მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მრჩევლის პოზიცია „ოდეერის“ ფუნქციით - IDFI-ს 10 მიგნება ხელშეკრულებით დასაქმებულებზე

5f60c373c7701
ინგა მურუსიძე
15.09.20 17:35
1691
"ბიუროკრატიული აპარატის მთავარ გამოწვევად ისევ რჩება საჯარო დაწესებულებებში თანამშრომლების ხელშეკრულებით დასაქმების არსებული პრაქტიკა; ასევე გამარტივებული კონკურსის პირობებში, ხელშეკრულებით დასაქმებული თანამშრომლების ფუნქცია-მოვალეობების ბუნდოვანება და მსგავს პოზიციებზე მნიშვნელოვნად განსხვავებული შრომის ანაზღაურების პრაქტიკა მნიშვნელოვნად ზრდის ნეპოტიზმისა და საბიუჯეტო სახსრების არარაციონალური განკარგვის რისკებს",  - ამის შესახებ ნათქვამია კვლევაში, რომელსაც IDFI აქვეყნებს.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების მიხედვით, 2019 წელს შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურებაზე 242.2 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც დაახლოებით 100 მილიონი ლარით აღემატება 2015 წლის მაჩვენებელს.

რაც შეეხება 2020 წელს, IDFI-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, 2020 წლის 6 თვეში უკვე 125.9 მილიონი ლარი გაიხარჯა შტატგარეშეთა ანაზღაურებაზე, რაც გასული წლის 6 თვის ხარჯს 20.4 მილიონით (19%) აღემატება.

შრომითი ხელშეკრულებებისა და ანაზღაურებების შესახებ IDFI-მ შესაბამისი საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით მიმართა 104 უწყებას (სამინისტროები, მათი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიულ პირები და სხვადასხვა დამოუკიდებელი უწყებები), ხელშეკრულებების რეესტრის შესახებ სრულყოფილი პასუხი მიღებულია მხოლოდ 6 სამინისტროდან, 31-
სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ-იდან და 11 სხვადასხვა დამოუკიდებელი უწყებიდან. რაც შეეხება მრჩევლების შესახებ მონაცემებს, მხოლოდ 14-მა უწყებამ მიაწოდა ორგანიზაციას სრულყოფილი პასუხი.

გამოთხოვილი და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე IDFI ძირითად მიგნებებზე საუბრობს:

- 2019 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურებაზე 242,2 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც დაახლოებით 25 მილიონი ლარით აღემატება 2018 წლის, ხოლო 100 მილიონი ლარით აღემატება 2015 წლის მაჩვენებელს.

- 2020 წლის საწყის 6 თვეში შტატგარეშეთა ანაზღაურებაზე 125,9 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც გასული წლის 6 თვის მაჩვენებელს 20,4 მილიონით (19%) აღემატება.

- სამინისტროებში ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებულ პირთა უმრავლესობას მინისტრის მრჩევლები წარმოადგენენ, მათი ანაზღაურება კი 2,800 ლარიდან 6,000 ლარამდე მერყეობს.

- ცალკეულ შემთხვევებში, შრომითი ხელშეკრულება გაფორმებულია ისეთ პოზიციაზე, რომელზეც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმება.

- 2019 წელს კვლევის სამიზნე 31 სსიპ-ში, გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებების რაოდენობა გაზრდილია 18%-ით. 2018 წელს დადებული 4,629 ხელშეკრულებიდან 2019 წელს ამ რაოდენობამ უკვე 5,452-ს მიაღწია.

- საჯარო დაწესებულებების მიერ ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რეესტრში, ასახული ხელშეკრულების საგანი და პოზიციების დასახელებები, ხშირ შემთხვევაში ბუნდოვანია და არ იძლევა დასაქმებული პირების სამუშაოს აღწერილობის
შესახებ ინფორმაციას.

- ბუნდოვან პოზიციებზე ხელშეკრულებით დასაქმებული თანამშრომლების ანაზღაურება შესაძლებელია განსხვავებული იყოს როგორც სხვადასხვა, ასევე ერთი და იგივე საჯარო დაწესებულებაში. მაგალითად, კონსულტანტის ან ექსპერტის ანაზღაურება სხვადასხვა უწყებაში მერყეობს 1,000 ლარიდან 4,000 ლარამდე.

- შეფასების და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ფიქსირდება საგრძნობლად მაღალი ანაზღაურება სხვა უწყებებთან შედარებით, ისეთ სტანდარტულ პოზიციებზეც როგორიც არის მუშა/დამლაგებელი/მებაღე, ეროვნულ ცენტრში გათვალისწინებულია 1200 ლარი, როდესაც სხვა უწყებებში ამ პოზიციების ანაზღაურება საშუალოდ 400 ლარს შეადგენს.

- მრჩევლების სამუშაო გამოცდილებების (CV) ინფორმაციის ანალიზის შედეგად დგინდება, რომ აღნიშნული პოზიცია ცალკეულ შემთხვევებში, სავარაუდოდ, გამოიყენება ე.წ. „ოდეერების“ დასანიშნად.

- 104 საჯარო დაწესებულებიდან, ხელშეკრულებით დასაქმებულთა შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია (ხელშეკრულების საგანი და ანაზღაურება) მხოლოდ 48 უწყებამ გასცა.

სწორედ აღნიშნული მიგნებებიდან გამომდინარე, IDFI იძლევა რეკომენდაციებს, რომ გადაიხედოს თანამშრომელთა ხელშეკრულებით დასაქმების არსებული პრაქტიკა რათა მინიმუმადე იქნას დაყვანილი ნეპოტიზმის, მიკერძოების და კორუფციის რისკები, ასევე დეტალურად განისაზღვროს ხელშეკრულებით დასაქმებული ბუნდოვანი პოზიციების (მრჩეველი. კონსულტანტი, ექსპერტი და ა.შ.) ფუნქცია-მოვალეობები და შემუშავდეს ერთიანი სტანდარტი, რომელიც უზრუნველყოფს შტატგარეშე მოსამსახურეთა ანაზღაურების სამართლიან დარეგულირებას.