულ და საერთაშორისო ბაზრებზე გაზრდილი კონკურენტუნარიანობის კუთხით, რაც თავის მხრივ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს.

ამგვარად, FAO და ევროკავშირი, ფერმერული თემების განვითარებას ეხმარებიან საქართველოში და მუშაობენ ოთხი ძირითადი მიმართულების გასაუმჯობესებლად: უკეთესი პროდუქცია, უკეთესი კვება, უკეთესი გარემო და უკეთესი ცხოვრება.

„გამრავლების შემაფერხებელი პროგრამა“ FAO-მ ევროკავშირის მხარდაჭერით, EU4Business ინიციატივის „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“ ფარგლებში განახორციელა. ევროკავშირის აღნიშნული ინიციატივა, მიზნად ისახავს ქართველი მეწარმეების მხარდაჭერას იურიდიული გარემოს გაუმჯობესების, ფინანსებთან წვდომისა და ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავების თვალსაზრისით.