მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოს TOP-10 ქვეყანა - რეიტინგი U.S. News & World Report-ის მიხედვით

5e2bfc4868c15
ირაკლი მაკალათია
25.01.20 13:40
8683
რეიტინგი შედგენილია U.S. News & World Report-ის მიხედვით. U.S. News & World Report - არის ამერიკული მედია კომპანია, რომელიც გარდა სიახლეებისა და ახალი ამბებისა, აქვეყნებს სხვადასხვა სახის რეიტინგებს და ანალიტიკებს. ახალი ამბების ჟურნალი დაფუძნდა 1933 წელს, ხოლო ინტერნეტ გამოცემაზე 2010 წლიდან გადავიდა და მისი მედია პლატფორმაც გაამრავალფეროვნა სხვადასხვა საზოგადოებრივი ინტერესის სფეროებით. U.S. News & World Report-ის პირველი ცნობილი რეიტინგი იყო "ვინ მართავს ამერიკას?" (1974-1986). გამოკითხვის შედეგებით დგებოდა აშშ-ის ყველაზე გავლენიანი ადამიანების რეიტინგები. U.S. News & World Report აქვეყნებს მრავალი სახის რეიტინგს: განათლების, ჯანდაცვის, საფინანსო და ტურისტული ნიშნით შერჩეულ მრავალი სახის რეიტინგს, უძრავი ქონების რეიტინგს, იურიდიული ფირმების რეიტინგს, საუკეთესო ავტომობილების რეიტინგს და, რა თქმა უნდა, საუკეთესო ქვეყნების რეიტინგს, რომელსაც მოცემულ სტატიაში განვიხილავთ.

რეიტინგი შედგენილია მსოფლიოს 73 ქვეყნის მიხედვით. 73 ქვეყნის შერჩევა მოხდა ტოპ 100 ყველაზე დიდი მშპ-ის (2017 წლის ბაზა), ტოპ 100 პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (2017), ტოპ 100 საერთაშორისო ტურიზმის (2017) და ტოპ 150 ადამიანის განვითარების ინდექსის (2017) მიხედვით. ჩვენი ინტერესიდან გამომდინარე, ამ რეიტინგში ვერ მოხვდა საქართველო. საუკეთესო ქვეყნების ინდექსი გამოთვლილია 9 სუბინდექსის მიხედვით, რომელთაც აქვთ მინიჭებული განსხვავებული წონები, ხოლო თავად ეს სუბინდექსები თავის მხრივ თემატურ ჯგუფებად არის წარმოდგენილი და მინიჭებული აქვს გამოკითვის შედეგებიდან მიღებული შესაბამისი ქულები. ეს სუბინდექსებია:

თავგადასავალი, მოგზაურობა, დასვენება (2%) - შედგენილია მეგობრობის, მხიარულების და სასიამოვნო გარემოს შესახებ სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგად;

მოქალაქეობა (15,88%) - ადამიანის უფლებების დაცულობა, გარემოზე ზრუნვა, გენდერული თანასწორობა, რელიგიური თავისუფლება, საკუთრების უფლების პატივისცემა, ნდობა, კარგად დაბალანსებული პოლიტიკური ძალები;

კულტურის გავლენა (12,96%) - კულტურული დასვენებისა და გართობის პირობები, მოდა, პრესტიჟლობა, ტრენდურობა, ბედნიერება, რამდენად განიცდის კულტურულ გავლენებს, თანამედროვეობა.
მეწარმეობა, მეწარმეობის უნარები (17,87%) - კავშირი საზღვარგარეთის ქვეყნებთან, განათლებული ადამიანები, სამეწარეო უნარები, ინოვაციურობა, კაპიტალზე მარტივი წვდომა, მაღალი უნარ-ჩვევები მქონე მუშა-ხელი, ტექნოლოგიების სპეციალისტები, გამჭირვალე ბიზნეს წესები, კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურა, კარგად შემუშავებული და ჩამოყალიბებული იურიდიული სტრუქტურა.

