მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სასაზღვრო პუნქტებზე რიგები ტვირთს აძვირებს და ჩვენ ამ გაძვირებულ ტარიფებს მაღაზიებში ყოველდღე ვიხდით"

62a244822415e
მარიამ იზორია
09.06.22 23:32
1147
რუსეთ-უკრაინის ომის გამო საქართველოს სატრანზიტო დერეფანი გააქტიურდა, თუმცა ე.წ ტრეილერების გრძელი რიგიც დადგა, რაც ტვირთების გადაზიდვის პროცესს მნიშვნელოვნად აფერხებს.

„საქართველოს ექსპედიტორთა ასოციაციის“ პრეზიდენტი ალექსანდრე დავითაძე გადაცემა „საქმიანი დილას“ ეთერში აცხადებს, რომ მიწოდების ჯაჭვის მხრივ პანდემიის კრიზისს ომი და სანქცირებული ტვირთების შემოწმება დაემატა, რამაც საქართველოს გავლით ტვირთნაკადის გადმომისამართება გამოიწვია, შედეგად ავტობანზე დიდი რიგები დადგა.

მისივე თქმით, სარფის სასაზღვრო პუნქტსა და წითელ ხიდზე მანქანას საზღვრის გადაკვეთისთვის 3-4 დღე სჭირდება, რუსეთის მიმართულებით კი რამდენიმე კვირაა საჭირო.

ალექსანდრე დავითაძე იმასაც აღნიშნავს, რომ რუსეთიდან შემოსული ტვირთები ახლა უფრო მეტი სიმკაცრით მოწმდება, ამიტომ საბაჟოს ორი მთავარი გამოწვევა აქვს - არ შეაფერხოს ტვირთები, ამასთან არც სანქცირებული ტვირთი გაატაროს.

„ეს პროცესი ტრანზიტული ტვირთების გარდა, ქვეყანაში ექსპორტსა და იმპორტს აფერხებს. რაც უფრო დიდ ხანია მანქანა რიგში, ძვირდება გადაზიდვა. შემდგომ ძვირდება ტვირთი და ჩვენ ამ გაძვირებულ ტარიფებს მაღაზიებში ყოველდღე ვიხდით. სასაზღვრო პუნქტების გარდა, მათი დამაკავშირებელი ტერმინალებიც გადატვირთულია. ფოთის პორტსა და საბაჟოს საწყობებში ცარიელი ადგილი თითქმის არ არის. უახლოეს პერიოდში ტვირთის დამუშავება ძალიან გაჭირდება.

ჩინეთიდან ევროპაში მიმავალი გადაზიდვების გარდა, რომელიც ადრე რუსეთის გავლით გადიოდა, საქართველოს დერეფნით ცენტრალური აზიიდან მიმავალი ტვირთები გაივლის - საუბარია 10 მლნ ტონა მშრალ გენერალურ ტვირთზე. რა თქმა უნდა, მთლიანი მოცულობა ჩვენიდან ვერ გავა, რადგან ამ ტვირთის მთლიანი მოცულობა დღევანდელ საქართველოს ტრანზიტულ შესაძლებლობებს აღემატება, მაგრამ უნდა შევეცადოთ მაქსიმალური რაოდენობა გავატაროთ.

ამ სიტუაციაში საბაჟოს თხოვნით მივმართეთ, რომლის მიხედვითაც ფოთის შიდა ტერიტორიაზე საბაჟო ტერმინალებსა და პორტს შორის გარკვეული სახის ტვირთზე შიდა გადაადგილება დალუქვის გარეშე მოხდეს. ტენიანი მანქანების მაგივრად, ე.წ გორკიანი მანქანების გამოყენება იქნება შესაძლებელი, რაც მინიმუმ ორჯერ დააჩქარებს გემების დატვირთვა/დაცლის პროცესს. ეს ბუნებრივად ტვირთნაკადს გაზრდის. მართალია საბაჟოსთვის ეს რისკია, მაგრამ შეიძლება ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნეს გარკვეულ ნაკლებ რისკიან ტვირთზე“, - ამბობს ალექსანდრე დავითიძე.

„საქართველოს ექსპედიტორთა ასოციაციის“ პრეზიდენტი ინფრასტრუქტურულ პრობლემებზეც ამახვილებს ყურადღებას. მისი განმარტებით, საქართველოს მეზობელი ქვეყნები, მათ შორის აზერბაიჯანი შექმნილ ვითარებას უფრო მომზადებული შეხვდა, თუმცა საქართველოში ავტობანის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია, ამასთან მალე ფოთის პორტიც გაფართოვდება და თანამედროვე ნავსადგურის მშენებლობაც დასრულდება - ეს ინფრასტრუქტურა კი ქვეყანას მილიონობით დამატებითი ტვირთის გატარების შესაძლებლობას მისცემს.