მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მოუწესრიგებელი ტრასები, მიუსაფარი ძაღლები“ - რა გამოწვევების წინაშე დგას გუდაური?

63da199378b02
თინათინ ნატმელაძე
02.02.23 10:01
3401
მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციის თანადამფუძნებელი მირანდა ესაკია იმ გამოწვევებზე საუბრობს, რომლის წინაშეც დღეს კურორტი გუდაური დგას.

როგორც მან "საქმიანი დილის" ეთერში ისაუბრა, მთავარი პრობლემები, რომელთა მოგვარებასაც ბიზნეს ასოციაცია წლებია სახელმწიფო უწყებებს სთხოვს, არის კურორტზე ტურისტების უსაფრთხოების დაცვა, სათხილამურო და საფეხმავლო ტრასების მოწესრიგება და დასუფთავების უზრუნველყოფა.

„უთოვლობა მსოფლიო გამოწვევაა, ყოველ სეზონზე უფრო და უფრო ნაკლები თოვლი მოვა, ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ გუდაური თოვლის გარეშეც საინტერესო გავხადოთ ტურისტებისთვის. ეს არის ქვეყნის ყველაზე მდიდარი კურორტი, მაგრამ უთოვლობის გარდა ძალიან ბევრი ერთი შეხედვით მარტივი გამოწვევის წინაშე ვდგავართ.

პირველ რიგში, ეს არის ტრასების მოუწესრიგებლობა, წლებია მივმართავთ სხვადასხვა უწყებებს, რომ მთებზე დაიდგას საპირფარეშოები, მოწესრიგდეს საფეხმავლო ბილიკები, რადგან გუდაურში ეს, ფაქტობრივად, არ არსებობს - მანქანაც, ტრაილერიც და ტურისტიც ერთ გზაზე დადის და ძალიან დიდი საფრთხეა იმის, რომ მოყინულ გზაზე მანქანა მოსრიალდეს და ადამიანი გაიტანოს.

ამას ემატება ასევე ერთი ძალიან დიდი პრობლემა - ზაფხულობით გუდაურში, ამ ჩვენს ბრილიანტ მთაზე, რომელიც აჭმევს საქართველოს, ამოდიან მეცხვარეები, ანადგურებენ სათხილამურო ტრასებს, ანაგვიანებენ გარემოს, მათი მეცხვარე ძაღლები ძალიან საშიში ხდებიან ტურისტებისთვის, რის გამოც ზაფხულის სეზონი გვივარდება. ზამთარში კი ამ ძაღლებს ტოვებენ, მშიერი ძაღლები ტურისტებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ. გამოსავალი არის, რომ მეცხვარეები გადავიყვანოთ სხვა მთაზე, ან რაიმე სხვა გამოსავალი მოვძებნოთ.

უსაფრთხოებსი საკითხში გამოწვევაა კრიმინალიც, რომელიც, ასევე, მოუგვარებელია“, - განაცხადა მირანდა ესაკიამ.

რაც შეეხება აღნიშნული პრობლემების მოგვარებას, მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციის თანადამფუძნებელი ამბობს, რომ ორად გაყოფილი გუდაურის მოწესრიგებაზე პასუხისმგებლობას არცერთი მუნიციპალიტეტი არცერთი იღებს.

„გუდაურს არ აქვს თავისი მმართველი ორგანო, ნახევარი ეკუთვნის დუშეთის მუნიციპალიტეტს, მეორე ნახევარი კი ყაზბეგის მუნიციპალიტეტს. მე როცა ვწერ, რომ სადღაც მონაკვეთში გზაა გაფუჭებული და მის მოგვარებას ვითხოვ, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი მეუბნება, რომ ეს მას არ ეხება, ამ დროს კი იგივეს მპასუხობს დუშეთის მუნიციპალიტეტიც.

შარშან მთის კურორტების მენეჯმენტ კომპანიამ შეამცირა ყაზბეგისა და დუშეთის მუნიციპალიტეტზე პასუხისმგებლობა, შეიცვალა სახელი და გახდა მხოლოდ ტრასების სააგენტო, ამიტომ, როდესაც მათ რაიმე სახის პრობლემაზე მივმართავთ, გვპასუხობენ, რომ მათ მხოლოდ ტრასების კონტროლი ეხებათ.

საერთო ჯამში, ერთადერთი გამოსავალი არის, რომ კონკრეტულმა ორგანომ პასუხისმგებლობა აიღოს გუდაურზე, ბიზნეს ასოციაცია კი მათთან ერთად ყველა გამოწვევის გამკლავებისთვის მზად ვართ“, - განმარტავს მირანდა ესაკია.