მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიო ბანკი: საყოველთაო ინტერნეტიზაციაში ჩვენი ჩართულობა $30-დან $50 მილიონამდე იქნება

5e25867c0c036
შოთა ტყეშელაშვილი, სალომე მეცხვარიშვილი
20.01.20 14:56
1505
BMG ე.წ. "საყოველთაო ინტერნეტიზაციის" პროექტის შესახებ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონალურ დირექტორს სებასტიან მოლინეუსს ესაუბრა.

მოლინეუსის თქმით, ამ ეტაპზე მსოფლიო ბანკი განიხილავს, რომ ამ პროექტში მათი ჩართულობა $30-დან $50 მილიონ დოლარამდე იქნება. ამასთანავე, ბანკის რეგიონალური დირექტორი ამბობს, რომ ისინი ამჟამად პროექტის დამტკიცების შესახებ მსოფლიო ბანკის ბორდის გადაწყვეტილებას ელოდებიან. 

"ინტერნეტიზაცია ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. ამჟამად ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა შედარებით მაღალ დონეზეა, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში, თუმცა ვიცით, რომ საქართველოს რეგიონებსა და სოფლებში ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა არაა. შესაბამისად, ეს მათ უზღუდავს შესაძლებლობას, იყვნენ მსოფლიო ეკონომიკის ნაწილი. სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც ვმუშაობთ საქართველოს მთავრობასთან ერთად პროექტის შემუშავებაზე, რომლის მიზანია, 700-მდე მოშორებით მდებარე სოფლისთვის ინტერნეტზე წვდომის შესაძლებლობის გაჩენა.

ჩვენ ამას ვაკეთებთ ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარებით. ასევე ვმუშაობთ კერძო სექტორთან, ინტერნეტის პროვაიდერებთან, რათა უზრუნველვყოთ მათი ჩართულობა ამ პროექტში. ამასთანავე, ჩვენ ვსწავლობთ ინტერნეტის გამოყენების სხვადასხვა შესაძლებლობებსაც, მაგალითად, ეს შეიძლება იყოს E-education (ელექტრონული განათლება) აღნიშნული პროექტი განათლების მიღებაში დაეხმარება მათ, ვინც მოშორებულ თოვლით დაფარულ ტერიტორიაზე ცხოვრობს. ეს შეიძლება იყოს E-Health (ელექტრონული ჯანდაცვის) სერვისები, ეს შეიძლება იყოს ადგილობრივი მეწარმეობის წახალისება.

 ვერ ვისაუბრებ განვლილ ხუთ წელზე, რადგან სულ 6 თვეა, რაც ამ თანამდებოვაზე ვარ. რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ ეს პროექტი მიმდინარეობს რამდენადაც შესაძლებელია სწრაფ ტემპებში. ჩვენ ამჟამად მსოფლიო ბანკის ბორდის წევრებისგან თანხმობას ველოდებით ამ პროექტზე. ვფიქრობ, მომდევნო 6 თვის განმავლობაში შევძლებთ დავიწყოთ პროექტის იმპლემენტაცია.

რაც შეეხება ჩვენს ფინანსურ მონაწილრობას პროექტში, რამდენიმე ვარიანტს განვიხილავთ. ჩართულობა მინიმუმ 30 მილიონი იქნება, თუმცა, ეს თანხა შეიძლება გაიზარდოს 50 მილიონამდეც. ამჟამად განხილვის პროცესი მიმდინარეობს.

ფონდი "ქართუს" ჩართულობის შესახებ ამ პროექტში ჩემთვის ცნობილი არ არის. ჩვენ ურთიერთიბა ძირითადად ხელისუფლებასთან გვაქვს. შემიძლია გითხრათ, რომ პროექტი კონკურენტული ტენდერის მიშვეობით წარიმართება და პროექტის განმახორციელებელი კომპანიების გამოვლენა კონკურენტული ტენდერით მოხდება", - ამბობს სებასტიან მოლინეუსი. 

საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტზე საუბარი, დაახლოებით, ხუთ წელზე მეტია მიმდინარეობს, თუმცა მისი აქტიური განხორციელება ამ დრომდე არ დაწყებულა. პროექტისთვის მთავრობამ  “ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს” ბაზაზე სპეციალური იურიდიული პირი - "Open Net-ი” 2015 წლის 21 ივლისს დააფუძნა. 

2015 წელს ეკონომიკის სამინისტრომ პროექტის განხორციელებისთვის ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა, თუმცა კერძო კომპანიებმა მასში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს. 

2016 წლის 28 ივლისს საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება #375, რომლითაც ქვეყანაში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგია დამტკიცდა. 

2016 წელს, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული “ქართუ ფონდი” პროექტში ჩაერთვებოდა და რეგიონების ინტერნეტიზაციისთვის $100 მილიონ დოლარს დახარჯავდა. როგორც დრო აჩვენებს, აღნიშნული განცხადება მცდარი აღმოჩნდა. 

2019 წლის ბოლოს საქართველოს მთავრობამ აღნიშნული პროექტი ხელახლა დაანონსა.  2020 წლის 10 იანვარს კი, საქართველოს მთავრობამ 2016 წელს მიღებული სტრატეგიის მოდიფიცირება მოახდინა. 

დღეს არსებული სამუშაო პროექტით 2025 წლისთვის საქართველოს რეგიონები ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურით უნდა იყოს დაფარული.