მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსახლეობის ყოველთვიური ფულადი ხარჯების 44% სურსათზე მოდის

628ddb76dad5d
შოთა ტყეშელაშვილი
25.05.22 11:31
790
საქართველოს მოსახლეობის ყოველთვიური სამომხმარებლო ფულადი ხარჯების 43.7% სურსათზე მოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეთა ხარჯების უდიდესი ნაწილი სწორედ საკვების შეძენაზე იხარჯება. 

შედარებისთვის, სამომხმარებლო ხარჯებში სურსათის წილი გაცილებით უფრო დაბალია განვითარებულ ქვეყნებში; მაგალითად, აშშ-ში ეს მაჩვენებელია 27%, ევროსტატის თანახმად, პოლონეთში სასურსათო დანახარჯები მთლიანი ხარჯების 17%-ია, ლიტვაში - 20%, ბელგიაში - 12.5%, საბერძნეთში - 15%, ნიდერლანდებში კი - 11%. 

საქსტატის თანახმად, საქართველოში ერთი საშუალო ოჯახი თვის განმავლობაში 1,158 ლარს ხარჯავს (საშუალო ოჯახში 3.3 წევრზე იანგარიშება), სადაც ერთ წევრზე თვეში 346 ლარის დანახარჯები მოდის. 

მთლიანად ამ 1,158 ლარიდან 70% სამომხმარებლო ფულად ხარჯებს წარმოადგენს, 23.1% არასამომხმარებლო ფულადი ხარჯებია, 6.8% კი - არაფულადი ხარჯები. შესაბამისად, ერთი ოჯახი თვეში საშუალოდ 810 ლარის სამომხმარებლო ფულად ხარჯებს სწევს. ეს 810 ლარი კატეგორიების მიხედვით ასე ნაწილდება:

• სურსათზე, სასმელზე, თამბაქოს ნაწარმზე - 43.7%, ანუ 354 ლარი;
• სახლზე, წყალზე, ელექტროენერგიაზე, გაზზე და სხვა სათბობზე - 12.7%, ანუ 103 ლარი;
• ტრანსპორტზე - 10.9%, ანუ 88 ლარი;
• ჯანდაცვა - 11.7%, ანუ 95 ლარი; 
• ტანსაცმელი, ფეხსაცმელი - 3.5%, ანუ 28 ლარი;
• საოჯახო მოხმარების საქონელი - 3.4%, ანუ 28 ლარი;
• განათლება - 2%, ანუ 16 ლარი;
• სხვა - 12.1%, ანუ 98 ლარი.

როგორც საქსტატის ანგარიშიდან ირკვევა, 2021 წელს მოსახლეობის სამომხმარებლო ხარჯები გაზრდილია, თუკი 2020 წელს ერთი საშუალო ოჯახი თვეში 1,038 ლარს ხარჯავდა, 2021 წელს ეს ხარჯები 1,158 ლარამდე გაიზარდა.

ინფლაცია, განსაკუთრებით კი სურსათის ფასების ორნიშნა ზრდა სამომხმარებლო ხარჯებზე ზეწოლას კიდევ უფრო მეტად ზრდის.