27.მაისი .2020 23:10

"მოვახერხეთ, რომ არ გავჩერებულიყავით" - კომპანია "ონისი" ადაპტაციასა და გეგმებზე

views 473
უკან

კომპანია „ონისმა“, რომელიც თხილეულის, ჩირეულის, მარცვლეულისა და ბურღულეული პროდუქტის ძირითადად საკონდიტრო და სასურსათო ქსელებთან მიწოდებას უზრუნველყოფდა, პანდემიის ფონზე, ადაპტაცია სამიზნე სეგმენტის შეცვლით მოახერხა. როგორც კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი გვანცა საღარაძე განმარტავს „ონისმა“ შეკვეთების მიღება ინდივიდუალური პირებისგან დაიწყო, რაც კომპანიას გარკვეული ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებაში დაეხმარა.

„ამ პერიოდში, ჩვენი კლიენტების ნახევარზე მეტი გაჩერდა, რამაც დიდი ფინანსური რისკის წინაშე დაგვაყენა. თუმცა მოვახერხეთ, რომ არ გავჩერებულიყავით, დავიწყეთ ინდივიდუალურ შეკვეთებზე მუშაობა; მათთვის სასურველი წონის პროდუქცია მიგვაქვს“, - აღნიშნავს გვანცა საღარაძე.

მისივე განმარტებით, კომპანია უკვე 2 წელია, რაც ფუნქციონირებს. ამასთან, გათვალისწინებულია, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში, „ონისი“ ძველი მიმართულებითაც აღადგენს მუშაობას და ინდივიდუალური შეკვეთების ხაზსაც შეინარჩუნებს, რომელიც კორონავირუსის ფორმა დააჩქარა.

როგორც გვანცა საღარაძე განმარტავს, ამ პერიოდში „ონისს“ მოთხოვნის შენარჩუნებაში ის ფაქტორი დაეხმარა, რომ აღნიშნული პროდუქცია სააღდგომო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური იყო, რასაც მიტანის სერვისის რელევანტურობაც დაერთო. მისივე განმარტებით, გარდა Facebook გვერდისა (ონისი • Onisi) და სატელეფონო დაკავშირებისა, შეკვეთა შესაძლებელია საიტის საშუალებით (onisi.ge), რომელიც „ონისს“ სწორედ ამ პერიოდში, ოპერირების გამარტივების მიზნით, ჯერჯერობით სატესტო რეჟიმით დაემატა.

როგორც გავარკვიეთ, „ონისი“ უზრუნველყოფს როგორც ადგილობრივი წარმოების, ასევე იმპორტირებული პროდუქციის მიწოდებას. ამ ეტაპზე, კომპანია 7-მდე ადამიანს ასაქმებს, სამომავლოდ კი, კურიერთა რაოდენობის ზრდა მოიაზრება.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, გვანცა საღარაძის განმარტებით, სექტემბრიდან „ონისი“ ასორტიმენტის გამრავალფეროვნებას გეგმავს, რაც, მათ შორის, პროდუქციის ფარგლებში სხვადასხვა კომბინაციების დამატებას მოიაზრებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა