მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიო ბანკი საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 5.5%-მდე ზრდის - მოლინეუსი

6295c2ab6288f
შოთა ტყეშელაშვილი
31.05.22 11:25
1126
მსოფლიო ბანკი საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს კვლავ ომამდელ ნიშნულამდე - 5.5%-მდე გაზრდის. ამის შესახებ დღეს კავკასიაში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობის უფროსმა სებასტიან მოლინეუსმა განაცხადა. მისი თქმით, შესაბამისი ცვლილება ივნისის პირველ ან მეორე კვირაში აისახება ბანკის პროგნოზებში.

აღსანიშნია, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2.5%-მდე შეამცირა.

“მსოფლიო ბანკმა რამდენიმე თვის წინ საქართველოს ზრდის პროგნოზი 5.5%-დან 2.5%-მდე შეამცირა. ამის მიზეზი იყო ძალიან დიდი გაურკვევლობა უკრაინის ომის გათვალისწინებით. ასევე სანქციების ეფექტი და ამ სანქციების გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე სხვადასხვა არხიდან, მათ შორის გადმორიცხვების წყაროდან, ასევე მაღალი ინფლაციიდან და ვაჭრობაზე მიყენებული დარტყმიდან, თუმცა რაც ვიხილეთ, საქართველოს ეკონომიკამ გამოავლინა საოცარი გამძლეობა და სიმყარე და აჩვენა პირველ კვარტალში საკმაოდ შთამბეჭდავი ზრდა. ამიტომაც ჩვენ ახლა გადავხედავთ საქართველოს ეკონომიკურ ზრდას და ამჟამად მივიჩნევთ, რომ საქართველოს ეკონომიკა მართლაც გაიზრდება იმ 5.5%-ით, რაც იყო წლის დასაწყისში ნავარაუდევი,”- განაცხადა სებასტიან მოლინეუსმა.

დღეს გამოქვეყნდა აპრილის ეკონომიკური ზრდის ანგარიში, რომლის მიხედვითაც გასულ თვეში ეკონომიკა 2.6%-ით გაიზარდა. ჯამურად წლის პირველ 4 თვეში ზრდა 10.8% იყო.

"2022 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: ტრანსპორტი და დასაწყობება, სასტუმროები და რესტორნები, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ხელოვნება, გართობა და დასვენება, სამთომოპოვებითი მრეწველობა.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის, დამამუშავებელი მრეწველობის, პროფესიული, სამეცნიერო, ტექნიკური საქმიანობებისა და ვაჭრობის დარგებში,"- ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.

აპრილის განმავლობაში საქართველოს კერძო სექტორის (დღგ-ის გადამხდელი კომპანიების) ბრუნვამ 9.7 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 11.7%-ით მეტია.