მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსკოვის საფონდო ბირჟაზე Gazprom-ის აქციების ღირებულება 20%-ით დაეცა - მიზეზები

6343d0a83f6e0
გიორგი თოლორდავა
10.10.22 12:01
592
მოსკოვის საფონდო ბირჟაზე (MOEX) მიმდინარე კვირის პირველი სავაჭრო სესია ვარდნის მკვეთრი ტენდენციით დაიწყო - ქვეყნის უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანიის, Gazprom-ის აქციების ღირებულება 21%-ით დაეცა.

აღნიშნული მოვლენა პირდაპირ კავშირშია ბირჟაზე Gazprom-ის უდივიდენდო აქციების განთავსებასთან, რასაც ინვესტორები და ტრეიდერები გაცილებით უფრო ნაკლებად აფასებენ, ვიდრე დივიდენდურს.

ე.წ. ფასდაკლების აქცია ბაზრიდან დამატებითი კაპიტალის მოსაზიდად ტარდება, ვინაიდან, ინვესტორთა ნაწილს ურჩევნია გრძელვადიან პერსპექტივაში კომპანიის აქციონერი გახდეს, თუმცა მომდევნო კვარტალში დივიდენდის მიღებაზე უარი თქვას.

ზოგადად, დივიდენდები ენერგეტიკული კომპანიების აქციების შეძენის მთავარ აზრს წარმოადგენს, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, Gazprom-მა არაერთხელ მიიღო აქციონერებისათვის დივიდენდების გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილება.

გარდა ტექნიკური მიზეზებისა, გასათვალისწინებელია თავად ომის ესკალაციის საკითხიც. დღეს უკრაინის დედაქალაქ კიევში ძლიერ აფეთქებები ფიქსირდება, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მთავრობა კი ბირთვული იარაღის გამოყენების რიტორიკას უფრო მეტად აძლიერებს.

აგრეთვე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ერთ თვეში, შესაძლოა, ევროკავშირმა რუსულ ბუნებრივ აირზე ფასის ლიმიტის დაწესების გეგმა წარადგინოს, რაც უშუალოდ Gazprom-ის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი იქნება.