მემკვიდრეობა (1,13%) - საყოველთაოდ ხელმისაწვდომი კულტურა, მდიდარი ისტორია, მდიდარი სამზარეულო, კულტურული ღირშესანიშნაობები.

სწრაფად მზარდი ქვეყანა (14,36%) - ამ სუბინდექსის მნიშვნელობაში ითვალისწინებენ ქვეყნების სწრაფად მზარდ ეკონომიკას, რომელიც განსხვავებული, გამორჩეული, დინამიური და უნიკალურია სხვა ქვეყნებთან შედარებით.
ბიზნესის გახსნილობა (11,08%) - ბიუროკრატია, წარმოების დაბალი ხარჯები, კორუფცია, ხელსაყრელი საგადასახადო გარემო, მთავრობის გამჭირვალე მუშაობა.

ძალაუფლება (7,95%) - ლიდერობა, ეკონომიკურად გავლენიანი, პოლიტიკურად გავლენიანი, ძლიერი საერთაშორისო ალიანსები, ძლიერი სამხედრო ძალა.

ცხოვრების ხარისხი (16,77%) - ცხოვრების ხელმისაწვდომობა, განვითარებული შრომის ბაზარი ბაზარი, სტაბილური ეკონომიკური მდგომარეობა, მეგობრული ოჯახური მდგომარეობა, შემოსავლების განაწილების თანასწორობა, სტაბილური პოლიტიკური მდგომარეობა, უსაფრთხო გარემო, განვითარებული საჯარო განათლების და საჯარო ჯანდაცვის სისტემები.

საუკეთესო ქვეყნების რეიტინგთან ერთად გთავაზობთ, ამ ქვეყნების ადგილებს სუბინდექსების მიხედვითაც.

საუკეთესო ქვეყნები 2020, TOP 10 

1. შვეიცარია - 10 ქულა

ეს არის მსოფლიოს ერთ-ერთი მდიდარი ქვეყანა და ცნობილია მისი ნეიტრალიტეტით. 1848 წელს ახალი კონსტიტუციით შვეიცარიის კონფედერაცია იქცა ფედერალურ მთავრობად და მას შემდეგ, ქვეყანამ დაიწყო განვითარება. შვეიცარია გამორჩეულია განვითარებული ეკონომიკით, უმუშევრობის დაბალი დონით, მაღალ განვითარებული სერვისების მიწოდებით, რასაც იყენებს ფინანსური მომსახურებისა და ტექნოლოგიური წარმოების სფეროები. რაღა თქმა უნდა, შვეიცარია გამორჩეულია განვითარებული, გამჭვირვალე და დაცული საბანკო სექტორით. შვეიცარია არის ფედერალური რესპუბლიკა, რომელიც შედგება 26 კანტონისგან, ადმინისტრაციული დედაქალაქია ბერნი. მოსახლეობის უმეტესობა ცხოვრობს ქალაქის ტიპის დასახლებებსა და დიდ ქალაქებში, რომელთაგან უმსხვილესი არის ციურიხი (ქვეყნის ყველაზე კოსმოპოლიტური ქალაქი). ქვეყანა გამორჩეულია მრავალფეროვანი და თვითმყოფადი კულტურით. გერმანული, ფრანგული, იტალიური და რუმინული ენები სარგებლობენ ეროვნული ენების სტატუსით. ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, შვეიცარიის მოქალაქეებმა მოიპოვეს ყველაზე მეტი ნობელის პრემია და დაარეგისტრირეს ყველაზე მეტი პატენტი.

