მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიო ბანკის რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას

5e9ae8bb6aa46
BM.GE
18.04.20 17:50
1941
მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიის რეგიონში სებასტიან მოლინეუსმა გადაცემა "ანალიტიკაში", ელენე კვანჭილაშვილთან ინტერვიუში იმ საკითხებზე ისაუბრა, რასაც COVID-19-ის პერიოდში, მისი აზრით, საქართველოს მთავრობამ განაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს. 

მოგესალმებით, ბატონო სებასტიან. დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. რა არის ის მთავარი ამოსავალი, რასაც მსოფლიო ბანკი თავის მხარდაჭერას აფუძნებს საქართველოსთან მიმართებით?

პირველ რიგში, დიდი მადლობა, რომ შესაძლებლობა მაქვს თქვენს მაყურებელს ვესაუბრო. გლობალურად ჩვენ 15 მილიარდი ამერიკული დოლარის მოცულობის სწრაფი და მყისიერი დახმარება გავეცით კოვიდ-19-ის პირველ გამოწვევებთან გასამკლავებლად. ეს იყო ძირითადად ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მიმართულებით.
მომდევნო 15 თვის განმავლობაში ეს დახმარება მიაღწევს 160 მილიარდ ამერიკულ დოლარს, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით დავეხმაროთ ბიზნესებს და ეკონომიკებს.

რაც შეეხება კონკრეტულად საქართველოს, დღეს ჩვენ ფინანსური დახმარების სამ პაკეტზე ვმუშაობთ. პირველი - დავეხმაროთ მთავრობას, რომ პასუხი გასცეს ჯანმრთელობასთან და სოციალურ დაცვასთან დაკავშირებულ გამოწვევებს; ამ მიმართულებით განსაკუთრებით აქტიურად ვმუშაობთ აზიის საერთაშორისო საინვესტიციო ბანკთან; მეორე - ჩვენ ვეხმარებით საქართველოს ბიუჯეტს, რომ მოსალოდნელი დეფიციტი შემცირდეს; და მესამე - ჩვენ ვაპირებთ, დავეხმაროთ მცირე და საშუალო ბიზნესს იმისთვის, რომ მათ აღადგინონ სამუშაო ადგილები და აამუშავონ ეკონომიკა - ყურადღებას ვამახვილებთ განსაკუთრებით დაზარალებულ სექტორებზე როგორიც არის მაგალითად ტურიზმი.

დღეს კონკრეტულ რიცხვებს ვერ ვიტყვი, მაგრამ იმედი მაქვს, რომ დეტალები უკვე ძალიან მალე გვეცოდინება.

დაახლოებით რა პერიოდზე ვსაუბრობთ?

პირველი ფაზა განხორციელდება აპრილის ბოლოს. დაახლოებით 23 აპრილისთვის უკვე გვეცოდინება დახმარების
კონკრეტული მოცულობა ამ მიმართულებით.  დანარჩენ ფაზებთან დაკავშირებით უფრო დეტალური ინფორმაციის მოწოდებას მაისის ბოლოსკენ შევძლებ.

ეთანხმებით თუ არა იმ მოსაზრებას, რომ საქართველოს დასჭირდება ახალი კონკურენტული უპირატესობების ძიება იმისთვის, რომ პოსტ-პანდემიურ პერიოდში ინვესტორები მოიზიდოს?

პირველ რიგში, იმას ვიტყვი, რომ სწორედ იმიტომ რომ საქართველომ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმები გაატარა, თანმიმდევრულად და ამ რეფორმებით განსხვავებული სექტორები მოიცვა - საქართველოს მთავრობას და თავად საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების დიდი პატივისცემა და ნდობა მოუტანა.
სწორედ ამიტომ მსოფლიო ბანკისთვის და სხვა პარტნიორებისთვისაც დღეს საქართველოს გვერდით დგომა მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო იყო რეფორმატორი ქვეყანა და ამ ტენდენციას პანდემიის შემდეგაც გააგრძელებს.

ახლა რაც შეეხება მომავალს, ვფიქრობ, აქ შესაძლებლობებიც იკვეთება. მიწოდების ჯაჭვები სერიოზულად ირღვევა და საქართველომ თავისი მდებარეობიდან გამომდინარე ჩინეთსა და ევროპას შორის ეს აუცილებლად უნდა აქციოს სტრატეგიულ უპირატესობად.

მეორე - ვფიქრობ, ციფრული გადაწყვეტები ძალიან მნიშვნელოვანი სფერო შეიძლება აღმოჩნდეს საქართველოსთვის. რა შეუძლია საქართველოს მთავრობას, რომ შეამციროს რიგები და ბიუროკრატია და მეტი ციფრული პლატფორმა შესთავაზოს მოქალაქეების თავისის სერვისების მისაღებად? და ასევე - რა შეუძლია საქართველოს კერძო სექტორს - შეიძლება თუ არა მეტი ონლაინ პლატფორმა შეიქმნას, შეძლებენ თუ არა ქართული კომპანიები ითავონ ლიდერობა ამ ციფრული ეკონომიკისა და რევოლუციის ხანაში? აქაც ბევრი შესაძლებლობაა საქართველოსთვის.

და ბოლოს - გარემოს დაცვის მიმართულება. ვფიქრობ, საქართველოს ყველა მოქალაქემ იგრძნო, რომ პანდემიის ერთი შედეგი უფრო სუფთა ჰაერიც არის. ამდენად აქ კითხვა ასეთია: შეძლებს თუ არა მიმდინარე კრიზისი გარემოს დაცვისკენ გადადგმული ნაბიჯების კატალიზატორად ქცევას და დააჩქარებს თუ არა ამ მიმართულებით დაგეგმილ რეფორმებს?

ეს შესაძლებლობები უფრო შორეული პერსპექტივაა - ყოველ შემთხვევაში დღევანდელი გადმოსახედიდან. მანამდე - რა მოუვა ეკონომიკას, გლობალურად და კონკრეტულად საქართველოს შემთხვევაში?

კიდევ ერთხელ. ძალიან კარგი კითხვაა. გულწრფელი რომ ვიყო, გლობალური რეცესია გარდაუვალია. რეცესია შეეხება ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონსაც. და რა თქმა უნდა, გავლენას მოახდენს საქართველოზეც.
კოვიდ-19-მდეც ამ მსოფლიოში ბევრი გაურკვევლობა იყო - იგივე ბრექსიტი, იგივე სავაჭრო ომების გამო ჩინეთსა და ამერიკას შორის. ამდენად ამ რეგიონს ეკონომიკური ზრდის შენელება ისედაც ემუქრებოდა.

დღეს პანდემიის პირობებში ვხედავთ, რომ პრაქტიკულად ყველა მმართულებით იქნება იქნება ეს ტურიზმი, მიწოდების ჯაჭვის პრაქტიკულად რღვევა, ლოგისტიკური პრობლემები, ექპორტის ვარდნა და პრაქტიკულად გაჩერებული ეკონომიკა მთელი მსოფლიოს მასშტაბით - ამ ყველაფერს ცხადია უარყოფითი გავლენა აქვს.

ჩვენი პროგნოზის მიხედვით, რეგიონის ეკონომიკა შემცირდება 2.8%-ით, თუმცა თუ პანდემია გაძლიერდება მაშინ 4%-იანი ვარდნა იქნება. საქართველოს შემთხვევაში, პროგნოზი 4%-იანი შემცირებაა.

და ბოლოს თქვენს რეკომენდაციებს მოვისმენდი მთავრობის მისამართით...

პირველი - ძალიან მნიშვნელოვანია ჯანდაცვის მრუდის გაბრტყელება და პიკის გადავადება. აქ მთავარია, რომ არ გვეგონოს, რომ ამით პრობლემას ვაგვარებთ. ერთადერთი რასაც ვაკეთებთ არის ის, რომ დარტყმას ვარბილებთ და ეს დრო უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ინვესტირება მოხდეს პირველ რიგში სწორედ სამედიცინო სექტორში. ეს არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება ჩვენთვისაც, როგორც დონორისთვის.

მეორე - აუცილებელია, რომ საქართველომ ყურადღება მიაქციოს მათ, ვინც განსაკუთრებით მოწყვლადია კოვიდ19-ის მიმართ და სოციალური დამხარება უნდა მიიმართოს მათკენ და იმ მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებისკენ, რომლებსაც ყველაზე მეტად დაარტყა პანდემიამ.

მესამე - აუცილებელია იმის უზრუნველყოფა, რომ კერძო სექტორი მზად დახვდეს კარანტინის ზომების შერბილებას და აქტიურად შეუდგეს მუშაობას, რადგან მათ აქტივობაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ გამოვა ამ სიტუაციიდან საქართველოს ეკონომიკა.

და ჩემი ბოლო მოსაზრება ამ მიმართულებით ის არის, რომ კოორდინირებული იყოს ის პრინციპები და გადაწყვეტილებები და ნაბიჯები, რასაც მთავრობა კერძო სექტორთან და დონორებთან შეთანხმების საფუძველზე გადადგამს. და მიხარია, რომ ამ მიმართულებით, ყველაფერი კარგად მიდის.