მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსახლეობის 52% მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს - NDI-ის კვლევა

6114e0935244e
ვიქტორია მღებრიშვილი
12.08.21 12:55
2559
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოს მოსახლეობას ეკონომიკისა და ჯანდაცვის პრობლემები კვლავ აწუხებს. 

13-25 ივლისის პერიოდში ჩატარებული კვლევით ირკვევა, რომ მოსახლეობის მხოლოდ მეოთხედი - 23% მიიჩნევს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, 49% თვლის რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 19% ამბობს რომ ქვეყანა არ იცვლება, რაც შეეხება კითხვას არის თუ არა ქვეყანაში დემოკრატია 35% ფიქრობს, რომ საქართველოში დემოკრატიაა, 51% კი ამბობს რომ ქვეყანაში დემოკრატია არ არის.

NDI-ის ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი 2020 წლის აგვისტოსთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირებულია; მაშინ მოსახლეობის 39% ამბობდა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდებოდა, ხოლო 48% თვლიდა, რომ ქვეყანაში დემოკრატია იყო.

„მსგავსი ტენდენცია მთავრობის საქმიანობის შეფასებაშიც შეინიშნება: მოქმედი მთავრობის საქმიანობას დადებითად მხოლოდ მესამედი აფასებს, მაშინ როდესაც 2020 წლის დეკემბერში ეს რიცხვი 50%-ს შეადგენდა“, - ნათქვამია ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვლევის მიხედვით, არსებული მთავრობის საქმიანობას დადებითად 36% აფასებს, უარყოფითად კი 52%. გამოკითხულთა დანარჩენი ნაწილი კითხვაზე პასუხს ან არ სცემს ან არ იცის.

უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიასთან გამკლავების კუთხით გამოკითხულთა უმრავლესობა - 53% ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა კორონავირუსის პანდემიას კარგად უმკლავდება, 37% კი თვლის რომ ამ მთავრობას პანდემიასთან გამკლავება ცუდად გამოსდის.

ცნობისთვის: აღნიშნული კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,016 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.3 პროცენტია. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. NDI-ის კვლევები ფინანსდება დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის მიერ. კვლევებს ატარებს CRRC საქართველო.