2. კანადა - 9.9 ქულა

კანადა იკავებს ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის, დაახლოებით, ორ მეხუთედს, რაც მას რუსეთის შემდეგ სიდიდით მეორე ქვეყნად აქცევს მსოფლიოში, თუმცა ქვეყნის უდიდესი ნაწილი არ არის დასახლებული, მოქალაქეების უმეტესობა ცხოვრობს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში აშშ-ს საზღვართან. ქვეყანა გახსნილია ემგირანტებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ეკონომიკის უდიდესი წილი მომსახურების სექტორზე მოდის, ქვეყანა ენერგო მატარებლების, საკვებისა და მინერალების მნიშვნელოვანი ექსპორტიორია. კანადა მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში დადასტურებული ნავთობის მარაგებით და მსოფლიოში მეხუთე უმსხვილესი მწარმოებელია.

3. იაპონია - 9.8 ქულა

იაპონია მოწინავე ქვეყანაა განათლებით და ტექნიკური განვითარების დონით. მიუხედავად იმისა, რომ იაპონიის უმეტესი ნაწილი მთებითა და ხშირი ტყით არის დაფარული, მოსახლეობა ქალაქის ცხოვრების წესით ცხოვრობს. ქვეყანა აერთიანებს ძველ ტრადიციებს და დასავლური განვითარების ცივილიზაციას. იაპონია მსოფლიოში სიდიდით მესამე ეკონომიკის მქონე ქვეყანაა. მიუხედავად 2011 წელს მომხდარი ბუნებრივი კატასტროფის, მიწისძვრისა და ცუნამისა, ქვეყანა კვლავ აგრძელებს განვითარებას, ის გამორჩეულია ავტომობილების, ელექტრონული მოწყობილობებისა და ფოლადის წარმოებით, ხოლო მომსახურების სექტორი ეკონომიკის ყველაზე მაღალ პროცენტს შეადგენს.

4. გერმანია - 9.7 ქულა

გერმანია მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, რომელსაც დიდი როლი უჭირავს საერთაშორისო საზოგადოებაში. გერმანია ასევე მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი იმპორტიორი და ექსპორტიორი ქვეყანაა. მომსახურების სექტორი მშპ-ის ყველაზე დიდ წილს შეადგენს, აქ მნიშვნელოვნად არის განვითარებულია ისეთი დარგები, როგორიცაა ტელეკომუნიკაცია, ჯანდაცვა და ტურიზმი, მომსახურების სფეროს გარდა განვითარებულია მრეწველობა და სოფლის მეურნეობა. გერმანია მსოფლიოში გამორჩეულია მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალის ბაზრით.

5. ავსტრალია - 9.5 ქულა

მართალია ტოპ ეკონომიკის მქონე ქვეყნებს ვერ შეედრება, თუმცა ავსტრალია ერთ-ერთი მდიდარი ქვეყანაა მშპ-ის ერთ მოსახლეზე გაანგარიშებით, ეკონომიკის ყველაზე დიდი წილი მომსახურების სექტორს უჭირავს და ქვეყანას აქვს დიდი საექსპორტო პოტენციალი. ავსტრალია არის რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე მრავალი ორგანიზაციის წევრი, მათ შორის: გაერო, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, აზია-წყნარი ოკეანეთის ეკონომიკური თანამშრომლობა, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია.

6. გაერთიანებული სამეფო - 9.3 ქულა

გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქი ლონდონი არის მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფინანსური ცენტრი და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ქალაქი. საბანკო და ტურიზმის სფეროებს მნიშვნელოვანი წილი უჭირავს ქვეყნის განვითარებაში. ინდუსტრიული რევოლუცია სწორედ გაერთიანებული სამეფოდან იწყება, ის საავტომობილო და კოსმოსური ინდუსტრიის ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა. გაერთიანებული სამეფო ასევე გამოირჩევა ქიმიური, ფარმაცევტული და ბიოტექნიკური ინდუსტრიით.

