04.მაისი .2020 11:55

მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ანა ბიერდე გახდა

views 236
უკან

მსოფლიო ბანკის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ორგანიზაციის ვიცე - პრეზიდენტი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში შვედი ეკონომისტი ანა ბიერდე გახდა. ამ პოზიციაზე ის უხელმძღვანელებს მსოფლიო ბანკის სტრატეგიულ, ანალიტიკურ, ოპერაციულ და საგანმანათლებლო საქმიანობას.

"თავისი ოცდახუთწლიანი კარიერის განმავლობაში ანა ბიერდეს რამდენიმე წამყვანი პოზიცია ეკავა მსოფლიო ბანკში. ის აღიარებული ლიდერია ეკონომიკის განვითარების სფეროში, ვიწრო სპეციალიზაციით ინკლუზიურ ზრდასა და მდგრად განვითარებაში. მან ამ პოზიციაზე შეცვალა სირილ მიულერი, რომელიც ვიცე პრეზიდენტის თანამდებობას ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში 2015 წლის ივლისიდან იკავებდა.

ანა ბიერდე აღნიშნულ თანამდებობაზე ბანკის კლიენტი ქვეყნებისთვის განსაკუთრებულ დროს დაინიშნა. COVID-19-ის პანდემიის გამო ბევრ ქვეყანას ჯანდაცვის, სოციალური და ეკონომიკური მიმართულებით არსებულ გამოწვევებთან ბრძოლა უწევს. უწყვეტი გაურკვევლობის ფონზე მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებული ეკონომიკური ბიულეტენის უახლესი გამოცემა გვთავაზობს რეგიონისთვის უარყოფითი ეკონომიკური ზრდის სხვადასხვა სცენარებს, რომელთა თანახმად ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში 2020 წელს ადგილი ექნება ეკონომიკურ ვარდნას და ზრდის მაჩვენებელი -4.4 და -2.8 პროცენტს შორის მოექცევა.

“როგორც ვიცე-პრეზიდენტი ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში, მე მჭიდროდ ვითანამშრომლებ კლიენტი ქვეყნების მთავრობებთან მათ დასახმარებლად განვითარების მიმართულებით შედეგების მიღწევაში, მაგრამ ამჟამად გადაუდებელი აუცილებლობაა COVID-19 -ის პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ შედეგებზე ფოკუსირება“,- აღნიშნა ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ანა ბიერდემ. „მოკლევადიან პერიოდში ჩვენ ვახდენთ დაფინანსების და პოლიტიკის ინსტრუმენტების სწრაფ მობილიზებას ადამიანების სიცოცხლის და საარსებო საშუალებების დასაცავად. შესაბამისი ღონისძიებებით და დაფინანსებით საშუალოვადიან პერიოდში ქვეყნებს დავეხმარებით კრიზისით გამოწვეული ეკონომიკური და ფისკალური სირთულეების დაძლევაში.“

დღეისათვის მსოფლიო ბანკმა უკვე გამოყო 1.4 მლრდ. აშშ დოლარი ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნების დასახმარებლად COVID-19-ით გამოწვეული ზემოქმედების შესამსუბუქებლად. 2020 წლის 2 აპრილიდან დაახლოებით 490 მლნ. აშშ დოლარი იქნა დამტკიცებული საგანგებო რეაგირების ღონისძიებების პროექტებისთვის. ამასთან ერთად, არსებული პროექტებიდან და კრედიტებიდან 925 მლნ. აშშ დოლარის გადანაწილება და გამოყენება მოხდა დამატებითი დაფინანსების ჩათვლით, ქვეყნების დასახმარებლად COVID-19-ის მიმართ საპასუხო ღონისძიებების განხორციელებაში.

ეს დაფინანსება გამოყენებული იქნება სამედიცინო ტექნიკის, მათ შორის, ტესტების კომპლექტების, რესპირატორების და სავენტილაციო მოწყობილობების შესაძენად და ჯანდაცვის სისტემების შესაძლებლობების გასაძლიერებლად, მედიკოსების ტრენინგის ჩათვლით, პანდემიის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ფენის სოციალურ მხარდაჭერასთან ერთად. რეგიონის რამდენიმე ქვეყანა ამჟამად მოლაპარაკებებს აწარმოებს მსოფლიო ბანკთან სამომავლო პროექტების და დახმარების შესახებ, რომელიც მათ ხელს შეუწყობს პანდემიის შედეგების დაძლევაში,"-ნათქვამია განცხადებაში. 

მსოფლიო ბანკი COVID-ის პანდემიიდან შექმნილ ვითარებაში ქვეყნებს ფინანსური დახმარების სახით დაახლოებით 160 მლრდ. აშშ დოლარს გამოუყოფს. თანხების ალოკაცია მომდევნო 15 თვის განმავლობაში მოხდება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა