მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ფასების მომატებაზე წუხს - NDI-ს კვლევა

63db785ccc18c
ვიქტორია მღებრიშვილი
02.02.23 12:53
588
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ფასების მომატებაზე წუხს.

„არსებული ეკონომიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოს მოსახლეობას ყველაზე მეტად ფასების ზრდა/ინფლაცია, უმუშევრობა, სიღარიბე და დაბალი ხელფასები აწუხებს - სხვა გამოწვევები ახლოსაც ვერ მოდის ამ ჩამონათვალთან“ - ნათქვამია კვლების შედეგებში.

კითხვაზე - რამდენად გაწუხებთ ან არ გაწუხებთ გაზრდილი ფასების გავლენა თქვენი ოჯახის ფინანსურ მდგომარეობაზე, გამოკითხულთა 77%-მა უპასუხა, რომ ინფლაცია მათ ძალიან აწუხებთ, 21%-ს ფასების ზრდა აწუხებს და მხოლოდ ერთი 1% ამ საკითხზე არ წუხს.

კვლევის შედეგებში აღნიშნული, რომ საზოგადოების აზრი გაყოფილია იმის შესახებ, თუ ვისი ბრალია ფასების ზრდა. გამოკითხულთა 38% თვლის, რომ უფრო მეტად საქართველოს მთავრობის პოლიტიკის შედეგია, 31%-ს მიაჩნია, რომ ინფლაცია უფრო მეტად ისეთი ფაქტორების შედეგია, რომლებიც საქართველოს მთავრობის კონტროლის მიღმაა. 16% ამბობს, რომ ორივე ფაქტორი ახდენს გავლენას ფასების ზრდაზე, 15%-მა კი არ იცის.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ამ კითხვაზე პასუხები განსხვავდება პოლიტიკური პრეფერენციების მიხედვით: ოპოზიციის მხარდამჭერთა უმრავლესობა მთავრობას ადანაშაულებს, ხოლო ქართული ოცნების მხარდამჭერთა უმრავლესობა - მთავრობის კონტროლს მიღმა არსებულ ფაქტორებს.

ცნობისთვის: NDI იკვლევს საზოგადოებრივ აზრს, რათა დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეებს, გაიგონ და გადაჭრან მოქალაქეებისთვის პრობლემატური საკითხები ზუსტ, მიუკერძოებელ და სტატისტიკურად სწორ მონაცემებზე დაყრდნობით. კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე.

აღნიშნული ანგარიში 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6%-ია.
NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით
ხორციელდება.