09.ოქტომბერი .2019 16:35

მსოფლიო ბანკი: საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება კორუფციისაგან თავისუფლებით ევროპაში მე-13 ადგილზეა

views 216
უკან

2019 წლის პირველ ოქტომბერს, მსოფლიო ბანკმა “მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების” მორიგი გამოკვლევა გამოაქვეყნა, სადაც საქართველო კორუფციის კონტროლის მიხედვით მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის ევროპის საუკეთესო ოცეულში გამწესდა. აღნიშნულ კვლევასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

კორუფციის კონტროლის შეფასებისას, მსოფლი ბანკი დაეყრდნო 11 სხვადასხვა მასშტაბურ კვლევას და მსოფლიო წამყვანი კვლევითი ცენტრების კვალიფიციურ ექსპერტიზას. კვლევა, რომელიც “მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების” მეთოდოლოგიით გადამუშავდა, საშუალებას იძლევა, სარეიტინგო თვალსაზრისით შეფასდეს აღმასრულებელი ხელისუფლების კორუფციისაგან თავისუფლების დონე სამ პრობლემატურ საკითხთან მიმართებით:
1. კორუფცია ადმინისტრაციასა და ადგილობრივ ბიზნესს შორის;
2. კორუფცია ადმინისტრაციასა და უცხოურ ბიზნესს შორის;
3. წვრილმანი კორუფცია ადმინისტრაციასა და მოქალაქეებს შორის.

შემაჯამებელი შეფასების 100%-ინი სკალიდან საქართველომ 75%-ი მიიღო, მსოფლიოში 21-ე ადგილზე გავიდა, ევროპის საუკეთესო ოცეულში კი მეცამეტე პოზიციაზე მოხვდა.

„საქართველომ რეიტინგში გაუსწრო ისეთ მოწინავე ეკონომიკებს, როგორიცაა ირლანდია შვეიცარია, ჰონგ კონგი, სლოვენია, კვიპროსი, ჩეხეთი, პორტუგალია, პოლონეტი, მალტა, ხორვატია, იტალია, უნგრეთი, სლოვაკეთი, ბულგარეთი, ესპანეთი, საბერძნეთი, რუმინეთი, და ა.შ. ამასთან, საქართველო რეიტინგში გაუთანაბრდა ლიეტუვას და იაპონიას.

მთლიანობაში ინსტიტუციური პროფილების მონაცემთა ბაზაში მოცემულია მრავალი ინდიკატორი 100+ განვითარებული და განვითარებადი ქვეყნის ინსტიტუციური მახასიათებლების შესახებ.

ეს სპეციალური გამოკვლევა ხორციელდება საფრანგეთის ეკონომიკის, ინდუსტრიისა და დასაქმების სამინისტროს, აგრეთვე საფრანგეთის განვითარების სააგენტოს ექსპერტების ჩართულობით და ამ ორივე უწყების სტაფის მონაწილეობით“, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

თავის მხრივ, გლობალური მმართველობის ინდიკატორები (World Governance Indicators) წარმოადგენს კვლევით მონაცემთა ბაზას, რომელიც სრულად ეფუძნება სხვადასხვა გლობალურ რეიტინგებსა და შეფასებებს (მაგ. Freedom House, IREX Media Sustainability Index, Open Budget Index, World Justice Project და ა.შ. სულ 33). აღნიშნული მონაცემები თავის მხრივ ეყრდნობა კვლევით ინსტიტუტებისა და ცენტრების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ისევე როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლების გამოკითხვის შედეგად მიღებულ მოსაზრებებსა და შეფასებებს. არსებული გლობალური რეიტინგების აგრეგაციის გზით გლობალური მმართველობის ინდიკატორების მიერ ხდება ახალი ერთიანი მაჩვენებლების მიღება. გლობალური მმართველობის ინდიკატორებით მსოფლიოს მასშტაბით ფასდება 214 ქვეყანა და ტერიტორია, მათ შორის, მსოფლიო ბანკის წევრი 189 სახელმწიფო. კვლევა მოიცავს პერიოდს 1996 წლიდან 2018 წლის ჩათვლით.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა