24.იანვარი .2023 00:00

მსოფლიოს საუკეთესო CEO-ების რეიტინგი

მსოფლიოს საუკეთესო CEO-ების რეიტინგი
views 2219
უკან

აღმასრულებელი დირექტორი კომპანიის წარმატებასა თუ კრახზე პასუხისმგებელი პირველი პირია. სამეთვალყურეო საბჭოსა და აქციონერების წინაშე CEO-ს არაერთი ვალდებულება აქვს, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი კი შემოსავლების მდგრად ზრდასა და ბრენდის იმიჯზე ზრუნვაა.

ბრიტანული კვლევითი ორგანიზაცია Brand Finance მსოფლიოს საუკეთესო დირექტორების უახლეს რეიტინგს აქვეყნებს, რომელიც 100 მსხვილი კომპანიის 100 ხელმძღვანელს აფასებს.

კანდიდატების შეფასების პროცესში ანალიტიკოსებმა არაერთი საზომი ერთეული და ინდიკატორი გამოიყენეს, მათ შორისაა: საერთაშორისო აღიარება, რეპუტაცია, სტრატეგიული უნარები, ეთიკურობა, მართვის უნარები, კვარტალური შედეგები, თანამშრომლების შეფასება, ინკლუზიურობის ხელშეწყობა და სტაბილურობა.

ფინანსური შედეგებისა და მონაცემების გარდა, Brand Finance საკუთარ კვლევასაც დაეყრდნო, რომლის ფარგლებში მსოფლიოს მასშტაბით 1,000 მეწარმე, ეკონომისტი, ანალიტიკოსი და ჟურნალისტი გამოიკითხა. საერთო ჯამში, რეიტინგი ობიექტურ და სუბიექტურ ფაქტორებს აერთიანებს და კანდიდატებს საკონკურსო ქულას ანიჭებს - მაქსიმალური მაჩვენებელი კი, რა თქმა უნდა, 100-ია.


1. ჯენსენ ჰუანი | Nvidia – 83.0/100

მსოფლიოს საუკეთესო CEO-ების რეიტინგის სათავეში კომპიუტერული პროცესორებისა და ვიდეო ბარათების მწარმოებელი ამერიკული გიგანტის, Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორი ჯენსენ ჰუანია.

წარმოშობით ტაივანელი მეწარმე თავად Nvidia-ს თანადამფუძნებელია და ის კომპანიას 1993 წლიდან ხელმძღვანელობს. ჰუანის წინამძღოლობით Nvidia ბაზრის უმსხვილეს მოთამაშედ იქცა და 2021 წელს მისმა საბაზრო კაპიტალიზაციამ 820 მილიარდ დოლარს მიაღწია.

Brand Finance-ის შეფასებით, ჰუანს წვლილი არა მარტო Nvidia-ს ზრდაში, არამედ ზოგადად პერსონალური კომპიუტერებისა და გეიმინგ ინდუსტრიის განვითარებაშიც მიუძღვის. ამჟამად Nvidia-ს მიზანი ახალი მიმართულების - ხელოვნური ინტელექტის განვითარებაა და კომპანიას აქვს პრეტენზია, რომ მომავალში ამ ბაზრის უმსხვილეს მოთამაშედაც იქცეს.

ლიდერობის გამორჩეული უნარებისა და გასაოცარი მიღწევების დამსახურებით, ჯენსენ ჰუანმა 100-და 83.0 ქულა მიიღო.


2. მუკეშ ამბანი | Reliance Industries – 81.7/100

რეიტინგში მეორე ადგილს ინდოელი მილიარდერი მეწარმე, მუკეშ ამბანი იკავებს, რომელიც მულტიპროფილური ჰოლდინგის, Reliance Industries-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია.

ამბანის წინამძღოლობით კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ათ წელში 250 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, უშუალოდ ის კი უმდიდრესი ინდოელი მეწარმე გახდა.

მართალია, Forbes-ის რეიტინგში ამჟამად ამბანს გაუტამ ადანი უსწრებს, თუმცა $88-მილიარდიანი ქონებით ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მაინც მე-9 ადგილს იკავებს.

Brand Finance-ის სიაში წელს ამბანის რეიტინგი 8.8 ქულით გაიზარდა და 81.7-ქულიანი შეფასებით ამჟამად ის მეორე ადგილს იკავებს. ინდოელი CEO-ს დაწინაურება ინდუსტრიულ კომპანიაში მდგრადი, „მწვანე“ სტრატეგიის დანერგვითა და ინკლუზიური განვითარების ხელშეწყობითაა განპირობებული.


3. სატია ნადელა | Microsoft – 81.5/100

რეიტინგში მესამე ადგილს კომპანია Microsoft-ის აღმასრულებელი დირექტორი, სატია ნადელა იკავებს. 2014 წლიდან მოყოლებული ნადელა სილიკონის ველის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ CEO-დ ითვლება და ის თითქმის ყოველწლიურადაა რეიტინგის ტოპ სამეულში.

უშუალოდ მისი ხელმძღვანელობით Microsoft-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ რეკორდულ 2.6 ტრილიონ დოლარს მიაღწია.

მოკლევადიან პერიოდში ნადელას გამორჩეულ მიღწევებს შორისაა: Microsoft-ის მიერ 69 მილიარდ დოლარად Activision-Blizzard-ის შესყიდვა; OpenAI-ის მიერ შექმნილ ხელოვნურ ინტელექტში ინვესტირება და Microsoft-ის სერვისებში ChatGPT-ის ინტეგრირების სტრატეგიის დამტკიცება.

55 წლის აღმასრულებელ დირექტორს 81.5 ქულა აქვს და ის Brand Finance-ის რეიტინგში წარმოდგენილი ყველაზე მსხვილი კომპანიის ხელმძღვანელია.


4. შანტანუ ნარაიენი | Adobe – 80.4/100

გამორჩეული დირექტორების რეიტინგში 80.4 ქულით მეოთხე ადგილზეა კომპანია Adobe-ს CEO - შანტანუ ნარაიენი. მისი ხელმძღვანელობით კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ 330 მილიარდ დოლარს მიაღწია და ის კომპიუტერული სერვისების ბაზრის ერთ-ერთ უმსხვილეს მოთამაშედ იქცა.

აღსანიშნავია, რომ ნარაიენს განსაკუთრებით პოზიტიურად აფასებენ კომპანიის თანამშრომლები. მათი დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ მას სტრატეგიული აზროვნებისა და მომავლის განჭვრეტის გამორჩეული უნარები ახასიათებს.

გასულ წლის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გარიგება სწორედ Adobe-სთან იყო დაკავშირებული, რომელმაც ტექნოლოგიური პლატფორმა Figma 20 მილიარდ დოლარად შეიძინა.


5. სუნდარ პიჩაი | Google – 79.6/100

მეხუთე ადგილს Google-ის აღმასრულებელი დირექტორი, სუნდარ პიჩაი იკავებს, რომელსაც 79.6 სარეიტინგო ქულა აქვს.

მისი წინამძღოლობით კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 2 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა და ის ამჟამად მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიების რეიტინგში მეოთხე ადგილს იკავებს.

2015 წლიდან მოყოლებული, პიჩაი თითქმის მუდმივადაა საუკეთესო CEO-ების ტოპ ათეულში, რაც მისი გამორჩეული ლიდერული უნარებითაა განპირობებული.


6. პუნიტ რენჟენი | Deloitte – 78.7/100

საერთაშორისო რეიტინგში მეექვსეა აუდიტორიული და საკონსულტაციო კომპანიის, Deloitte-ის აღმასრულებელი დირექტორი, პუნიტ რენჟენი, რომელსაც 100-დან 78.7 ქულა აქვს.

მართალია, სიაში წარმოდგენილი სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, Deloitte საფონდო ბირჟაზე არ არის განთავსებული, თუმცა 2022 წელს კომპანიამ თითქმის $60 მილიარდის შემოსავლის მიღება შეძლო, რაც 19.6%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე.

თანამშრომლების შეფასებით, რენჟენს შესანიშნავად ესმის აუდიტორული ბიზნესის სპეციფიკა, რაზეც ფინანსური შედეგებიც მკაფიოდ მიუთითებს.


7. ფაბრიციო ფრედა | Estée Lauder – 78.4/100

Brand Finance-ის შეფასებით, საუკეთესო CEO-ების რეიტინგში მეშვიდე ადგილს კოსმეტიკური ინდუსტრიის გიგანტის, Estée Lauder-ის ხელმძღვანელი, ფაბრიციო ფრედა იმსახურებს, რომელსაც 78.4 ქულა აქვს.

65 წლის იტალიელი ბიზნესმენის ხელმძღვანელობით საფონდო ბირჟაზე კომპანიის შეფასებამ 135 მილიარდ დოლარს მიაღწია. გასულ წელს კი ჰოლდინგმა ახალი ბრენდი - Tom Ford-ი შეიძინა.


8. ნატარაჯან ჩანდრასეკარანი | Tata – 77.5/100

რეიტინგში მერვეა ინდური მრავალპროფილური ჰოლდინგის, Tata-ს აღმასრულებელი დირექტორი, ნატარაჯან ჩანდრასეკარანი, რომელმაც 100-დან 77.5 ქულა მოიპოვა.

ჰოლდინგის შვილობილი კომპანიების ჯამურმა საბაზრო კაპიტალიზაციამ გასულ წელს 320 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაშიც უდიდეს წვლილი კომპანიის CEO-ს გაფართოების სტრატეგიას მიუძღვის.


9. პიუშ გუპტა | DBS Bank – 76.9/100

უმსხვილესი სინგაპურული ბანკის, DBS-ის აღმასრულებელი დირექტორი, პიუშ გუპტა გლობალურ რეიტინგში მეცხრე ადგილს იკავებს.

DBS-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 70 მილიარდ დოლარს აღწევს და ის აზიის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი საფინანსო ინსტიტუტია, რაშიც დიდი წვლილი სწორედ პიუშ გუპტას სტრატეგიას მიუძღვის.


10. ჰუატენგ მა | Tencent – 76.9/100

საუკეთესო CEO-ების რეიტინგში მეათე ადგილს ჰუატენგ მა იკავებს, რომელიც უმსხვილესი ჩინური კომპანიის, Tencent-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია.

Tencent-ი სუპერ აპ WeChat-ს ფლობს, რომელიც აზიის რეგიონში ყველაზე პოპულარული სოციალური პლატფორმაა. გარდა ამისა, ჰოლდინგი მედია, საკომუნიკაციო და გეიმინგ ინდუსტრიებშიც აქტიურადაა წარმოდგენილი.

Forbes-ის შეფასებით, ჰუატენგ მას ქონება 41 მილიარდ დოლარს აღწევს, მისი ხელმძღვანელობით კი Tencent-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ 920 მილიარდ დოლარს მიაღწია.


Brand Finance-ის რეიტინგი ცხადყოფს, რომ საუკეთესო CEO-ების კატეგორიაში, ძირითადად, ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელები დომინირებენ. აგრეთვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საუკეთესო ათეულიდან 7 დირექტორი წარმოშობით ინდოელია.


"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.