მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიო ბანკმა რუსეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი წელს მეოთხედ შეამცირა

5d9dc6110208e
მიხეილ ხაჩიძე
09.10.19 16:30
1336
მსოფლიო ბანკმა რუსეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2019 წლის განმავლობაში უკვე მეოთხედ შეამცირა. "ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების ეკონომიკის შესახებ" საერთაშორისო ორგანიზაციის გამოქვეყნებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ 2019 წლის ბოლოსთვის რუსეთის მშპ-ს ზრდა 1% იქნება.
 
ჯერ კიდევ იანვარში მსოფლიო ბანკის ანალიტიკოსებმა რუსეთის ეკონომიკის ზრდა 1,5%-ით განსაზღვრეს, შემდეგ კი აპრილში მათი მოლოდინები შემცირდა და 1.4% დადგინდა, თუმცა ბანკმა ივნისში მონაცემები ისევ შეცვალა და ეს მაჩვენებელი 1.2%-ით განსაზღვრა. დღეს კი მსოფლიო ბანკმა ახალი ციფრები წარადგინა, სადაც რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 1%-იანი მატება განისაზღვრა.
 
მიმდინარე ანგარიშიდან ირკვევა, რომ შენელება განპირობებულია რამდენიმე ფაქტორით, მათ შორის, სანქციების დაწესებით. ასევე შემცირებულია უცხოური ინვესტიციებისა და ვაჭრობის დონეც. აღსანიშნავია ისიც, რომ ანგარიშის თანახმად, საცალო გაყიდვების ზრდა შენელებულია 2019 წლის დასაწყისიდან მაღალი დღგ-ის გამო. მსოფლიო ბანკის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ პოლიტიკური გაურკვევლობის გამო, კერძო ინვესტიციების დინამიკა დაბალი რჩება.
 
2020 წლისთვის რუსეთის მშპ-ის ზრდის ხელშემწყობ ღონისძიებებად, მსოფლიო ბანკის ანალიტიკოსები ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ასახელებენ. ამავდროულად, საერთაშორისო ორგანიზაცია 2020 წელს რუსეთის ეკონომიკის ზრდას 1.7%-ით პროგნოზირებს, რაც რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს პროგნოზს შეესაბამება.

რაც შეეხება 2021 წელს, ამ დროისთვის მსოფლიო ბანკი ზრდას 1,8%-ით ვარაუდობს, ხოლო რუსეთის ეკონომიკური სამინისტრო 3.1%-ს.