მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მშენებლობის დაკარგული ხმები - ვინ როგორ აპირებს სამუშაოების განახლებას?

5e8f32170bf00
დავით ჯალაღონია
10.04.20 09:40
1475
პანდემიური გარემო ქვეყანაში თუ სადმე ჩანს, პირველ რიგში, ალბათ - მშენებლობის უკვე დაკარგულ ხმებში. წესებს, რომლის შეცვლას, ან მორგებას დღეს ბიზნესი და სახელმწიფო ერთად ცდილობს, COVID-19 წერს, თუმცა ამ რეალობაში პირველი ხმაურის შესატანად მზადება დაიწყო.

პროტოკოლი ასეთია: დეველოპერი სპეციალური აპლიკაციით ეკონომიკის სამინისტროს ამცნობს, რომ ჯანდაცვის უსაფრთხოების გამკაცრებულ პირობებში სამუშაოდ მზად არის, ამის შემდეგ კი ადგილზე ვითარების შემოწმებისა და მთავრობის გადაწყვეტილების ჯერი დგება - თუ დადგინდა, რომ კომპანია წესებს დაიცავს, ის საქმიანობას გააგრძელებს. რიგში ბევრია, თუმცა მათი ნაწილი ფიქრობს, რომ მზაობის დამადასტურებელი აპლიკაცია თანამშრომლების სამსახურში დასაბრუნებლად საკმარისი არ არის, ისინი კორონავირუსის მართვის უფრო მეტად დასტაბილურებას ელოდებიან, მათ შორის კომპანია GDG ჯგუფის დამფუძნებელი ბეჟან წაქაძე, რომელსაც თბილისში - სამი, რეგიონებში კი ორი მშენებარე ობიექტი აქვს გაჩერებული.

"მუშები რაიონებში წავიდნენ. ძირითადი მასა რაიონებიდან არის, ბევრს არ სურს მუშაობა და სწორიც არის, ამიტომ ამის გამო მთლიანად დავკეტე ყველაფერი, როგორც თბილისში, ისე - დასავლეთ საქართველოში.

ეს აპლიკაცია (საქმიანობის განახლების ნებართვისთვის) გასაგებია, მაგრამ ბრიგადებია საჭირო, ეს იქნება მონოლითური თუ გარკვეული სარემონტო სამუშაოები. ერთი და ორი კაცი საკმარისი არ არის, ბრიგადები დაშლილია, ზოგი რაიონებშია, ზოგი სახლში ზის. როგორც კი დასტაბილურდება სიტუაცია, სამუშაოები გაგრძელდება. ეს ხალხი დიდხანს ვერ გაძლებს უმუშევრად, ჩამოვლენ, სამუშაოს არ დაკარგავენ", - ამბობს ბეჟან წაქაძე.

თანამშრომლების სამშენებლო ობიექტებზე ორგანიზებულად გამოყვანა რომ ერთ-ერთ გამოწვევა იქნება, ამას კომპანია "არსის" დამფუძნებელი თორნიკე აბულაძეც აღნიშნავს, თუმცა აქვე კიდევ ერთ გარემოებაზე საუბრობს - სამუშაო პროცესის გასაგრძელებლად მასალების მიწოდება და შეკვეთებია საჭირო, ამ ჯაჭვის გამართულად მუშაობაზე კი დღეს პროგნოზებისთვის ადგილი არ რჩება.

"მასალების მოწოდება და შეკვეთები პრობლემატურია, რადგან ბევრი საწარმო, მომწოდებელი დახურულია. ჩვენ ხომ მარტო ჩვენ მიერ განაცხადის შევსებაზე არ ვართ დამოკიდებული, აქ საუბარია მათზეც, ვინც ჩვენ მასალებს გვაწვდის. ეს სექტორი ძალიან გადაჯაჭვულია, ბევრი სფეროა აქ ჩართული, შესაბამისად, ყველა უნდა მუშაობდეს, ყველას აპლიკაცია უნდა ჰქონდეს შევსებული, რაც დაბრკოლებას წარმოადგენს - ზოგი დაიკეტა, ზოგს განაცხადი ჯერ არ შეუვსია, ზოგს იმედი აქვს, რომ შეავსებს და ა.შ, რაც თავისთავად გარკვეულ შეფერხებას წარმოდგენს", - განმარტავს თორნიკე აბულაძე.

