მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკები - რომელ ადგილზეა საქართველო?

63c3c7af0189a
ლიკა მეგუთნიშვილი
15.01.23 13:52
4053

2022 წელს მსოფლიოს მოსახლეობამ 8-მილიარდიან, ხოლო გლობალურმა ეკონომიკამ $100-ტრილიონიან ნიშნულს გადააჭარბა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, გლობალური ეკონომიკა $101.6 ტრილიონს უტოლდება, მისი ნახევარი კი ჯამში ხუთ წამყვან ეკონომიკაზე: ამერიკის შეერთებულ შტატებზე, ჩინეთზე, იაპონიაზე, გერმანიასა და ინდოეთზე მოდის.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებზე დაყრდნობით, იმ ქვეყნების რეიტინგს გთავაზობთ, რომელთა წილიც გლობალურ ეკონომიკაში ყველაზე მაღალია:

ამერიკის შეერთებული შტატები - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული, მდგრადი და ტექნოლოგიურად მძლავრი ეკონომიკაა. შეერთებული შტატების ეკონომიკა მსოფლიოს ქვეყნებს შორის ყველაზე დიდია და როგორც ჩანს, 2022 წელსაც პირველობა არავის დაუთმო. ქვეყნის ნომინალური მშპ $25,035 ტრილიონს შეადგენს. ერთ მოსახლეზე ნომინალური მშპ კი $75,180-ია. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი ქვეყანაში 1,6%-ით გაიზარდა, რაშიც წვლილი ეკონომიკის მომსახურების სექტორებს აქვს. ასევე: ფინანსურ, უძრავი ქონების, დაზღვევის, პროფესიულ, საკონსულტაციო და ჯანდაცვის ინდუსტრიებს. შეერთებული შტატების კომპანიები ტექნოლოგიურ სფეროშიც მოწინავე პოზიციებზე არიან.

სიდიდით მეორე ეკონომიკა მსოფლიოში ჩინეთს აქვს. 2022 წელს ქვეყანაში ნომინალურმა მშპ-მ $18,321 ტრილიონი შეადგინა. ერთ მოსახლეზე ნომინალური მშპ კი, $12,970 იყო, ხოლო ერთი წლის განმავლობაში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი ქვეყანაში 3.2%-ით გაიზარდა. ქვეყანას მსოფლიოში უდიდესი სავალუტო რეზერვები აქვს, ხოლო განხორციელებული ინვესტიციებითა და საგარეო ვაჭრობით მოწინავე პოზიციებს იკავებს.

რეიტინგში მესამე პოზიციას იაპონია იკავებს. 2022 წელს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი $4,300 ტრილიონი იყო. ხოლო ნომინალური მშპ ერთ მოსახლეზე აქ $34,358-ს შეადგენს. 2021 წელთან შედარებით, 2022 წელს იაპონიის მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი 1,7 %-ით გაიზარდა. ამომავალი მზის ქვეყანა ბაზარზე თანამედროვე ტექნოლოგიების მთავარ მიმწოდებლად და ინოვატორად ითვლება. იაპონიის ეკონომიკის სიძლიერე მისი ელექტრონული საქონლის ინდუსტრიიდან მოდის, რომელიც ყველაზე დიდია მსოფლიოში, მისი საავტომობილო ინდუსტრია კი, მსოფლიოში სიდიდით მესამეა.

ყველაზე მსხვილი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში მეოთხე ადგილზე გერმანიაა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი მძლავრი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, ხოლო ევროპაში მშპ-ის მოცულობით პირველ ადგილზეა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2022 წელს ქვეყნის ნომინალურმა მშპ-მ $4.031 ტრილიონი შეადგინა, ხოლო ერთ მოსახლეზე მშპ-ს ოდენობა $48,398 იყო. ქვეყანას ევროპაში ყველაზე მაღალგანვითარებული საბაზრო ეკონომიკა აქვს და ამასთანავე ყველაზე კვალიფიციური სამუშაო ძალა ჰყავს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, გერმანიის მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით 1,5%-ითაა გაზრდილი.

საინტერესოა, რომ 2022 წელს უმსხვილესი ეკონომიკების ხუთეულში გაერთიანებული სამეფო ინდოეთმა ჩაანაცვლა. გასული წლის მონაცემებით, ქვეყნის ნომინალურმა მშპ-მ $3,468 ტრილიონი შეადგინა, ხოლო მშპ ერთ მოსახლეზე $2,466 იყო. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, ინდოეთის მშპ 2022 წელს 6.8%-ით გაიზარდა. ინდოეთი ტექნოლოგიური სერვისებისა და ბიზნესის აუთსორსინგის მთავარი ექსპორტიორია. ქვეყნის მომსახურების სექტორი მსოფლიოში სწრაფად მზარდი სექტორია, რომელსაც ინდოეთის ეკონომიკაში უდიდესი წილი უკავია. მისი სამომხმარებლო ბაზარი კი, ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში.

რაც შეეხება გაერთიანებულ სამეფოს, 2021 წელთან შედარებით 2022 წელს იმ ქვეყნების რეიტინგში, რომლის წილი გლობალურ ეკონომიკაში ყველაზე მაღალია, ერთი საფეხურით უკან გადაინაცვლა და ამჯერად მეექვსე ადგილს დასჯერდა. 2022 წლის მონაცემებით, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი $3,198 ტრილიონია, ხოლო ერთ მოსახლეზე მშპ $47,318-ს შეადგენს. რაც შეეხება მშპ-ს ზრდის მაჩვენებელს, 2022 წელს მან 3.6% შეადგინა. გაერთიანებული Სსამეფოს ეკონომიკის სიძლიერეს დიდწილად ფინანსები, სადაზღვევო და ბიზნეს სექტორები განაპირობებს. მსოფლიოში 500 უმსხვილესი კომპანიის 26 სათავო ოფისი, სწორედ დიდ ბრიტანეთშია განლაგებული, ლონდონი კი მსოფლიოში სიდიდით მეორე ფინანსური ცენტრია.

