მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსესხებლების 9.5%-ს ბანკის ვადაგადაცილებული კრედიტი აქვს, მისოებში ეს წილი 16%-ია - სტატისტიკა

61dfef03ea120
შოთა ტყეშელაშვილი
13.01.22 14:33
2600
"კრედიტინფო საქართველოს" მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში საბანკო მსესხებლების 9.5%-ს ვადაგადაცილებული სესხი/სესხები უფიქსირდება.

სტატისტიკაში შედის 30 დღიდან 3 წლამდე ვადით გადაცილებული სესხები. მისი მიხედვით, დღეისთვის ბანკებში 1,647,000 აქტიური მსესხებელი ფიქსირდება, რომელთა მთლიანი საკრედიტო პორტფელიც 29 მილიარდი ლარია. მათ შორის 30 დღიდან 3 წლამდე ვადის ვადაგადაცილებულია 156,079 მსესხებლის 1.24 მილიარდი ლარის ვალდებულებები.

სტატისტიკის თანახმად, ვადაგადაცილებული მსესხებლების რაოდენობა მთლიანად მსესხებელთა რაოდენობის 9.5%-ია, ხოლო მათი ვადაგადაცილებული კრედიტების ჯამური ღირებულება კი გაცემული სესხების 4.3%-ს შეადგენს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ უმეტესად, ვადაგადაცილების მაღალი მაჩვენებელი მიკრო-სესხების სეგმენტში ფიქსირდება.

"კრედიტინფოს" მონაცემებით, ერთი საშუალო ვადაგადაცილებული სესხის მოცულობა 7,928 ლარს შეადგენს.

კრედიტინფოს სტატისტიკა ბანკების გარდა მისო-ების და სესხის გამცემი სხვა სუბიექტების მონაცემებსაც შეიცავს. მისი მიხედვით, ამ ობიექტებში სულ 622,000 აქტიური სესხი ფიქსირდება, რომელთა მოცულობაც 2.2 მილიარდი ლარია. აქედან მსესხებელთა 15.7%-ს ანუ 97,800 მსესხებელს 30 დღიდან 3 წლამდე ვადის ვადაადაცილება უფიქსირდება. ამ სესხების ჯამური მოცულობა კი 273 მილიონი ლარია, რაც გაცემული პორტფელის 12.4%-ია. სტატისტიკის თანახმად, ამ სეგმენტში ერთი ვადაგადაცილებული სესხის საშუალო მოცულობა 2,788 ლარია.

რაც შეეხება ახალ ვადაგადაცილებებს, დეკემბერში საბანკო სისტემაში 11,400 ახალ მსესხებელს დაუფიქსირდა ვადაგადაცილება, ხოლო სესხის გამცემ სხვა სუბიექტებში კი დეკემბერში 6,700 ახალი ვადაგადაცილება დაფიქსირდა.

კრედიტინფოს მონაცემთა ბაზაში ხვდება ბანკების, მისოების და სხვა სესხის გამცემი სუბიექტების მიერ გაცემული 3 მილიონ ლარამდე მოცულობის სესხები. უახლოეს თვეებში ეს მაჩვენებელი 10 მილიონ ლარამდე გაიზრდება, შესაბამისად, ორგანიზაციის საკრედიტო დაფარვის არეალიც გაფართოვდება.

რაც შეეხება თავად სტატისტიკას, 2021 წლის მეოთხე კვარტალში საბანკო სისტემაში ვადაგადაცილებული მსესხებლების წილი რაოდენობრივად 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ვადაგადაცილებული პორტფელის წილი კი უცვლელი დარჩა. შემცირებაა მისოებშიც, სადაც ვადაგადაცილებული მსესხებლების რაოდენობა 18%-დან 15.7%-მდე ჩამოვიდა, ვადაგადაცილებული პორტფელის ღირებულება კი 13%-დან 12.4%-მდე შემცირდა.

კრედიტინფოსგან განსხვავებულია ეროვნული ბანკის სტატისტიკა, რომელიც საბანკო სექტორში ვადაგადაცილების მაჩვენებელს ითვლის არა სასესხო ხელშეკრულებების რაოდენობის, არამედ კრედიტების მთლიანი ღირებულების მიხედვით, თანაც სებ-ის სტატისტიკა მთლიან სასესხო პორტფელს მოიცავს და არა 3 მლნ ლარამდე კრედიტებს. კიდევ ერთი სხვაობაა ის, რომ ეროვნული ბანკის სტატისტიკით ვაგადაცილებულად აღრიცხულია სესხი, რომელიც 90 დღეზე მეტად არის ვადაგადაცილებული, ხოლო კრედიტინფოს სტატისტიკაში კი ვადაგადაცილებული სესხები 30+ დღეზე ვადაგაცილებითაც ხვდებიან. ამ მეთოდოლოგიური სხვაობების გამო, სებ-ის მონაცემებით, 2021 წლის ბოლოსთვის ქვეყანაში ვადაგადაცილებული იყო 538.2 მილიონი ლარის საბანკო კრედიტები, რაც მთლიანად სასესხო პორტფელის 1.3%-ია. ნაცვლად პორტფელის 4.3%-ისა, რაც კრედიტინფოს სტატისტიკაში არის მოცემული, ხოლო უშუალოდ ვადაგადაცილებული მსესხებლების რაოდენობის შესახებ სებ-ი სტატისტიკას არ აქვეყნებს.