სექტორის სხვა წარმომადგენლების გარკვეული ნაწილის მსგავსად, განაცხადები უკვე შეავსო და სამუშაოების აღდგენისთვის მზად არის კომპანია "ანაგი", რომლის ობიექტებიდანაც BM.GE-მ ფოტომასალა მიიღო. სადეზინფექციო საშუალებებით, თერმოსკრინინგით და სხვა ატრიბუტებით, აქ პროცესის განახლებას უკვე უახლოეს საათებში ელოდებიან.


"დღეის მდგომარეობით, ყველა მიმდინარე ობიექტზე გავაგზავნეთ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ დადგენილი ფორმის მიხედვით განაცხადები, ობიექტების ნაწილზე უკვე ავიღეთ ნებართვა, რომ სამუშაოები გავაგრძელოთ, ნაწილზე ველოდებით. ყველა ობიექტი მთავრობის რეკომენდაციებისა და მითითების დაცვით გვაქვს მომზადებული, რომ შემოწმება გავიაროთ", - აცხადებს "ანაგის" იურიდიული დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსი მარიამ დვალიშვილი.



ამ ყველა დეველოპერს საქმიანობისთვის სამშენებლო მასალა სჭირდება. მასალების მწარმოებლები, თუ დისტრიბუტორები კი იმპორტირებულ პროდუქციაზე არიან დამოკიდებულები. ბაზრის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშე - კომპანია "ნოვას" გენერალური დირექტორი ედიშერ ხიმშიაშვილი განმარტავს, რომ დღევანდელი მდგომარეობით, მათ ბევრი შეკვეთა გააუქმეს, რადგან იმპორტირებულ პროდუქციაზე დამატებული ღირებულების გადასახადი საქონლის შემოტანიდან ხუთ დღეშია გადასახდელი, მაგრამ ამ ხუთ დღეში მასალები გაიყიდება თუ არა უცნობია, ამიტომ ხიმშიაშვილი ფიქრობს, რომ მთავრობა "ოქროს სიის" პირობებს უნდა დაუბრუნდეს, როცა იმპორტზე დღგ-ს ანგარიშსწორებისთვის ვადა 30 დღე იყო.

"მე ვფიქრობ, რომ იმპორტზე დღგ მაშინ უნდა გადავიხადოთ, როცა რეალიზება მოხდება, რადგან კრიზისის ხანგრძლივობა არ ვიცით და არავინ იცის, ამ პროდუქციას 30 დღეში ვინმე გაყიდის თუ - არა, ან თუნდაც მის 20%-ს, რომ დღგ გადაიხადოს.

თუმცა ის, რომ "ოქროს სიის" სტატუსი აღადგინონ, ძალიან კარგი იქნება. ჩვენ არაერთხელ დავაყენეთ ეს მოთხოვნა ასოციაციების მეშვეობით, პირადი კომუნიკაციის დროს სამინისტროებთან. ეს ნამდვილად კარგი იქნება სახელმწიფოს მხრიდან", - მიიჩნევს ედიშერ ხიმშიაშვილი.

ამ ეტაპზე სახელმწიფო ანტიკრიზისული გეგმის მომზადების პროცესშია. პრემიერ-მინისტრს ეკონომიკის სტიმულირების 2 მილიარდ ლარიანი პაკეტი აქვს, თუმცა, სად იქნება აქ სამშენებლო ან ნებისმირი სხვა სექტორის ადგილი, ეს გადაწყვეტილებები უკვე მთავრობის ხელშია. ჯერჯერობით კონკრეტულად ისიც უცნობია, ეს 2 მილიარდი სახელმწიფო ბიუჯეტის რომელი მუხლების, ან რომელი დონორების თანხების ჯამს უდრის.