მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად წარმოების გაზრდა და დამატებითი კადრები გვჭირდება“ - „არომატი“

63ad2781b21e3
თინათინ ნატმელაძე
30.12.22 00:00
505
„არომატი“ უკვე ორ წელზე მეტია არატრადიციული მეთოდით დამზადებულ ჯემებსა და მურაბებს აწარმოებს. კომპანიის დამფუძნებელი ნინო თვალავაძე BM.GE-თან ამბობს, რომ მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ სახლის პირობებში წარმოებით მის დაკმაყოფილებას ვეღარ ახერხებს.

მისივე ცნობით, დაინტერესება საზღვარგარეთიდანაცაა, რასაც წარმადობის რაოდენობის გაზრდა და დამხმარე კადრების დაქირავება სჭირდება, მაგრამ ჯერ-ჯერობით ამისთვის ფინანსები არ ჰყოფნის.

„პანდემიის პერიოდში ჯერ სატესტოდ დავიწყე ჯემების და მურაბების დამზადება, თუმცა მალევე მივხვდი, რომ უფრო სერიოზული სახე უნდა მიმეცა. დღეს 9 სახეობის ჯემი მაქვს, წლიურად 10 000-ზე მეტ ქილას ვაწარმოებ და მოთხოვნა ისეთი დიდია, რომ ხშირ შემთხვევაში დაკმაყოფილებას ვერ ვახერხებ. დაინტერესება საზღვარგარეთიდანაც დიდია. ჩემი სურვილიცაა, რომ პროდუქტი ექსპორტზე გავიტანო. ამ ეტაპისთვის ფოსტის დახმარებით მცირე რაოდენობა ინგლისში და გერმანიაში გავიტანეთ, თუმცა სრულფასოვანი ექსპორტისთვის წარმოების გაზრდა და დამატებით კადრების დაქირავებაა საჭირო, რასაც ჯერ-ჯერობით ვერ ვახერხებ. ამ ეტაპზე მხოლოდ მე ვარ საქმიანობაში ჩართული და ფიზიკურად ვერ ვახერხებ, რომ ის რაოდენობა ვაწარმოო, რომელიც მიწოდებაში წყვეტის პრობლემას არ გააჩენს“, - აცხადებს ნინო თვალავაძე.

„არომატის“ დამფუძნებელი გვიყვება, რომ წარმოების პროცესში მთავარი გამოწვევა ფასების მუდმივი ცვალებადობაა.

„ბაზარზე შაქრის, ქილების, ეტიკეტების და ა.შ. ფასები ძალიან ხშირად იცვლება, როდესაც დიდი წარმოება გაქვს და კომპანიას დიდი რაოდენობით ვუკვეთავ, მაშინ შეიძლება, რომ შეღავათიან ფასად მოგყიდოს, მაგრამ ჩემ შემთხვევაში, როცა დასაწყობების საშუალება არ მაქვს და 100-200 ცალს ვუკვეთავ, ეს სირთულეა,“ - განმარტავს ნინო თვალავაძე.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ მურაბების და ჯემების საწარმო „არომატის“ პროდუქციის შეძენა თბილისისა და ბათუმის რამდენიმე მაღაზიაში, მათ შორის „არიაში“, „თავთავში“ და „ფერმაში“ შეგიძლიათ. ჯემების საფასური 9-13 ლარს შორის მერყეობს.