მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსახლეობას ელექტროენერგიის გარეშე არავინ დატოვებს – მურმან მარგველაშვილი "ენერგო პრო ჯორჯიაზე"

5ff84f6fbbc19
ინგა მურუსიძე
08.01.21 21:00
1199

საქართველოს უმსხვილესმა ენერგოგამანაწილებელმა კომპანია “ენერგო-პრო ჯორჯიამ” შესაძლოა გაყოფის შემდეგ საკუთარი 1.2 მილიონი აბონენტისთვის ელექტროენერგიის მიწოდებაზე უარი თქვას.

BMG-ის ეს ინფორმაცია დაუდასტურეს როგორც “ენერგო-პრო ჯორჯიაში”, ასევე სამთავრობო უწყებებში, რომლებიც კომპანიასთან მოლაპარაკებებს მართავენ. ეკონომიკის სამინისტროს და სემეკის განმარტებით, კომპანიასთან მოლაპარაკებების წარუმატებლად დამთავრების შემთხვევაშიც, “ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა უწყვეტ ელექტრომომარაგებას საფრთხე არ ემუქრება.

ორგნიზაცია „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ დირექტორი, მურმან მარგველაშვილი ფიქრობს, რომ სიტუაციის დრამაზიტება საჭირო არ არის და მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდების გარეშე არავინ დატოვებს.

“მოლაპარაკების პროცესია და არ მგონია ვინმემ დაუშვას, მოსახლეობა დენის გარეშე დარჩეს. ახლა საკითხი დგას ისე, თუ როგორ უნდა მოხდეს ამის ორგანიზება. თავად რეფორმის არსი არის, რომ ბაზარი ჩამოყალიბდეს, რისთვისაც აუცილებელია, რომ ერთმანეთისგან იყოს გამიჯნული ქსელური საქმიანობა და ელექტროენერგიით ვაჭრობა. ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ ენერგომომწოდებლები ამავე დროს გამანაწილებლებიც არიან და მათ ვუხდით როგორც ქსელის მომსახურეობის ღირებულებას, ასევე, დენის ფასს. ახალი ბაზრის მოდელით ეს ორი საქმიანობა ერთმანეთისგან უნდა გაცალკევდეს და სხვადასხვა კომპანიებმა უნდა გააკეთონ ეს. პირველ ეტაპზე, ვიდრე მოხდება რეალური, კონკურენტული ბაზრის ჩამოყალიბება მიმწოდებლებს შორის, იგეგმება, რომ გამანაწილებელმა კომპანიებმა მომხმარებლებს მიაწოდონ ელექტროენერგია გაყოფის შემდეგაც“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, ახალი ბაზრის ჩამოყალიბება საკმაოდ შემოქმედებით მიდგომას მოითხოვს, მაღალი კვალიფიკაციის ენერგეტიკულ და და ფინანსურ აზროვნებას და არ არის გასაკვირი, რომ საქართველოში ჯერ რაღაც ხარვეზები იყოს, თუმცა მათი გამოსწორება შესაძლებელია.

რაც შეეხება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საკითხს, მურმან მარგველაშვილი ფიქრობს, რომ ან მოლაპარაკება შედგება და ისეთი პირობები ჩამოყალიბდება, რომელიც „ენერგო-პროსთვისაც“ მისაღები იქნება, ან რომელიმე სახელმწიფო კომპანიას დაევალება ამ ფუნქციის შესრულება და რეგიონებისთვის ელექტროენერგიის მიწოდება. 

"კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გადაწყვეტილება უფრო ასახავს იმას, თუ რამდენად მომგებიანი იქნება ბიზნესისთვის. ისინი უყურებენ გარემოს და სანამ გარემო არ იქნება ისეთი, როგორიც ამ ბიზნესს მისცემს შესაძლებლობას, რომ განვითარდეს, გადაწყვეტილებას არ მიიღებს. თუ პირობები ვერ ჩამოყალიბდა, მთავრობა მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და რომელიმე სახელმწიფო კომპანიას დააკისრებს მოვალეობის შესრულებას. რეფორმა ვერ ჩავატარეთ და ამის გამო ადამიანებს დენის მიწოდება შეუწყდეთ, ამის რეალური საშიშროება არ არის“, - ამბობს მარგველაშვილი.