მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკა რეცესიის წინაშე - რას ფიქრობენ ინვესტორები?

6450c091b5b48
გიორგი არონია
02.05.23 12:36
2403
გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკისა და მაღალი ინფლაციის ფონზე, ამერიკის შეერთებული შტატები რეცესიაში შესვლის წინაშე დგას. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში აშშ-ის ეკონომიკა 1.1%-ით გაიზარდა, რაც საგრძნობლად ჩამორჩება ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელს და მომავალში, მსოფლიოს ნომერ პირველი ეკონომიკის მქონე ქვეყნის შესუსტებაზე მიგვანიშნებს.

ეკონომისტების 65%-ის გარდა, რომლებიც თანხმდებიან, რომ ამერიკის ეკონომიკა რეცესიაში შევა, ეკონომიკის შესუსტებას გრძნობენ თავად ამერიკელებიც. Gallup-ის ეკონომიკური თავდაჯერებულობის ინდექსი, რომელიც ეკონომიკის მიმართ მოქალაქეების განწყობას ზომავს, მინუს 38 ქულითაა შეფასებული. უკანასკნელად, მაჩვენებელი ასეთი დაბალი 2009 წელს იყო, როცა მსოფლიოში გლობალური ფინანსური კრიზისი სუფევდა. ზოგად ნეგატიურ განწყობას ადასტურებს ისიც, რომ მთავარ გამოწვევას შორის ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას ამერიკელთა მესამედი ასახელებს.

ზოგადი ნეგატივის ფონზე ინვესტორები ეძებენ გზებს, რომლითაც რეცესიას აჯობებენ. გამოსავალს შორის, უოლ-სტრიტი დაბალრისკიანი აქციები, სტაბილური იაპონური კომპანიების აქციებში და, რაც ყველაზე საინტერესოა, უორენ ბაფეტში ხედავენ. ინვესტორების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ სწორედ უორენ ბაფეტის საინვესტიციო ჰოლდინგი, Berkshire Hathaway-ი არის ის კომპანია, რომელიც რთულ დროს ბაზარს აჯობებს. ამ დასკვნამდე Bloomberg-ი მივიდა, რომელმაც 352 ფინანსისტი და ინვესტორი გამოჰკითხა. გამოკითხვის თანახმად, უორენ ბაფეტის წარმატების სჯერათ როგორც პროფესიონალ, ანუ ინსტიტუციურ ინვესტორებს, ასევე ინდივიდუალურ ინვესტორებს, თანაც ორივე შემთხვევაში საუბარია უმრავლესობაზე. გამოკითხულთა მესამედს ჰგონიათ, რომ Berkshire Hathaway-ი S&P 500-ის ინდექსის მსგავს შედეგს დადებს, ხოლო უმცირესობა პესიმისტურადაა განწყობილი. ამ მხრივ გამოსარჩევია სხვაობა, რომელსაც პროფესიონალ და ინდივიდუალურ ინვესტორებს შორის ვხვდებით, რადგან ინდივიდუალური ინვესტორები, ზოგადად, Berkshire-ს უფრო ოპტიმისტურად უყურებენ.

აჯობებს თუ არა უორენ ბაფეტი S&P 500-ის ინდექსს? - Bloomberg-ის კვლევა

აჯობებს S&P 500-ს:

ინსტიტუციური ინვესტორები: 53.2%
ინდივიდუალური ინვესტორები: 54.4%

S&P 500-ის მსგავს შედეგს დადებს:

ინსტიტუციური ინვესტორები: 33.3%
ინდივიდუალური ინვესტორები: 37.5%

ჩამორჩება S&P 500-ს:

ინსტიტუციური ინვესტორები: 13.4%
ინდივიდუალური ინვესტორები: 8.1%

მზარდი მონეტარული პოლიტიკის, მაღალი ინფლაციისა და პოტენციური რეცესიის ფონზე, შეიძლება გაგიჩნდეთ შეკითხვა, თუ სად უნდა დააბანდოს ადამიანმა ფული ასეთ რთულ დროს? ეს ის შეკითხვაა, რომელიც Bloomberg-მა გამოკითხულ ექსპერტებს დაუსვა. მათი უმრავლესობა, ანუ თითქმის 45% ფიქრობს, რომ დღეს, დაბალრისკიანი აქციების ყიდვის დროა. ეს, ცხადია, ფინანსურ რჩევად არ უნდა მიიღოთ, მაგრამ სიცხადისთვის გეტყვით, რომ დაბალრისკიანად, როგორც წესი, ისეთი კომპანიების აქციები ითვლება, რომლებიც საბაზისო პროდუქტებსა და სერვისებს აწარმოებენ: ელექტროენერგიას, წყალს, გაზს და პირადი მოხმარების ჰიგიენის პროდუქტებს. დღევანდელ გარემოში საინვესტიციოდ ყველაზე მიმზიდველ აქციებად ინვესტორები ზრდაზე ორიენტირებული აქციებს და ტექნოლოგიური კომპანიების აქციებს ასახელებენ, რაც უცნაური არ არის, რადგან ორივე ტიპის აქცია გრძელვადიან პერსპექტივაში ინვესტიციის მაქსიმიზაციას ისახავს მიზნად.

