მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსახლეობის რა ნაწილს დაეხმარება მთავრობა ელექტროენერგიის ტარიფების დასაფარად?

616a725746cdf
დავით ჯალაღონია
18.10.21 09:45
9634
პარლამენტი 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველად ვერსიას განიხილავს. ერთ–ერთი კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ დეპუტატების კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ მოსახლეობის ყველა ფენისთვის ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირება მიზანშეწონილი არ არის.

BMG–სთან საუბრისას კაკაურიძე აღნიშნავს, რომ სახელმწიფო პოლიტიკა მხოლოდ მოწყვლადი ჯგუფების დახმარებაზე უნდა იყოს ორიენტირებული.

"მოსახლეობამ, რომელიც მოწყვლად ჯგუფს არ განეკუთვნება, ტარიფი უნდა გადაიხადოს და ბიუჯეტიდან დაფინანსება არ უნდა ხდებოდეს. მოწყვლადი ჯგუფები რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მიერ უნდა დაფინანსდნენ, ხოლო არამოწყვლადი ჯგუფები თავად უნდა იყვნენ დამფინანსებლები, ვინაიდან ეს სუბსიდირება ნიშნავს სხვა ადამიანების მიერ გადახდილი გადასახადების მიმართვას კონკრეტულ მომხმარებლებზე და მოხმარება არის სწორედ ის კომპონენტი, რომელიც თავად იღებს გადაწყვეტილებას, რა მოცულობით მოიხმაროს და შესაბამისად, თავად არის პასუხისმგებელი მის გადახდაზე", – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის პირველი იანვრიდან ქვეყანაში ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფი ამოქმედდა. კერძოდ, სემეკ-ის გადაწყვეტილებით, 1 იანვრიდან ელექტროენერგიის კომერციული ტარიფი საშუალოდ 11-13 თეთრით გაიზარდა, ხოლო სამომხმარებლო ტარიფი 3.5 თეთრით - თითოეულ საფეხურზე. აღნიშნულის გამო, მთავრობამ როგორც სამომხმარებლო, ისე კომერციული ტარიფის სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო, ოღონდ გარკვეული პირობებით.

კერძოდ, ცალკეულ სფეროებში მოღვაწე ბიზნესებს გაზრდილი ტარიფის სხვაობის 50%-ით სუბსიდირების საშუალება მიეცათ. საუბარია საკვები პროდუქტების პირველადი წარმოების სხვადასხვა სექტორში მოღვაწე კომპანიებზე.

რაც შეეხება სამომხმარებლო ტარიფს, მთავრობის გადაწყვეტილებითვე, მოქალაქეებს, რომლებიც თვეში 300 კვტ-მდე მოიხმარენ, მოქმედ და გაზრდილ ტარიფებს შორის სხვაობას სრულად უფარავს. ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია მაშინ აცხადებდა, რომ "სულ 1.7 მლნ აბონენტიდან 1.6 მლნ სწორედ ასეთია".

ცნობისთვის: სემეკ-ის მონაცემებით, 2021 წლის რვა თვეში ფიზიკური აბონენტებისთვის დენის გაზრდილ ტარიფებს შორის სხვაობის სუბსიდირებისთვის 35.4 მლნ ლარი დაიხარჯა, ხოლო მეწარმე სუბიექტების სუბსიდირება 6.5 მლნ ლარი დაჯდა.