მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მრავალჯერადი პირბადეები მეტროს მემანქანეებსა და სასურსათო მაღაზიების პერსონალს დაურიგდება

5e7a0223d056a
ინგა მურუსიძე
24.03.20 17:30
1004
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას თქმით, საქართველოში წარმოებული პირბადეები მეტროს მემანქანეებსა და სასურსათო მაღაზიების მომსახურე პერსონალსაც დაურიგდება.

ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„დღეს ვისაუბრე თბილისის მერთან - მეტროპოლიტენის თანამშრომლები ძალიან მნიშვნელოვანი კატეგორიაა, რომლებიც ასევე ყოველდღიურ შეხებაში არიან უამრავ ადამიანთან და ჩვენ პირბადეების ერთი ნაწილი მათთვისაც უნდა შევაგროვოთ და გადავინახოთ. ასევე სასურსათო მაღაზიებში დასაქმებული ადამიანები - ჩვენ უკვე შევისწავლეთ საჭიროება და მათაც მივაწვდით კომპანიებთან შეთანხმებით. ეს წრე თანდათან გაფართოვდება. რა თქმა უნდა, მე ვისურვებდი, რომ ნედლეულის უწყვეტი და გარანტირებული მიწოდების პირობებში ჩვენ პირბადეები უკვე გაყიდვაშიც გავცეთ, მაგრამ ჯერჯერობით, რადგან ნედლეულის მოწოდება დოზირებულია და მუდმივ გადამოწმებას და დადასტურებას საჭიროებს, ჩვენ ამას თავად ვანაწილებთ, ცნობილი საჯარო პრიორიტეტების მიხედვით“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.