რა ვიყიდოთ დღეს? - Bloomberg-ის კვლევა

დაბალრისკიანი აქციები - 44.6%
ზრდაზე ორიენტირებული აქციები - 20.2%
ტექნოლოგიური აქციები - 16.5%
სხვა - 18.8%

თუმცა, მოდი კვლავ უორენ ბაფეტს და მის კომპანიას დავუბრუნდეთ, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $723 მილიარდს აჭარბებს და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში მე-6 ადგილს იკავებს. გამომდინარე იქიდან, რომ უორენ ბაფეტი კომპანიის 37.5%-ს ფლობს, გამორიცხული არ არის, კომპანიის აქციის ღირებულების დიდი ნაწილი სწორედ მისი პერსონით იყოს გამყარებული, როგორც ეს, მაგალითად, ილონ მასკისა და Tesla-ს შემთხვევაში ხდება. ამ მოსაზრებას Bloomberg-ის მიერ გამოკითხული ექსპერტების სრული უმრავლესობა იზიარებს, რომელთა უდიდესი ნაწილი ფიქრობს, რომ ეს გავლენა აქციის ფასის 5%-ზე მეტს არ შეადგენს. ამასთან, ყოველი ხუთი გამოკითხულ ფინანსისტიდან ერთი ფიქრობს, რომ უორენ ბაფეტის გავლენა აქციის ღირებულების 10%-ს აჭარბებს. გეტყვით იმასაც, რომ ადამიანები, რომლებიც უორენ ბაფეტის ეფექტს არ აღიარებენ, უმრავლესობაში არიან.

ასახავს თუ არა Berkshire Hathaway-ის აქციის ფასი ე.წ. “ბაფეტის” ეფექტს? - Bloomberg-ის კვლევა

კი, მაგრამ ის 5%-ზე ნაკლებია:

ინსტიტუციური ინვესტორები: 35.6%
ინდივიდუალური ინვესტორები: 27.9%

კი, ის 5-10%-ია:

ინსტიტუციური ინვესტორები: 27.8%
ინდივიდუალური ინვესტორები: 31.6%

კი, ის 10%-ზე მეტია:

ინსტიტუციური ინვესტორები: 20.4%
ინდივიდუალური ინვესტორები: 22.1%

არა:

ინსტიტუციური ინვესტორები: 16.2%
ინდივიდუალური ინვესტორები: 18.4%

აქვე უნდა ვახსენოთ იაპონიაც, რომელსაც ინვესტორები ამ რეცესიის დროს ერთ-ერთ ფინანსურ თავშესაფრად აღიქვამენ. ასე ფიქრობს უორენ ბაფეტიც, რომელიც ცოტა ხნის წინ იაპონიაში თავადაც იმყოფებოდა. მოსალოდნელია, რომ წელს, იაპონური კომპანიის აქციები საშუალოდ 5.8%-ით გაიზრდება, როცა ამავე პერიოდში, S&P 500-ის ინდექსის ზრდა 5.3% იქნება. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იაპონიაში გაცილებით უფრო სტაბილურ და რბილ მონეტარულ პოლიტიკას და დაბალ ინფლაციას ვხვდებით. თუმცა, ამ ყველაფერთან ერთად, აუცილებლად უნდა მიმოვიხილოთ კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ასევე Berkshire Hathaway-ს უკავშირდება. გასულ წელს, კომპანიის საცავებში 130 მილიარდი დოლარის ნაღდი ფული ჰქონდა, რაც საკმარისია S&P 500-ის ინდექსში შემავალი ძალიან ბევრი კომპანიის გამოსასყიდად. თუმცა, როგორც ჩანს, ამ ფულს ბაფეტი და მისი მენეჯერები ზემოხსენებული ინდექსის ზედმეტად მაღალი კაპიტალიზაციის გამო არ იყენებენ.

Bloomberg-ის კვლევა გამორჩეულია მისი კონტექსტის გათვალისწინებითაც, რადგან ამ კვირას Berkshire Hathaway-ის აქციონერთა კრება არის ჩანიშნული, რომელიც საინვესტიციო წრეებში “კაპიტალისტების ვუდსტოკის” სახელითაა ცნობილი. ამასთან, მიმდინარე კვირაში ამერიკის ფედერალური რეზერვის სხდომაცაა ჩანიშნული, რომელზეც, მოსალოდნელია, რომ უწყება მონეტარულ პოლიტიკას 25 საბაზო პუნქტით გაამკაცრებს, რაც აისახება არამხოლოდ ამერიკაზე, არამედ მთელ მსოფლიოზე, რადგან პლანეტის წამყვანი ვალუტის ტიტულს ჯერაც ამერიკული დოლარი ინარჩუნებს.


საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.