მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიო ეტაპობრივად უბრუნდება პანდემიამდელ მდგომარეობას და კრიზისიდან გამოდის - გვენეტაძე

6170181c6232e
ინგა მურუსიძე
20.10.21 22:42
414
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის ცენტრალური ბანკების მმართველთა შეხვედრაში, რომელიც სსფ-ს და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში ტარდება. ღონისძიება გასული წლის მსგავსად, წელსაც ონლაინ-ფორმატში წარიმართა. შეხვედრას რეგიონის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

როგორც bm.ge-ს ეროვნული ბანკიდან აცნობეს, ყოველწლიურ შეხვედრაზე მონაწილეებმა ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) მნიშვნელობაზე ისაუბრეს. კობა გვენეტაძემ კონფერენციის მონაწილეებს დეტალურად გააცნო ამ მიმართულებით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯები. აქვე აღსანიშნავია, რომ დისკუსიაში მონაწილეობა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონეტარული და კაპიტალის ბაზრების დეპარტამენტის უფროსმა ტობიას ადრიანმა და სსფ - ის მონეტარული და კაპიტალის ბაზრების დეპარტამენტის განყოფილების უფროსმა ტომასო მანჩინი გრიფოლიმ მიიღეს.

"მსოფლიო ეტაპობრივად უბრუნდება პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას და გამოდის იმ ეკონომიკური კრიზისიდან, რომელიც კოვიდ პანდემიამ გამოიწვია. ამასთან, ჩვენ უნდა გადავხედოთ და გავაანალიზოთ თუ როგორ შეგვიძლია სამომავლოდ გავაუმჯობესოთ ეკონომიკის მდგრადობა. კრიზისმა დაგვანახა ციფრული ტექნოლოგიების მნიშვნელობა. სწორედ ციფრული ტექნოლოგიების ზრდა უსვამს ხაზს ცენტრალური ბანკის ვალუტის განახლების აუცილებლობას, ციფრული ეკონომიკის უკეთ მომსახურებისთვის და საჯარო პოლიტიკის ეფექტურობის გაუმჯობესებისთვის.

ამასთან, CBDC-ის დანერგვამ შესაძლოა გააუმჯობესოს ფინანსური შუამავლობის ეფექტიანობა, ხელი შეუწყოს ახალი ფინანსური ტექნოლოგიების დანერგვას, ფინანსურ ჩართულობას, გაზარდოს კონკურენცია საგადახდო პროვაიდერებს შორის, ასევე, გააუმჯობესოს ფინანსებთან წვდომა და გაზარდოს ფისკალური სისტემის ეფექტურობა“, - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა იმ რისკებზეც, რომელიც ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის დანერგვას თან ახლავს. კობა გვენეტაძემ მონაწილეებს ეროვნული ბანკის ინიციატივით ჩატარებული კვლევებისა და საჯარო კონსულტაციების შედეგად მიღებული დასკვნები გააცნო და სესიის დასასრულს მათ შეკითხვებს უპასუხა.