მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიო ბანკი - გახარიასთან საუბრის ერთ-ერთი თემა ვაქცინაციის გეგმები იყო

601e48e9db903
BM.GE
06.02.21 12:10
443
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის ანა ბიერდეს შეხვედრას მსოფლიო ბანკი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ოფიციალურ გერდზე ეხმაურება.

მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, რომ საუბრის მთავარი თემები ვაქცინაციის გეგმები, რეფორმების დღის წესრიგი და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის საკითხი იყო.

„საუბარი ასევე შეეხო მსოფლიო ბანკის შესაძლო დახმარებას პოსტპანდემიურ ეტაპზე ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი განვითარების მიმართულებით, რათა ხელი შევუწყოთ ქვეყნის ყველა მოქალაქის კეთილდღეობას”, - აღნიშნავს მსოფლიო ბანკი.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით კი, საუბრისას ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკს შორის არსებულ ეფექტურ და ნაყოფიერ თანამშრომლობას. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ისეთი საფინანსო ინსტიტუტის მხარდაჭერას, როგორიც მსოფლიო ბანკია, განსაკუთებით ამ გამოწვევებით სავსე პერიოდში. პრემიერ-მინისტრმა პანდემიის პერიოდში არაერთი მიმართულებით გაწეული მხარდაჭერისთვის მსოფლიო ბანკს მადლობა გადაუხადა.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ COVAX-პლატფორმის გარდა, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს სხვადასხვა სახელმწიფოსთან ვაქცინაზე დროული ხელმისაწვდომობის კუთხით და ამ პროცესში საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას და ხელშეწყობას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

ყურადღება გამახვილდა მსოფლიო ბანკის პორტფოლიოში არსებულ მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, მათ შორის, მსოფლიო ბანკის მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების დახმარებისა და აღდგენის პროექტზე, ადამიანური კაპიტალის განვითარების პროგრამაზე და ა.შ. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მსოფლიო ბანკის პროგრამებმა საქართველოს მთავრობას ხელი შეუწყო ისეთ მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებაში, როგორიცაა საპენსიო რეფორმა, დეპოზიტების დაზღვევის სისტემის, კაპიტალის ბაზრის განვითარების, საჯარო-კერძო პარტნიორობის სისტემის რეფორმა და სხვა. გიორგი გახარიას შეფასებით, პრინციპული მნიშვნელობა ენიჭება მსოფლიო ბანკის მხარდაჭერას სახელმწიფო საწარმოების კომპლექსური რეფორმის განხორციელებასა და შესაბამისი სტრატეგიის შემუშავებაში, რომელზეც აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

მსოფლიო ბანკის მხრიდან დადასტურდა მზაობა, მხარი დაუჭირონ საქართველოში იმ სტრუქტურული და ეკონომიკური რეფორმების განხორციელებას, რომლებიც გათვალისწინებულია ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით საქართველოს მთავრობის უმთავრესი გეგმით – 2024 წლისთვის ევროკავშირში წევრობის ოფიციალური განაცხადის გაკეთებასთან დაკავშირებით.