12.აგვისტო .2022 20:31

მსოფლიოს საუკეთესო აგროუნივერსისტეტ „ვაგენინგენის“ პროფესორები წალენჯიხას სამუშაო ვიზიტით ეწვევიან

მსოფლიოს საუკეთესო აგროუნივერსისტეტ „ვაგენინგენის“ პროფესორები წალენჯიხას სამუშაო ვიზიტით ეწვევიან
views 689
უკან

15 აგვისტოდან „ვაგენინგენის უნივერსიტეტისა და კვლევითი ინსტიტუტის“ ექსპერტები სამუშაო ვიზიტით წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ჩამოვლენ. კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები არსებული მდგომარეობის შესაფასებლად და „ვაგენინგენის უნივერსიტეტის“ უახლესი გამოცდილების გათვალისწინებით მომავალი განვითარების სამოქმედო გეგმას მოამზადებენ.

მამუკა ხაზარაძის მხარდაჭერით და EECMD-თან (აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი), წალენჯიხის მერის გია ხარჩილავას ჩართულობით და ჰოლანდიის „ვაგენინგენის უნივერსიტეტისა და კვლევითი ინსტიტუტის“ მჭიდრო თანამშრომლობით წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების, თანამედროვე სტანდარტების იმპლემენტაციის და ადგილობრივი მწარმოებლების ევროპულ ბაზარზე გასვლის ხელშეწყობის პროექტი დაიწყება. ფართო გამოცდილებიდან გამომდინარე, “ვაგენინგენის უნივერსიტეტის” ექსპერტები, წალენჯიხელებს, მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებასა და კონკრეტული სამოქმედო გეგმის მომზადებაში, ასევე ექსპორტის ხელშეწყობის თანამედროვე მეთოდოლოგიებზე ორიენტირებული ტექნოლოგიების დანერგვაში შეუწყობენ ხელს და დაეხმარებიან. სამუშაო ვიზიტი და სტრატეგიული განვითარების პროექტი მუნიციპალიტეტის, სახელმწიფო და კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით, პროცესის ინკლუზიურობისა და ჰოლანდიელი ექსპერტების გამოცდილების გაზიარებით განხორციელდება.

„ვაგენინგენის უნივერსიტეტი“ საუკეთესო საგანმანათლებლო დაწესებულებაა ნიდერლანდებში და ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული უნივერსიტეტი მსოფლიოში. “ვაგენინგენი” დასახელებულია, როგორც #1 უნივერსიტეტი და კვლევითი ინსტიტუტი სოფლის მეურნეობაში რეპუტაციის რეიტინგების მიხედვით. უნივერსიტეტს აქვს 100 წელზე მეტი ისტორია და ამჟამად დაწესებულებას ჰყავს 7000-ზე მეტი თანამშრომელი და 13 000 სტუდენტი მთელი მსოფლიოდან. “ვაგენინგენის უნივერსიტეტი” ნიდერლანდების სოფლის მეურნეობის სექტორის წარმატების მთავარი ბირთვია. ნიდერლანდები მსოფლიოში მეორე უმსხვილესი სოფლის მეურნეობის ექსპორტიორია აშშ-ს შემდეგ, დაახლოებით 100 მილიარდი ევროს პროდუქტების ექსპორტით.