მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსახლეობას ვეუბნებით, რომ დენი არ გაუძვირდება, რითაც შეცდომაში შეგვყავს - "კუმისი"

5fff05edb386e
სალომე მეცხვარიშვილი
13.01.21 21:40
1246
"მოსახლეობას ვეუბნებით, რომ არ გაუძვირდება ელექტროენერგიის ტარიფი, თუმცა შეცდომაში შეგვყავს", - ამის შესახებ მეფრინველეობის ფერმა “კუმისის” დამფუძნებელმა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა bm.ge-ის განუცხადა. ასე გამოეხმაურა ის ელექტროენერგიის ტარიფების ზრდას, რომელიც 2021 წლიდან ამოქმედდა. ელექტროენერგიის ძველ და გაძვირებულ ტარიფს შორის სხვაობას მოსახლეობას 1 წლის განმავლობაში მთავრობა გადაუხდის, ასევე, ბიზნესის ნაწილს გაზრდილი გადასახადის 50%-ს ბიუჯეტი დაუსუბსიდირებს.

სუბსიდია მეფრინველეობის დარგსაც ეხება, თუმცა უჩუმბეგაშვილი ამბობს, რომ ეს რეალურად თავის მოტყუებაა, რადგან როგორც კი შეწყდება სუბსიდია, ეს პროდუქციის ფასზე აუცილებლად აისახება, შესაბამისად, მოსახლეობასაც გაძვირებულ პროდუქტზე მეტი თანხის დახარჯვა მოუწევს.  

"თავად გაძვირების ფაქტი ცუდი იყო, ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ჩვენ არ გვქონდა დაგეგმვის საშუალება: ეს მოხდა ერთ კვირაში - დავიწყეთ საუბარი და გავაძვირეთ... მოსახლეობას კი ვეუბნებით, რომ მას არ გაუძვირდება ტარიფი, თუმცა შეცდომაში შეგვყავს რეალურად და მიზანმიმართულად. ნებისმიერი წარმოებისთვის ტარიფის გაძვირება ჩათვალეთ, რომ თითოეული თქვენგანისთვის ნიშნავს პროდუქციის გაძვირებას. სუბსიდირება თუ მოხდება პატარა პერიოდის განმავლობაში, შენარჩუნდება ფასი, მაგრამ როგორც კი ეს პერიოდი გაივლის, მეფრინველეობა ენერგომატარებლების საკმაოდ სერიოზული მომხმარებელია და პირდაპირ აისახება ფასებზე. როგორც კი დენი გაძვირდება, თითოეულ თქვენგანს გაუძვირდება პროდუქცია”, - აცხადებს “კუმისის” ხელმძღვანელი.