25.ივლისი .2020 17:00

მსგავსი გაფრთხილება საქართველოს აშშ-ისგან არასდროს მიუღია-ბათუ ქუთელია პალატის გადაწყვეტილებაზე

views 737
უკან

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 224 ხმით, 189 ხმის წინააღმდეგ კენჭი უყარა სახელმწიფო დეპარტამენტისა და საგარეო ოპერაციების $259.5-მილიარდიანი ბიუჯეტი. დოკუმენტში საუბარია საქართველოსთვის დახმარების სახით $132,025,000 გამოყოფის შესახებ, თუმცა სხვა წლებისგან განსხვავებით, ამჟამად დოკუმენტს წინაპირობა ახლავს, რომლის მიხედვით, ამ დახმარების გაცემის 15% უნდა შეჩერდეს იქამდე, სანამ სახელმწიფო დეპარტამენტი არ დაადგენს, რომ საქართველოში ინსტიტუტების დამოუკიდებლობა, დემოკრატიული გარემო და ბიზნესგარემო არ გაუმჯობესდა, ამასთანავე, არ შემცირდება კორუფციის დონე და განმტკიცდება ანტიკორუფციული რეგულაციები.

წარმომადგენლობითი პალატის გადაწყვეტილებას bm.ge-სთან აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩი, ანალიტიკოსი ბათუ ქუთელია აფასებს. მისი თქმით, მსგავსი გაფრთხილება საქართველოს ხელისუფლებას სტრატეგიული პარტნიორისგან არასდროს მიუღია.

„თუკი კონგრესის გადაწყვეტილება საკანომდებლო ხასიათის იქნება, მაშინ აშშ-ის ოფიციალური საგარეო პოლიტიკის ნაწილი გახდება ის კონკრეტული დეტალები, რაზეც ამ დოკუმენტშია საუბარი. მასში კი საუბარია იმაზე, რომ საქართველოს გამოყოფილი ასიგნებების 15% არ დაიხარჯება, სანამ სახელმწიფო მდივანი არ წარუდგენს კონგრესს ანგარიშს, რომ ის პრობლემები, რაც ასახულია ანგარიშში, მოგვარებულია. ეს არის პრობლემების კასკადი - არჩევნების ნორმალურ გარემოში ჩატარება, დემოკრატიის მაღალი ხარისხი, პრესის თავისუფლება, ოპოზიციაზე ზეწოლა, ოლიგარქის ჩარევა ქვეყნის მართვაში და ა.შ. თუკი კონგრესს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი ანუ მაიკ პომპეო ამ შემთხვევაში მოახსენებს აშშ-ის მთავრობას, რომ ეს პრობლემები გამოსწორდა, აღნიშNული 15% დაიხარჯება, თუ არადა ემბარგო  ძალაში დარჩება“, - განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

მისი თქმით, ეს არის ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში უპრეცედენტოდ დაბალი წერტილი და მსგავსი რამ აქამდე არ მომხდარა.

„მიუხედავად ბევრი და საკმაოდ დახუნძლული დღის წესრიგისა, ასეთი გაფრთხილება საქართველოს ხელისუფლებას არ მიუღია. ხელისუფლებას და მთავრობას აფრთხილებდა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი იმაზე, რაზეც სულ იყო გაფრთხილება დახურულ კარს მიღმაც, ღიადაც, თუმცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ეს არ შეისმინა და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს მოუწია ამის დეკლარირებულად გაცხადება. ამ გადაწყვეტილებას ასევე მოჰყვება ისიც, რომ ჩვენ სხვა რაიმე ახალ, პოზიტიურ საკითხებზე ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგში ვერ ვისაუბრებთ. მთელი ძალისხმევა და ენერგია ყველაფრის გამოსწორებაზე უნდა წავიდეს. პირველი ტესტი იმისა, თუ როგორ გაიგო „ქართულმა ოცნებამ“ ის მდგომარობა, რაშიც ახლა ვართ სტრატეგიულ პარტნიორთან, იქნება არჩევნები, ეს იქნება საზომი იმისა, რჩება საქართველო აშშ-ის პარტნიორად, თუ გადაუხვია და წავედით რუსეთისკენ“, - განაცხადა ბათუ ქუთელიამ.