სიდიდით მეშვიდე ეკონომიკა საფრანგეთს აქვს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2022 წელს ქვეყნის ნომინალური მშპ $2,778 ტრილიონი იყო, ხოლო მშპ ერთ მოსახლეზე - $42,330. 2022 წელს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 2,5 %-ით გაიზარდა. საფრანგეთი საბაზრო ეკონომიკაზე ორიენტირებული ქვეყანაა, რომლის ეკონომიკაში ყველაზე დიდი წილი ტურისტულ ინდუსტრიას უკავია. საფრანგეთი ხომ მსოფლიოს ნომერ პირველი ტურისტული მიმართულებაა.

მერვე ქვეყანა, რომლის წილი გლობალურ ეკონომიკაში ყველაზე მაღალია - კანადაა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2022 წლის მონაცემებით, ქვეყნის ნომინალური მშპ 3.3%-ით გაიზარდა და $2,200 ტრილიონი იყო, ერთ მოსახლეზე მშპ-ს წილი კი $56,794-ს შეადგენდა. კანადის მჭიდრო კავშირებმა შეერთებულ შტატებთან მისი ეკონომიკის მზარდი განვითარება განაპირობა. იგი ენერგეტიკის ზესახელმწიფოდ არის აღიარებული, შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკის მთავარი საყრდენი უხვი ბუნებრივი რესურსია.

რეიტინგში მეცხრე პოზიციას რუსეთი იკავებს. 2022 წელს ქვეყნის ნომინალური მშპ $2,133 ტრილიონი დოლარით განისაზღვრა. უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთი გასულ წელს იმ 10 ქვეყანას შორის, რომელთა წილიც გლობალურ ეკონომიკაში ყველაზე მაღალია - საერთოდ არ ხვდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ 2021 წელთან შედარებით, 2022 წელს რუსეთის მშპ 3.4%-ით შემცირდა, წლევანდელ რეიტინგში ქვეყანამ მეცხრე პოზიციის დაკავება მაინც შეძლო. ერთ მოსახლეზე მშპ-ს ოდენობა აქ $14,665-ს შეადგენს.

მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკის ქვეყნების ათეულს იტალია ხურავს. მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელთან შედარებით რეიტინგში მისი მდგომარეობა გაუარესდა და მერვე პოზიციიდან მე-10 ზე გადაინაცვლა, ის ევროზონის ეკონომიკაში კვლავ მესამე ადგილს იკავებს. 2022 წელს ქვეყნის ნომინალური მშპ $1,997 ტრილიონი იყო. ერთ მოსახლეზე მშპ-ს ოდენობამ კი - $33,740 შეადგინა. წლიურ ჭრილში ქვეყნის მშპ 3.2%-ით გაიზარდა. იტალიის ეკონომიკურ სიძლიერეს ექსპორტის მაღალი მაჩვენებელი განაპირობებს. ის მსოფლიოში მერვე უმსხვილესი ექსპორტიორია, ევროკავშირში კი საექსპორტო მაჩვენებლით მესამე პოზიციაზეა.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ IMF-ის მონაცემები ეყრდნობა ოქტომბრის მონაცემებს. ზემოხსენებულ პერიოდში კი რუსული რუბლი აშშ დოლართან მიმართებით მკვეთრად იყო გამყარებული, თუმცა ამჟამად ის თითქმის 10%-ითაა გაუფასურებული, შესაბამისად, რუსეთის მშპ-ის რეალური მოცულობა აშშ დოლარში ამჟამინდელი კურსით გაცილებით ნაკლებია, კერძოდ, დაახლოებით 210 მილიარდი დოლარით. აღნიშნული მოცემულობა საყურადღებოა იმის გამო, რომ ათეულის ბოლო სამი პოზიცია ვალუტის კურსის გამო პერიოდულად იცვლება ხუთ სახელმწიფოს შორის, ესენია: სამხრეთ კორეა, ბრაზილია, ავსტრალია, ირანი და რუსეთი.

რაც შეეხება საქართველოსა და რეგიონის ქვეყნების წილს გლობალურ ეკონომიკაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, ასე განისაზღვრა:

უმსხვილესი გლობალური ეკონომიკების რეიტინგში საქართველო $25.2 მილიარდიანი მშპ-ს მაჩვენებლით 112-ე პოზიციაზეა. საქართველოს მეზობელი სახელმწიფოებიდან ოცეულში $853.5 მილიარდით თურქეთი ხვდება. $70 მილიარდით აზერბაიჯანი 80-ე პოზიციაზეა, ხოლო $17.7 მილიარდიანი მშპ-ს მაჩვენებლით სომხეთი 125-ე ადგილს იკავებს.

2023 წელს მსოფლიო ეკონომიკური გაურკვევლობებით იწყებს. ექსპერტთა დიდი ნაწილი ხანმოკლე რეცესიის მოლოდინშია, თუმცა მოსაზრებები ხანმოკლე პერიოდის განმარტებასთან დაკავშირებით განსხვავებულია. ეკონომისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ჩინეთში ეკონომიკური ზრდის ვარდნის ტენდენცია შეჩერდება, პროგნოზის გამართლების შემთხვევაში კი, უახლოეს მომავალში ქვეყნის წილი გლობალურ ეკონომიკაში კიდევ უფრო გაიზრდება.