მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიო ბანკის მმართველობის ეფექტიანობის ინდექსში საქართველო 41-ე ადგილზე დაწინაურდა

5f733dc273492
შოთა ტყეშელაშვილი
29.09.20 18:08
1317
მსოფლიო ბანკის მთავრობის ეფექტიანობის ინდექსში, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში მმართველობის ეფექტიანობის პარამეტრებს აფასებს, საქართველომ 41-ე ადგილი დაიკავა. 2019 წელს გამოქვეყნებულ ინდექსში საქართველო 45-ე ადგილს იკავებდა. ქვეყნის დაწინაურება მისი აბსოლუტური ქულის გაუმჯობესებამ განაპირობა.

ანგარიშში, რომელშიც მთავრობების ეფექტიანობა 0-დან 100 შკალაზე ფასდება, საქართველოს მმართველობითმა სტრუქტურამ 76.92 ქულა აიღო. გასულ წელს გამოქვეყნებულ ინდექსში კი საქართველოს შეფასება თითქმის 3 ქულით დაბალი იყო და 74.04-ს შეადგენდა.

თავის მხრივ, მთავრობის ეფექტიანობის ინდექსი დამოუკიდებელი ინდექსი არაა და ის სხვა ინდექსებს ეფუძნება. მათ შორისაა ღია ბიუჯეტის ინდექსი, კორუფციის აღქმის ინდექსი, Freedom House-ის ინდექსი, World Justice Project-ი და სხვა ანგარიშები.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში საქართველოს განვლილ გზას, რეფორმებსა და პროგრესს ასახავს.

„ვუსწრებთ მსოფლიოს არაერთ ქვეყანას. მთლიანობაში კვლევაში შეფასებულია 200-მდე ქვეყანა და მსოფლიოში 41-ე ადგილზე ვართ, ევროპაში კი ოცეულში შევდივართ. რაც შეეხება ჩვენს პოზიციებს რეგიონში, პირველი ადგილით უპირობო ლიდერები ვართ. შედარებისთვის, 2012 წელს კორუფციის კონტროლის მიხედვით საქართველო 62-ე ადგილზე იყო და ეს ასახავს იმ განვლილ გზას, იმ რეფორმებს, იმ პროგრესს, რაც საქართველომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში განიცადა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მსოფლიო ბანკის მმართველობის ეფექტიანობის ინდექსში საქართველოს დაწინაურება შეაფასა პრემიერის ეკონომიკურმა მრჩეველმა ბექა ლილუაშვილმაც. მისი თქმით, 2012 წლის იგივე მაჩვენებლით, საქართველო მსოფლიოში 62-ე ადგილზე იმყოფებოდა.

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“, როგორც მმართველი პოლიტიკური ძალის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა და შედეგი, ამ ქვეყანაში, დემოკრატიული და სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარების შეუქცევადი პროცესის დანერგვაა. ეს არაერთხელ დადასტურდა და შეფასდა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. სწორე, ერთ-ერთი ასეთი, ყველაზე მაღალრეპუტაციული საერთაშორისო ორგანიზაციის, მსოფლიო ბანკის კვლევა გამოქვეყნდა. ეს კვლევა არის მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები კვლევა, რომელიც ქვეყანაში სხვადასხვა ინსტიტუტების განვითარების ხარისხს აფასებს. ამ კვლევის მიხედვით, საქართველოში, კორუფციის კონტროლის ხარისხის მიხედვით, საქართველო უკვე მესამედ მოხვდა ევროპის საუკეთესო ოცეულში, რეგიონის ლიდერი ქვეყანაა და უსწრებს ევროკავშირის ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის ესპანეთი, იტალია, ლატვია, ჩეხეთი და სხვა. უნდა აღვნიშნოთ, რომ 2012 წლის იგივე მაჩვენებლით, საქართველო მსოფლიოში 62-ე ადგილზე იმყოფებოდა“, - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

კვლევაზე საუბრისას, პრემიერის მრჩეველმა ყურადღება გაამახვილა შეფასებებზე, რომელიც მთავრობის ეფექტურობასა და კანონის უზენაესობას ეხება.

„გარდა ამისა, საქართველომ, ამ შეფასებების მიხედვით, ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია მთავრობის ეფექტურობის თვალსაზრისით. ამ კატეგორიაში, ის არის მსოფლიოში 37-ე ადგილზე, ხოლო ევროპაში 24-ე ადგილზე და უსწრებს ისეთ სახელმწიფოებს, როგორიც არის საბერძნეთი, იტალია, ხორვატია, ბულგარეთი და სხვა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი, ეს არის კანონის უზენაესობა, რომლის მაჩვენებლით, საქართველო უსწრებს ნატო-ს წევრ 7 სახელმწიფოს, ევროკავშირის წევრ 3 სახელმწიფოს და ეს მონაცემი შეფასდა მსოფლიოს 11 წამყვანი ანალიტიკური ორგანიზაციის შეფასებებისა და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის შემაჯამებელი შეფასების საფუძველზე. რომ შევაჯამოთ, ქვეყანაში მიმდინარეობს დემოკრატიული ინსტიტუტების შეუქცევადი განვითარების პროცესი და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.