7. აშშ - 9.2 ქულა

ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიოში ყველაზე დომინანტი ეკონომიკური და სამხედრო ძალაა. მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობით აშშ-ის მსოფლიოში უდიდესი ეკონომიკა აქვს. იგი მდიდარია ბუნებრივი და მინერალური რესურსებით. აშშ ცნობილია საფონდო ბირჟის ინდექსებით: Dow Jones, Nasdaq, S & P 500. აშშ-ის დოლარი არის მსოფლიოში აღიარებული ვალუტა, რომელიც ყველაზე მეტად გამოიყენება საერთაშორისო ტრანზაქციებში და განიხილება ქვეყნების სარეზერვო ვალუტად. აშშ მსოფლიოს მოწინავე ქვეყანაა ექსპორტისა და იმპორტის მოცულობით. აშშ-ის წამყვანი როლი უჭირავს ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებში, როგორიცაა გაერო, ნატო და მსოფლიო ბანკი. მსოფლიოს ყურადღება მიმართულია 2020 წლის ნოემბერში გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებზე, ყველაზე აქტუალური საკითხია, გაიმარჯვებს თუ არა დონალდ ტრამპი მეორე ვადით და როგორი იქნება აშშ-ს სამომავლო კურსი გლობალურ სცენაზე.

8. შვედეთი - 8.9 ქულა

ქვეყნის ეკონომიკაში მომსახურების სექტორს ყველაზე დიდი დიდი წილი უჭირავს, ქვეყანა ორიენტირებულია საგარეო ვაჭრობაზე და მდიდარია მერქნის, ჰიდროენერგეტიკისა და რკინის საბადოებით. ქვეყანა მაღალ ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად, ლიდერია ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით და ასევე მას მიიჩნევენ მსოფლიოში ყველაზე გულუხვ ქვეყნად, რაც იმაში ვლინდება, რომ ყოველწლიურად ჰუმანიტარული დახმარების პროგრამაში მშპ-ს დაახლოებით 1%-ს ხარჯავენ. შვედეთი ნატოს პარტნიორი ქვეყანაა, ის ასევე არის გაეროს, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრი ქვეყანა.

9. ნიდერლანდები - 8.8 ქულა

მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყანა სოფლის მეურნეობის პროდუქციის უმსხვილესი ექსპორტიორია. ღია სავაჭრო ბაზარი და მნიშვნელოვანი სატრანსპორტო ადგილმდებარეობა ქვეყანას მნიშვნელოვან სავაჭრო შესაძლებლობებს უხნის. ექსპორტის და იმპორტის მოცულობით ნიდერლანდები მსოფლიო ქვეყნების ათეულში შედის. განვითარებულ საერთაშორისო ვაჭრობასთან ერთად ქვეყანა გამოირჩევა ეკონომიკური თავისუფლებისა და კონკურენტუნარიანი ეკონომიკური გარემოთი. ნიდერლანდები ასევე ინოვაციური ქვეყნების რეიტინგში მოწინავე პოზიციებზეა. ამსტერდამი არის ნიდერლანდების ფინანსური ცენტრი, სადაც მდებარეობს მსოფლიოს უძველესი საფონდო ბირჟა.

10. ნორვეგია - 8.8 ქულა

ნორვეგია ძირითადად მთიანი რელიეფისგან შედგება, თითქმის მთელი მოსახლეობა ცხოვრობს ქვეყნის სამხრეთით. ნორვეგია არის მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყანა, ძლიერი კერძო სექტორითა და მნიშვნელოვანი უსაფრთხოების ქსელით. 1960-იან წლებში ნავთობისა და გაზის საბადოების აღმოჩენამ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას დიდი სტიმული მისცა და დღეს ნორვეგია მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ექსპორტიორი ქვეყანაა. ქვეყანა ასევე მდიდარია სხვა ბუნებრივი რესურსებით: ხე-ტყე, ჰიდროენერგია, რკინის მადანი, თუთია, ტყვია. ნორვეგია უკვე წლებია მოწინავე ადგილს ინარჩუნებს გაეროს ადამიანის განვითარების ინდექსის რეიტინგში.