მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიო ბანკმა გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2.9%-მდე შეამცირა

62a04834e2aba
გიორგი თოლორდავა
08.06.22 12:14
1025
მსოფლიო ბანკმა 2022 წლისთვის გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზის კიდევ ერთხელ შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. ბანკის ვარაუდით, წელს მსოფლიოს ეკონომიკა მხოლოდ 2.9%-ით შეძლებს გაზრდას, რაც რუსეთ-უკრაინის ომითაა განპირობებული.

WB-ის ანალიტიკოსების შეფასებით, მომდევნო წლების განმავლობაში მოსალოდნელია, მაღალი ინფლაციის დონის შენარჩუნება და ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება, რაც, თავის მხრივ, ზრდის საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნების ეკონომიკების დესტაბილიზაციის რისკებს.

საგულისხმოა, რომ ომის დაწყებამდე, იანვარში, მსოფლიო ბანკი გლობალური ეკონომიკის 4.1%-იან ზრდას ვარაუდობდა, თუმცა მიწოდების ჯაჭვების შეფერხებამ და სურსათის, საქონლისა თუ ენერგორესურსების გაძვირებამ მოლოდინების მკვეთრი გაუარესება გამოიწვია.

მსოფლიოს მასშტაბით გაზრდილი ინფლაციის დონის საპასუხოდ, ცენტრალური ბანკები მონეტარულ პოლიტიკას ამკაცრებენ, მსგავსი გადაწყვეტილება უკვე მიიღო აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა და ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა. სავარაუდოა, რომ მომდევნო თვიდან რეფინანსირების განაკვეთის ეტაპობრივ გამკაცრებას ევროპის ცენტრალური ბანკიც დაიწყებს.

მსოფლიო ბანკის შეფასებით, გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობა აჩენს იმის ვარაუდის საშუალებასაც, რომ გლობალური ეკონომიკა სტაგფლაციურ მდგომარეობაში გადავიდეს ანუ სამომხმარებლო ფასების ზრდის ფონზე, ეკონომიკური ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად შენელდეს.

ექსპერტები ასევე არ გამორიცხავენ, რომ განვითარებად ქვეყნებში სესხების ღირებულების მკვეთრმა ზრდამ და ვალუტის გაცვლითი კურსის გაუფასურებამ ფინანსური კრიზისიც კი გამოიწვიოს, ისეთი როგორიც ეს 1980-იან წლებში იყო.